Monday, November 15, 2010

ვიღაც მესამე, ანუ მანდატური

(პატარა მიშისტური უტოპიასავით)


გაივლის წლები და მთაწმინდის პლატოზე ეშმაკის ბორბალივით გაბრწყინებულ საქართველოში, პოლიციის პოლკოვნიკი ჯონ-მალხაზ ვან დერ საარი მშობლიურ სკოლაში სტუმრობისას იმ ამაღელვებელ წუთებს გაიხსენებს, როცა მამამისმა, იმიგრანტმა ბურმა ფერმერმა, პირველკლასელ ბავშვს ფორმიან ბიძიაზე მიუთითა და ტრანსვაალური აქცენტით ინგლისურად წასჩურჩულა: „დაიხსომე შვილო, კლასიდან მოსაფსმელად რომ მოგინდება გასვლა და თან გამოგყვება, აეგაა მანდატური.“

მაგრამ პოლკოვნიკს ცხადია არავინ ეტყვის, თუ რა შრომის ფასად იქნა მიღწეული მისი ბედნიერი ბავშვობა. მეტალოდეტექტორებითა და ვიდეოთვალებით გაძეძგილ სკოლის დერეფნებში, სადაც მუდამ წესრიგი სუფევს და თინეიჯერთა მამლაყინწური ძიძგილაობა მხოლოდ გარდასულ დროთა ავ მოგონებადაა შემორჩენილი, არავის ახსენდება ძნელი წარსული. თუმცა ის მათთვისაა წარსული, ჩვენთვის კი უღრუბლო მომავლის მშობელი აწმყოა და დღეს ჩვენი თვალით ვხედავთ თუ რამდენ ლანძღვას, დამცირებას და დაცინვას იტანენ ეს ფორმიანი აღმზრდელები. დიახ, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს მომავალი თაობებისთვის, არის ასეთი ხალხი - მანდატურთმაგინებლები. ისინი ძირითადად დედაქალაქის ცენტრში ცხოვრობენ და რატომღაც სულ იმას ცდილობენ, ეს ქვეყანა ქურდების და ბანდიტების საჯიჯგნად აქციონ.


პოლკოვნიკს ამას არავინ ეტყვის და არც არავინ მისწერს, რადგან ეს უკვე ჩარეცხილი წარსული იქნება, საბჭოთა სიმბოლიკასავით უკვალოდ წაშლილი და გამქრალი, მაგრამ მანამდე დიდი გზაა. მანდატურის ინსტიტუტი, ეს სრულიად უნიკალური ნოვაცია, ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს, პირველად მსოფლიოში და პირველად საქართველოში. და სისინებენ ურეიტინგო ავყიები: აქამდე სკოლაში ორი მთავარი სუბიექტი იყო - მასწავლებელი და მოსწავლე, ახლა კი უკვე ვიღაც მესამე ჩადგა მათ შორის, ვიღაც მახინჯიო. დაე, ისისინონ! მთავარია, სადაც ჯერ არს იქ ჩაითვალა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მესამე ზედმეტი არ არის.

მაშ ასე, ბატონებო და ქალბატონებო: ჩვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა მანდატური!

ის სკოლის მაყურებელია. ის უყურებს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დირექტორებს. აკვირდება მათ, უსმენს რას ლაპარაკობენ, როგორ იქცევიან და თუ რაღაც არ მოეწონა, ეგრევე სამინისტროში აფრენს პატაკს: ამა და ამან ასე და ასე ჰქნა, ნაცვლად იმისა, რომ ისე და ისე ექნაო. ის მოდერნიზებული სკოლის ხატია, მახვილი უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივი სიფხიზლის სტაბილურობის გარანტი.

ამაზეც ბევრს ყიყინებენ: მანდატური ფაქტობრივად სამინისტროს კომისარია და საერთოდ ხომ არ მოვიდა დრო ისტორიული სამართლიანობა აღდგეს და სამინისტროებს კვლავ სახალხო კომისარიატები ეწოდოს, რახან მაინც მაქეთ მივდივართო...

არა ბატონებო! ვერ მოგართვით! საბჭოთა შინაარსია კარგი, თორემ ფორმას უნდა ვებრძოლოთ. შევებრძოლოთ მთელი ეშხით, მთელი ვნებით და ისეთი გამეტებით, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! ეს გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვის. ხომ არ გვავიწყდება, რომ მტერი ორმოც კილომეტრშია...

დაიცა, საით გავუტიე ახლა? ეს რა შუაშია? სანამ ბედნიერი მომავალი დამდგარა და ათი მილიონი ტურისტით გადაჭედილა განმუხურის და ანაკლიის პლაჟები, მანამდე ხომ უნდა ავუხსნათ ხალხს მანდატურთა სიკეთე? მართალია, ინტერვიუები კმაყოფილ მშობლებთან, მასწავლებლებთან, ბავშვების გაბრწყინებული სახეები, „მანდატური სოფო ჩემი მესაიდუმლეა“ და ”მე მანდატური გამოვალ” უკვე იყო, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

ჰოდა წავიდა პიარი: გიხაროდენ! გენა, ფონოგრამა!

