Friday, November 12, 2010

რადიკალური რეფორმების აუტანელი სიმსუბუქე

What I tell you three times is true.
ლუის კეროლი


ეფორმატორის სახელი ერქვას ყველა როდია ღირსი! საქართველოში რომ ეს საპატიო წოდება დაიმსახურო, საკმაოდ სპეციფიური ქმედებები უნდა განახორციელო, ოღონდ სულ არაა აუცილებელი რამე ჭკვიანური ან სასარგებლო გააკეთო.


კარგი, მკვეთრი, მტკივნეული

არ ვიცი როგორ მოხდა და რანაირად, ეტყობა თავის დროზე რაღაც პროცესებს არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმებსა და რეფორმატორების შესახებ კლიშე-სტეროტიპთა მთელი წყებაა დამკვიდრებული. რაც მთავარია ეს კლიშეები ქართული საზოგადოების შედარებით განათლებულ და ლიბერალურ ნაწილშია გავრცელებული, როგორც ვეტერანებს, ისე ახალგაზრდებს შორის.

რეალურად რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებას ნიშნავს, რაღაცის გარდაქმნას და გადაკეთებას. ამიტომ თითქოს სრული აბსურდია ნებისმიერი ცვლილება იმთავითვე დადებით მოვლენად შევაფასოთ, მაგრამ პირველი და მთავარი კლიშე სწორედ ისაა, რომ ჩვენთან ამ ცნებას შეფასებითი დატვირთვა აქვს: როცა ამბობენ სიტყვა „რეფორმას“, აუცილებლად იგულისხმება რაღაც კარგი. აქედან გამომდინარე, „რადიკალური რეფორმები“ ნიშნავს „რადიკალურად კარგს“ , ანუ რეფორმა რაც უფრო რადიკალურია, მით უფრო კარგია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი, რაც რეფორმებთან მიმართებაში არსებობს, არის სრულიად მცდარი თეზისი, რომ რეფორმები მტკივნეული პროცესია. მაშასადამე რეფორმა რაც უფრო რადიკალურია, მით უფრო მტკივნეულია და რამდენადაც რეფორმა რაც უფრო რადიკალურია, მით უფრო კარგია, გამოდის, რომ რაც უფრო მტკივნეულია რეფორმა, მით უფრო კარგია. სხვანაირად რომ ვთქვათ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ამა თუ იმ რეფორმით უკმაყოფილო, რაც უფრო ფართო სოციალურ ფენებსა და ინტერესთა ჯგუფებს მოიცავს ეს უკმაყოფილება, მით უფრო სასიკეთოდ და სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს თავად რეფორმა.

უკვე აშკარაა, რომ ამ ლოგიკით რაღაც აბსურდამდე მივდივართ, მაგრამ ჯერ სადა ხართ!

ენა, სიხშირე, სარწმუნოობა

დავსვათ ერთი მარტივი კითხვა, რის საფუძველზე ხდება იმის განსაზღვრა, თუ რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს რეფორმად?

საქმეც ისაა, რომ არანაირი კრიტერიუმი აქ არ არსებობს გარდა იმისა, რომ გარკვეული ქმედება ან პროცესი გამოცხადებულია რეფორმად და ამას ხშირ-ხშირად იმეორებენ. ასევე, რეფორმატორის იმიჯის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ე. წ. „პროექტების ენას“. იგულისხმება ის საოცრად მშრალი და არაფრისმთქმელი ფრაზების კომბინაცია, რომელიც დამკვიდრდა საგრანტო განაცხადებში და დროთა განმავლობაში ერთგვარ „ენჯეოშნიკური“ იდენტობის ნიშნად ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით არასამთავრობო სექტორიდან წასულმა სახელისუფლებო კადრებმა „პროექტების ენაც“ თან წაიყოლეს და როცა ამ ენაზე ხდებოდა ხელისუფლების „რეფორმატორული“ ქმედებების აღწერა, ეს უკვე თავისთავად ჰქმნიდა კონტრასტს შევარდნაძის ეპოქის ნომენკლატურასთან და ამ ქმედებებისთვის პროგრესულობის აურას უზრუნველყოფდა. მართლაცდა ხომ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, კახა ლომაიას განეცხადებინა: ფაკულტეტების გამსხვილება (მეტად სულელური წამოწყება, რომელიც შესაშური გულმოდგინებით განახორციელეს) იმიტომაა საჭირო, რომ „სულმნათი ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ დედა-უნივერსიტეტში“ ასე იყოო. ეს ხომ მაშინვე რეაქციულ იდეად იქნებოდა აღქმული. ამის ნაცვლად მინისტრი ლაპარაკობდა ბოლონიის პროცესსა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციაზე. მერე რა, რომ არც ბოლონიის პროცესი და არც ევროპაში ინტეგრაცია გამსხვილების იდეასთან არანაირ კავშირში არ იყო, სამაგიეროდ ქართველი ლიბერალის ყურს საამოდ ელამუნებოდა


რაც მთავარია, ეს ყველაფერი სისტემატურად მეორდებოდა არა მარტო განათლების მინისტრის, არამედ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გამოსვლებშიც და იმდენჯერ გაიმეორეს, რომ მგონი თვითონაც დაიჯერეს საკუთარი რეფორმატორობა.

