Friday, October 29, 2010

ჩატეხილი ხიდი.

ეს ის ხიდი არ არის, ილია რომ გულისხმობდა. გაცილებით ძველია და გაცილებით დიდი ხნის წინ ჩატყდა.

კაცობრიობის ინტელექტუალური ისტორია ორ პერიოდად იყოფა - რელიგიაში ინტეგრირებულ და რელიგიისგან გამოყოფილ პერიოდებად. იყო დრო, როდესაც მთელი  ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება - მეცნიერება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტიც კი - სრულად იყო ინტეგრირებული რელიგიურ კონცეპტში. სეკულარიზმი, როგორც პროცესი, პრაქტიკულად აღორძინების ეპოქაში დაიწყო და თანდათანობით მოიცვა კულტურული ყოფის სხვადასხვა სფეროები. დღეს რელიგია, მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთისგან გამიჯნულია. ცხადია, არის შეხების წერტილები, გადაკვეთები, მაგრამ მათემატიკას, ლიტერატურას თუ მუსიკას ნამდვილად აღარავინ მოიაზრებს რელიგიური მრწამსისა და მოძღვრების ნაწილად.

ქრისტიანულ სამყაროში და ბუნებრივია საქართველოშიც,  ის ინსტიტუცია, სადაც კონცენტრირებული გახლდათ საზოგადოების მთელი ინტელექტუალური რესურსი, იყო ეკლესია. განათლების მიღება ეკლესიის გარეთ პრინციპულად ირიცხებოდა.  მღვდელი სულაც არ გახლდათ მარტო რიტუალის აღმსრულებელი. ის ითავსებდა იმ ფუნქციებსაც, რაც დღეს აკისრია მეცნიერს, მასწავლებელს, მწერალს. მოკლედ, მღვდელი ძველი გაგებით და ინტელექტუალი თანამედროვე გაგებით პრაქტიკულად იდენტური ცნებებია.

სეკულარულმა პროცესებმა ინტელექტუალური ცხოვრება ეკლესიის გარეთ გაიტანა და ეს რელიგიური ინსტიტუტი აღმოჩნდა კონკურენტულ გარემოში. ინტელექტუალური ცხოვრების უფლება მისთვის არავის ჩამოურთმევია, მაგრამ ის უკვე აღარ არის მონოპოლისტი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტია მრავალთა შორის.




მაგრამ ეკლესიის სოციალური სტრუქტურა, მის ურთიერთობების საბაზო მოდელი საერო პირებთან პრაქტიკულად იგივეა, რაც ადრეულ შუა საუკუნეებში. ეს ეხება როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიას, ისე კათოლიკურს. ეს მოდელი ავტომატურად გულისხმობს, რომ სასულიერო პირის განათლებისა და ცოდნის დონე ბევრად აღემატება საერო პირების დონეს. ხანგრძლივი დროის მანძილზე ეს ასეც იყო, ოღონდ დღეს მღვდლობა თავისთავად სულაც არ ნიშნავს რაიმე ინტელექტუალურ უპირატესობას, არადა ურთიერთობის მოდელი უცვლელია.

წარმოვიდგინოთ  მოძღვარი, რომელსაც ჰყავს სულიერი შვილები, იბარებს მათგან აღსარებას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზეც ესაუბრება, მაგრამ არის ელემენტარულად უწიგნური, გაუნათლებელი და კატეხიზმოდან დაზეპირებული ციტატების გარდა პრაქტიკულად არც არაფერი იცის. ან თუნდაც უკეთესი ვარიანტი - მეტ-ნაკლებად განსწავლულია ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ბევრი არაფერი გაეგება არც ლიტერატურის, არც ხელოვნების და არც ფილოსოფიის. ამ დროს არის არაერთი საერო პირი, რომელიც ასეთ მოძღვარზე ბევრად განათლებულია, შეიძლება მავანნი თეოლოგიურ საკითხებშიც უკეთ ერკვეოდნენ.