მანდატურებმა უპატრონო ბავშვთა სახლი მოინახულეს და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა ხეები დარგეს. მანდატურები პერევში. სილამაზის კონკურსი „მის მანდატური“. მღერიან და ხუმრობენ მანდატურები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მანდატურები დალოცა. მინისტრი შაშკინი აიფონებით აჯილდოებს წარჩინებულ მანდატურებს.

კიდევ „მგზავრების“ კლიპი გვინდა მანდატურებზე, ბავშვებზე ფიქრი ხომ დილიდან იწყება! რა, არა? ვანო, უთხარი ერთი მაგათ...

მანდატურები „პროფილში“. მანდატურები „ნანუკას შოუში“. მანდატურები ფქვილს არიგებენ. „ასავალ-დასავალშიც“ არ გვაწყენდა რამე სკანდალური პუბლიკაცია, ვთქვათ „სექსი მანდატურთან.“ ინგლისურენოვან მანდატურს კი, რა თქმა უნდა, მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს. „ფაქინგ თიჩერს“ რომ შესძახებს ყივჩაღების ნასწავლი იორქშირული აქცენტით, ის მაინც სულ სხვაა...


ჰოდა ეგაა. მეტი არაფერი არაა საჭირო. იძახონ მერე დაშინებული მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან რა გამოვაო. ძალიან კარგადაც გამოვა! ჯერ ერთი მოსწავლეები კმაყოფილები იქნებიან, რომ შეეძლებათ მასწავლებელი ჩაუშვან მანდატურთან, მასწავლებლები კი იმით იქნებიან კმაყოფილი, რომ მოსწავლის ჩაშვება შეეძლებათ. ასე აღიზრდება სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ძალოვანი სტრუქტურების ინფორმირება დაბეზღებად კი არ იქნება აღქმული, არამედ მოქალაქეობრივი ვალის მოხდად. ეჭვი გაქვს რომ მამაშენი კორუმპირებულია? დარეკე ცხელ ხაზზე...

ასე, ამგვარად დაიზრდებიან ალგეთს... არა... ნიცას რომ ჯობია იმას რა ჰქვია?... მოკლედ სადაც არის, ადგილს რა მნიშვნელობა აქვს... მთავარია, რომ დაიზრდებიან ახალი მენტალობის დისციპლინირებული თაობები, სკოლის მერხიდანვე წესრიგშესისხლხორცებული უნარ-ჩვევებით, დაიზრდებიან ნატრენინგები და ნავორქშოფალები, ინტეგრირებულები და მოდერნიზებულები. მე მჯერა, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მადლიერი შთამომავლობა ჯეროვნად დააფასებს მანდატურთა უშურველ ამაგს და მათ ძეგლს დაუდგამს.

გაივლის წლები და შვეიცარიული ელემენტებით სინგაპურულად მოდერნიზებულ საქართველოში, სიღნაღიზირებული მესტიის საერთაშორისო აეროპორტში დამჯდარი ”ბოინგ 747”-ან გადმოსული ნიუ-იორკ-უშგულის რეისის მგზავრი, სვანეთის შტატის დედაქალაქის დაუნთაუნში, რატუშას წინ, პიაცაზე იხილავს უნიფორმიანი კაცის ქანდაკებას, ცალ ხელში ბავშვი რომ აუტატებია და მეორე ხელში მწვანე ნეტბუქი უჭირავს. ხოლო დაინტერესებული ტურისტის შეკითხვაზე, ეს ვისი ძეგლიაო, ნებისმიერი გამვლელი ძლივს შესამჩნევი შოტლანდიური აქცენტით ინგლისურად მიუგებს: „მანდატური არის ესე!“







7 comments:

  1. წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა. ავტორის აზრს აფსოლიტურად ვიზიარებ, მანდატურების არსებობა ,,ბიგ ბრაზერის,,= ის სინდრომს მაგონებს, არაფერი თვალისა და ყურის გარეშე, არავინ მეთვალყურეობის გარეშე. გაუმარჯოს საპოლიციო სახელმწიფოს თავისი სკოლითურთ,
    მოაცილონ მანდატურები სკოლას, რას ასწავლიან ბავშვებს? საპოლიციო რეჟიმს? მასწავლებლებს ხელფასი არაო და მანდატურები რა უხელფასოდ მუშაობენ? სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს

    ReplyDelete
  2. "რა საშინელებაა ღმერთო ჩემო, სკოლებიც კი პოლიციის განყოფილებებად აქციეს" აი ამგვარი ტექსტების ავტორებს საერთოდ სარი აზრი არ გაგაჩნიათ? არა ის ჯობდა სკოლებში ერთმანეთს დანებით რომ ჭრიდნენ და იარაღსესროდნენ ხო? ვაი თქვენს პატრონს.....

    ReplyDelete
  3. აბა,სტალინის დროს გაბედავდა ვინმე დანის შეტანას სკოლაში?

    ReplyDelete
  4. ძალიან მაგარი სტატიააა, მანდატურის მოყვარულსაც უნდა მოეწონოს მემგონი, მარტო პირველი აბზაცის ხათრით :)))

    ReplyDelete
  5. :))))) კარგი იყო

    ReplyDelete
  6. ძალიან კარგი პოსტი იყო.
    აბსოლუტურად გეთანმებით. ^^

    ReplyDelete