ასე რომ, ლუის კეროლის პერსონაჟის პარადოქსული თეზისი: „სიმართლე ისაა, რასაც სამჯერ გეტყვი“, არც ისე პარადოქსულია. ყველა სტრუქტურული, ინსტიტუციონალური თუ სხვა რამ ტიპის ცვლილება ჩვენთან რეფორმად როდი ითვლება. იგივე განათლების სამინისტროში ლომაიას დროს რომ აპირებდნენ სპეცსკოლების გახსნას, სადაც უდისციპლინო ბავშვები უნდა გაემწესებინათ - ეს რეფორმა იყო, მაგრამ შაშკინი რომ აპირებს ახლა იგივეს, ეს რეფორმა აღარ არის. მიზეზი მარტივია: ლომაია სულ რეფორმებზე ლაპარაკობდა, შაშკინი კი ამ სიტყვას იშვიათად ხმარობს.

უკმაყოფილება, როგორც საზომი ერთეული


განათლების რეფორმის მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ ესაა ლამის ქრესტომათიული ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება სრულიად გაუაზრებელი, მცდარი და რიგ შემთხვევაში უბრალოდ ახირებული ქმედებები წარმატებით გაასაღო სერიოზულ რეფორმად.

თუმცა, მარტო ერთი და იგივეს მრავალჯერადი გამეორება და „პროექტების ენა“ ამ რეფორმის პროგრესულობის იმიჯისთვის საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა რეფორმის მტკივნეულობის დემონსტრირება.

ლომაიას რეფორმით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრი. საერთოდ, როცა რაიმე სფეროში რეფორმა ტარდება, მისი ავ-კარგის შესაფასებლად იმ ადამიანების აზრი, ვისაც ეს რეფორმა უშუალოდ ეხება, რაღაც დონეზე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. უკმაყოფილოთა რაოდენობა არის მტკივნეულობის ინდიკატორი. რახან უკმაყოფილო ძალიან ბევრი იყო, მაშასადამე რეფორმა ძალიან მტკივნეული გახლდათ, შესაბამისად ძალიან რადიკალური და, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი!

მოკლედ პასკალის სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: რეფორმა საკამათოა, ტკივილი კი ადვილად საგრძნობი, ამიტომ რახან ვერ შეძლეს რეალური რეფორმა გაეტარებინათ, რაც მტკივნული იყო, ის გამოაცხადეს რეფორმად.

მტკივნეულობას კიდევ ერთი მუღამი აქვს: რაკი არიან უკმაყოფილოები, მაშასადამე არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ თავს ამ რეფორმის შედეგად ჩამოცილებულ უკმაყოფილოთა ადგილას მოიაზრებს. ეს ხალხი ბუნებრივად ხდება რეფორმის მხარდამჭერი და სულ არ ანაღვლებს მისი შინაარსი. რეფორმა მათთვის უკვე საკუთარი წარმატების წინაპირობად აღიქმება.

ზემოთ აღწერილ სქემაში ჯდება არა მარტო განათლების რეფორმა, არამედ აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც სახელისუფლო პროპაგანდამ რეფორმად მონათლა. არსად არ მომხდარა მიმდინარე პროცესების ანალიზი, კონკრეტული ინიციატივების რაციონალური განსჯა. ამის მცირეოდენი მცდელობებიც კი სრულიად იგნორირებული იყო. საბოლოო ჯამში ყველაფერი დაიყვანებოდა რეფორმატორთა და რეაქციონერთა, ანუ პროგრესის მომხრეთა და არსებულის შენარჩუნების მოსურნეთა ესქატოლოგიურ ჭიდილამდე. მართლაც, თუკი რეფორმა თავისთავად კარგი რამაა, ვინც რეფორმას ეწინააღმდეგება, ის ავტომატურად ინაცვლებს რეტროგრადთა სიაში.


აი, ასე მარტივად წყდება საკითხი. რეფორმებისადმი ეს კლიშირებული, კვაზიდოქტრინული და აუტანლად მსუბუქი მიდგომა დიდწილად განაპირობებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიაც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მათაც კი, ვინც ხუთი წლის წინ ალალად ფიქრობდა, სერიოზულ რეფორმებს ვატარებთ და საქმე კარგად მიდისო, არა მგონია ახლანდელი სიტუაცია აღაფრთოვანებდეს. თუმცა, რას ნუ მოვთხოვთ მათ და იმის გაცნობიერებას, რომ იმთავითვე შემცდარნი იყვნენ. სხვაზე რა უნდა ვთქვა, როცა არაერთი ინტელექტუალი ლიბერალი, განსაკუთრებით საშუალოზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, დღემდე ვერ გარკვეულან ამ კლიშეების აჯაფსანდალში და ათი ათასი ინგლისურენოვანი ყივჩაღის ჩამოყვანის ყოვლად იდიოტური იდეაც რაღაც რეფორმატორული ნაბიჯი ჰგონიათ. ეგონებათ აბა რა! ეს ხომ რადიკალური და მტკივნეულია, ანუ მკვეთრი ხასიათის ნოვაციაა, რომელიც ნეგატიურ რეაქციას იწვევს საზოგადოების ძალიან ფართო ფენებში.