მაგალითად.როდესაც ადამიანი სერიოზულად ამტკიცებს, რომ “ჰარი პოტერი“ არის სატანური წიგნი და შავი მაგიის სახელმძღვანელო, პირადად ჩემთვის აქ ორში ერთია: ეს ადამიანი ან იდიოტია ან ძალიან ცუდი ტიპი. ამ ეპიკური ზღაპრიდან სატანიზმის და ბოროტების ქადაგება რომ ამოიკითხო, ტვინის გამრუდების ექსტრემალურ
შემთხვევასთან უნდა გქონდეს საქმე, მაგრამ ხომ ბევრია ისეთიც, ვინც უბრალოდ იმიტომ არ ეკარება ამ წიგნს, რომ რომელიღაც ტვინგამრუდებულმა მოძღვარმა ასე უთხრა? ბუნებრივია, მეტ–ნაკლებად ნორმალურ და განათლებულ ადამიანს ასეთ მოძღვართან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ ექნება.

ჰოდა, ხიდზე მოგახსენებდით, ჩატეხილზე.

დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი შეხების წერტილი ქართველ ინტელექტუალებსა და სასულიერო პირებს შორის. ინტელექტუალი მღვდელი საქართველოში ისევე ძნელად საპოვნელია, როგორც შუა საუკუნეებში იყო ძნელად საპოვნელი ეკლესიისგან დამოუკიდებლად განათლებული ადამიანი. ერთი–ორი შესაძლოა არის, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის და სერიოზულ პრობლემას ჰქმნის  არა მარტო ეკლესიისთვის ან მორწმუნეებისთვის..




ის, რომ ინტელექტუალებსა და ეკლესიას შორის ხიდია ჩატეხილი და ჩვენთან არ არსებობენ სამღვდელოების წიაღში მოქმედი ინტელექტუალები, ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან არ არსებობს ინტელექტუალური კონსერვატიზმი, ანუ ტრადიციული ღირებულებებისა და ქცევის ნორმების ინტელექტუალური დასაბუთება. ამიტომ ცოტა კომიკურია, როცა ამერიკული ნეოკონსერვატიზმის ქართველი თაყვანისმცემლები
დასცინიან ქალიშვილობის ინსტიტუტს (ნეტა სარა პეილინმა თუ იცის ეს ამბავი?) და ქართულ სუფრას, ისევე როგორც არანაკლებ კომიკურია, როცა ამ ტრადიციების დამცველად პრორუსული ორიენტაციის  ტიპები გამოდიან. სულ მაინტერესებს ხოლმე, რუსეთში ან სუფრული ტრადიციები სად ნახეს, ან ქალიშვილების სიჭარბე სად შეამჩნიეს.

ინტელექტუალური კონსერვატიზმის არარსებობა კი ზოგადად ნაკლულს და არასრულს ხდის მთელ ქართულ ინტელექტუალურ ყოფას. კონსერვატიზმი ხაქართველოში მხოლოდ სუფრული სადღეგრძელოების  ან რუსული შავრაზმული ლიტერატურიდან ნასესხები კლიშეების დონეზეა არტიკულირებული, რაც იმთავითვე გამორიცხავს მის სერიოზულად აღქმას. აქედან გამომდინარე ხდება ტრადიციული ღირებულებების პირდაპირი გაიგივება ჩამორჩენილობასთან,  და რამდენადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ტრადიციულ ღირებულებებს აღიარებს, “ხალხი ბნელია“  უკვე  ქართული ინტელექტუალური ცხოვრების ერთგვარი პარადიგმად იქცევა. არადა ტრადიციონალისტი და გაუნათლებელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის სინონიმები. მოსახლეობის უმრავლესობა ყველგან კონსერვატორია, მაგრამ “ხალხის სიბნელე“ არცერთ დასავლელ თუ აღმოსავლელ ინტელექტუალისთვის არ არის საბაზისო აქსიომა.