როცა გასაფუჭებელი კიდევ ბევრია

არასამთავრობო სექტორიდან გამოსულ ხელისუფალთა და მათ გარშემო შემოკრებილი ე. წ. პროსახელისუფლებო ლიბერალების გუნდი, კარგა ხანია ცდილობს დაამკვიდროს ერთი კონცეპტუალური კლიშე: თითქოს ეს ხელისუფლება ატარებდა რადიკალურ (ანუ მტკივნეულ) რეფორმებს, ამან გამოიწვია მტკივნეული (ანუ კარგი) რეფორმებით უკმაყოფილო, ჩამორჩენილი და რეაქციული საზოგადოების კონსოლიდაცია და სწორედ ეს საზოგადოება მონაწილეობდა 2007-2008 წლების ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებში. სააკაშვილი გამოსვლების მასშტაბებმა დააფრთხო, რადიკალური რეფორმები შეაჩერა, უკმაყოფილების ჩასაცხრობად პოპულისტურ ქმედებებში გადავარდა და მას შემდეგ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს - ხან რეფორმატორულ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ხან პოპულისტურს.

ეს მოსაზრება ფაქტებთან რომ ერთობ მწყრალადაა, ამის შესამჩნევად სულაც არაა საჭირო დიდი მოაზროვნე იყო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრი ლიბერალურად განწყობილი მოქალაქე ისევე წამოეგო ამგვარ დემაგოგიაზე, როგორც ადრე ხელისუფლების რეფორმატორობა დაიჯერა. უფრო ზუსტად, თავის დროზე ხელისუფლების რეფორმატორობა რომ დაიჯერა, ამგვარ დემაგოგიაზეც იმიტომ წამოეგო.

და წამოეგო იმიტომ, რომ რაციონალური განსჯის ნაცვლად სრულიად უპასუხისმგებლო სიმსუბუქით აჰყვნენ რეფორმატორულ კლიშე-სტერეოტიპებს. ამიტომაცაა, რომ როგორც კი ამ ხალხს დაკონკრეტებას მოთხოვ: მითხარით ერთი, ამისთანა რა რადიკალურ რეფორმებს ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლებაო, პრაქტიკულად ვერ გპასუხობენ. ის კი ესმით, რომ გზის დაგება, ავტოინსპექციის პატრულით შეცვლა, ფირმის რეგისტრაციისა და პასპორტის აღების პროცედურების გამარტივება ვერ გამოდგება სასამართლოს დაჩმორების, ბიზნესის რეკეტისა და მასმედიის თავისუფლების შეზღუდვის საპირწონედ. არადა სხვას ვერც ვერაფერს ამბობენ. ბოლო დრომდე ერთი განათლების რეფორმა ყოფნიდათ გამოსარჩლებად, მაგრამ რეფორმის შედეგები იმდენად სავალალოა, რომ ძნელია რამის გამართლებად გამოდგეს. ამას შაშკინის კონტრრევოლუციონერად გამოცხადებაც არ შველის, რომელიც განათლების სფეროს ისევე მართავს, როგორც ციხე-საპყრობილეებს. ბოლო-ბოლო ლომაია არ იძახდა, პოლიცია სკოლის ხშირი სტუმარი უნდა იყოსო და ვანო მერაბიშვილი არ იყო მასწავლებლებს შსს-თან თანამშრომლობის შესავსებ ბლანკებს რომ უგზავნიდა? ჰოდა რას ერჩით შაშკინს? სხვას კი არაფერს აკეთებს ესეც.


ამგვარი ვითარების მიზეზი მხოლოდ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა არ არის. სანამ სწორედ ინტელექტუალთა წრეში ერთხელ და სამუდამოდ არ დამკვიდრდება ის ბანალური აზრი, რომ რეფორმა თავისთავად არ შეიძლება იყოს არც კეთილი და არც ბოროტი, რომ ნებისმიერი რეფორმის ავ-კარგი მისი შინაარსის გაანალიზებით, კონკრეტულ ქმედებათა ეფექტიანობისა და მიზნებთან შესაბამისობის მაჩვენებლებით უნდა შეფასდეს, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. ლიბერალურ რიტორიკაში შეფუთული კიდევ ბევრ სისულელეს მიეცემა მწვანე გზა და რადიკალური რეფორმების აუტანელი სიმსუბუქე კიდევ ბევრჯერ მოგვიბრუნდება მძიმედ. ეს ხალხი იგივე განათლების რეფორმასაც ასე მსუბუქად რომ არ მიდგომოდა თავის დროზე, დღეს შეიძლება სრულიად სხვა სიტუაცია ყოფილიყო არა მარტო განათლების სფეროში, არამედ მთელ ქვეყანაში.

არადა ჯერაც არ არის გვიან. გასაფუჭებელი კიდევ ბევრია...



No comments:

Post a Comment