თუკი ქართულ ინტელექტუალურ ყოფას რაიმე აკლია, ესაა სწორედ კონსერვატიული და არა ლიბერალური დისკურსი. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კონსერვატიული დისკურსი არ არსებობს, ლიბერალური დისკურსიც ვერ ყალიბდება. ლიბერალობა ისევეა  გაიგივებული ზოგადად ინტელექტუალიზმთან, როგორც კონსერვატიულობა ჩამორჩენილობასთან, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ასე რომ იყოს, გაბრიელ მარსელი, რომანო გვარდინი, აბულ–კალამ აზადი, არნოლდ ტოინბი თუ ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი გაუნათლებელ ბნელებად უნდა ჩავთვალოთ.

ხიდი რა შუაშიაო, იკითხავს ვიღაც. იმ შუაშია, რომ ინტელექტუალური კონსერვატიზმი მთელ მსოფლიოში ეფუძნება რელიგიას და რელიგიური ინსტიტუტების წიაღში იწარმოება. კათოლიკურ უნივერსიტეტებსა და იეზუიტთა კოლეჯებზე რომ არაფერი ვთქვა, მართლმადიდებლურ სამყაროშიც, კერძოდ რუსეთში, შავრაზმულ–იმპერიალისტურის გარდა არის კონსერვატიზმის ძალიან სერიოზული ინტელექტუალური ტრადიცია, რომელიც მოდის სლავიანოფილების, განსაკუთრებით კი ვლადიმირ სოლოვიოვის ფილოსოფიური მემკვიდრეობიდან. ეს ტრადიცია, რომლის საილუსტრაციოდ მარტო ცნობილი კრებული  вехи–ს გადაკითხვაც საკმარისია, ისეთ მსოფლიო რანგის ინტელექტუალებს ითვლის, როგორებიც არიან: ნიკოლაი ბერდიაევი, სემიონ ფრანკი, პაველ ფლორენსკი, პიტირიმ სოროკინი, სერგეი ავერინცევი და ბევრი სხვა. ახლაც რუსული ეკლესიის სივრცეში არაერთი ინტელექტუალია, რომელიც მეცნიერთა და ხელოვანთა წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.




არაფერი ამის მსგავსი  საქართველოში არ გვაქვს და არც გვექნება, სანამ თავად ეკლესიაში არ მოხდება ამ საკითხისადმი სერიოზული მიდგომა. ხომ სრულიად ელემენტარული განათლებაა საჭირო, რათა ადამიანმა არ თქვას იმისთანა სისულელე, როგორიცაა “შარვლიანი დედაკაცი სძაგს უფალსა“ ან რაღაც ამის მსგავსი? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია ისეთი დონის დებატები, როგორიც შედგა თავის დროზე ცნობილ ფილოსოფოს ბერტრან რასელსა და იეზუიტ მოძღვარ ფრედერიკ კოპლსტონს შორის.

როგორ უნდა მოხერხდეს ეს, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ამისთვის ეკლესიის წიაღშივე უნდა დაიწყოს რაღაც პროცესები. ცალკე თემაა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც დღეს უბრალოდ არაადექვატურია და ერთი ხელით ეკლესიაზე დარტყმების, მეორე ხელით კი მისი მოსყიდვის მცდელობებში გამოიხატება, რაც არანაირად არ უწყობს ხელს ჯანსაღი პროცესების დაწყებას, მაგრამ აქ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის მთავარი. მთავარია ამ თემაზე ქართულ ინტელექტუალურ საზოგადოებაშიც დაიწყოს მსჯელობა და ბოლოს და ბოლოს მოხდეს იმ ელემენტარული ბანალობის გაცნობიერება, რომ კონსერვატიზმი ყოველთვის არ უდრის სიბნელეს.


P. S. ცოტა რომ გავხალისდეთ, კაი კონსერვატიული როკით დავამთავროთ :))





8 comments:

  1. დათო - ძაან მაგარია! დავაშეარებ!

    ReplyDelete
  2. ბატონო დავით, აქედან მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ – ძირფესვიანადაა შესაცვლელი და განსაახლებელი საეკლესიო განათლების სისტემა. აღსადგენია ის, რაც კარგა ხნის დაკარგულია და შემოსაღები ის, რასაც უიმედოდ ჩამოვრჩით. ერთადერთი კითხვა – ვინ შეაბამს კატას ეჟვანს?:)

    ReplyDelete
  3. გამოსავალი უდავოდ ინსტიტუციურ განათლებაშია. მაგრამ, როგორც ასეთი, ეს დღეს ეკლესიის წიაღში არ არსებობს. ამიტომ, გამოსავალს ვხედავ საერო უნივერსიტეტების გააქტიურებაში თეოლოგიური მეცნიერების შესწავლისათვის. პრიორიტეტად უნდა გამოიკვეთოს არა იმდენად სასულიერო კადრების (და არა მარტო კანდიდატების)განათლებისათვის ზრუნვა არამედ მომავალი თაობის სწორი რელიგიური განათლებით აღზრდა, რასაც საერო უნივერსიტეტებში თეოლოგიური დისიპლინების დაარსება შეუწყობს ხელს. თეოლოგიური მეცნიერებების ასეთი ტრანსფორმირება სასულიეროდან საეროსკენ შესაძლებელია სეკულარული იდეოლოგიის ნაწილადაც მივიჩნიოთ, იმ ხარისხით განვითარების რა ფაზაშიდაც იმყოფება დღეს ქვეყანა.

    ReplyDelete
  4. ანონიმს ვეთანხმები, საერო უნივერსიტეტები უნდა გააქტიურდნენ. ერთ-ერთ გზად მეჩვენება, სანამ ეკლესიაში გადაწყვეტენ რამე სასიკეთოს ამ კუთხით. მაგრამ უნივერსიტეტის გააქტიურებაც მეეჭვება დღეს. ვის ჭირდება დამოუკიდებლად მოაზროვნე ინტელექტუალი?
    შეიძლება ილიას უნივერსიტეტშიც ასწავლიან თეოლოგიურ დისციპლინებს და თსუ-შიც, მაგრამ მათი სიჩუმე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში კარგს არაფერს მეუბნება.

    ReplyDelete
  5. ukve didi xania vambob, rom rus modzgvrebisgan mets vigeb tko da MCXVENIA amis agiareba. batono Dato, axla mivxvdi ratomac.... evropashi kvela MGVDELS universitetis theologiuri fakulteti akvs damtavrebuli da ik imis garda, rom "sharvliani kalebi gmets ar vukvarvart" bevr sxva ramesac ascavlian...

    ReplyDelete
  6. b-no daTo, swored rom konservatiuli diskursis ararseboba iwvevs qarTuli sazogadoebis liberaluri nawilis radikalizacias. romeli inteleqtualuri argumenti gardda qilikisa SeiZleba daupirispiro iseT gancxadebas, rom indikatoriani tefalis tafa – satanuria, an imas, rom sarecxi saSualeba@”arielis” xmareba pirdapiri gzaa jojoxeTisaken (daviT isakaZis mrevlisgan maqvs mosmenili).

    ReplyDelete
  7. miuxedavad imisa,rom es aris erti konkretuli adamianis shexeduleba ,dzalian axlosaa mgoni obieqtur realobastan da titqos chemi saqtmeli qtvit.....es sistemuri problebaa ....

    ReplyDelete
  8. სამაგიეროდ, ე. წ. თეოლოგები წარმოადგენენ იმ რადიკალ- ლიბერალურ ფრთას რომელიც დასცინის და ამასხარავებს ეკლესიას, ხოლო მისი "მრევლი", ყოველთვის რატომღაც ურწმუნოა... ნუთუ არ შეიძლება მოყვრის პოზიციიდან ვილაპარაკოთ პრობლემაზე და არა უღმერთოთა პოზიციიდან? დღეს, ევროპულად განათლებული თეოლოგი, ათეისტის სინონიმია..

    ReplyDelete