Saturday, December 25, 2010

ერთხელ ბრიტანეთში

მონახაზი ანტიუტოპიისთვის ალტერნატიული ისტორიის ფონზე

აღწერილი მოვლენებისა და პერსონაჟების
ყოველგვარი დამთხვევა ნაცნობ რეალიებთან
შემთხვევითია და არ წარმოადგენს ავტორის
წინასწარგანზრახულ ბოროტ ჩანაფიქრს

მოქმედების ადგილი და დრო

ოცდამეერთე საუკუნე. 2010 წელი. დიდი ბრიტანეთი. ინგლისი. ქალაქი ლონდონი.  

ისტორიული ფონი

მას შემდეგ, რაც კრომველის მმართველობის შემდეგ მონარქიის აღდგენის მცდელობა მარცხით დასრულდა და ქვეყანა ოკუპირებულ იქნა საფრანგეთის მიერ, ალბიონის ძველი დიდება დასრულდა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის შუახანებიდან დაიწყო  ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ე. წ. “ტემზადალეულთა” ლიდერები უილიამ გლადსტონი და ბენჯამინ დიზრაელი. ბრძოლა ფრანგული იმპერიალიზმის წინააღმდეგ დასრულდა სოციალისტური რევოლუციით, რომლის შედეგადაც შეიქმნა დიდი ბრიტანეთის სახალხო რესპუბლიკათა კავშირი  (დბსრკ) და  ქვეყანაში გამეფდა ერთპარტიული ლეიბორისტული რეჟიმი. ამ რეჟიმის კრახის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ქვეყანა გამოცხადდა საპრეზიდენტო რესპუბლიკად, რასაც მოჰყვა  მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და შოტლანდიასა და უელსში პროფრანგული სეპარატისტული  რეჟიმების გაბატონება. 1995 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელშიაც შემდგომ შეტანილი იქნა 273 ცვლილება და შესწორება. ეს დოკუმენტი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე ცვალებადი კონსტიტუცია.

პოლიტიკური ფონი

ქვეყანას სათავეში უდგას პრეზიდენტი მაიკლ საკსონი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ე. წ. ”ალისფერი ვარდების რევოლუციის” შედეგად. ამგვარი სახელწოდების მიზეზად სახელდება ის, რომ როდესაც საკსონი წითელი ვარდით ხელში, თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობაში შევარდა, ტელეკომპანია ბიბისი-2-ის წამყვან ჟურნალისტს გაახსენდა, რომ საკსონის ბებია ლანკასტერის ქალი იყო.

მაიკლ საკსონი ახალგაზრდაა და ენერგიული. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან მიზანმიმართულად დაიწყო ძალაუფლების კონცენტრირება საკუთარ ხელში. პოლიცია, უშიშროება და ფლოტი ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მინისტრია ჯონ  სპაინი, მეტსახელად “ხერხემალი.”   სამინისტრო აკონტროლებს ნაციონალურ ტელეკომპანია ბიბისის, ბიზნესი ასევე სამინისტროს კონტროლქვეშაა, სასამართლო მთლიანად ემორჩილება პროკურატურას, პარლამენტი კი მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც მთავრობა ავალებს. საკსონის ექსცენტრიულობა და ავტორიტარული მიდრეკილებები მთელ მსოფლიოში ცნობილია, მაგრამ რამდენადაც ინგლისი ძალინ ჩამორჩა დანარჩენ ევროპას განვითარებაში, ხოლო ახალგაზრდა პრეზიდენტმა მოდერნიზაციის და კულტურული რევოლუციის კურსი გამოაცხადა  (რის პროპაგანდაშიც ძალიან დიდ ფულს და რესურსებს ხარჯავს), მაინც რეფორმატორ ლიდერადაა მიჩნეული.

ფაბულა

უბრალო კლერკი ბერნარდ სმიტი, რომელიც პოლიტიკიდან შორს დგას და საკსონის ხელისუფლების ალალი მხარდამჭერია, შემთხვევით შეესწრება შოტლანდიიდან დევნილი პროტესტანტების გამოსახლების პროცესს. ამის შემდეგ იწყება უსიამოვნებები - სამსახურში აღარაფერს ავალებენ, ნაცნობები გაურბიან, ვიღაც უცნობები კი ურეკავენ მობილურზე და აგინებენ. მის გულში ნელ-ნელა მწიფდება პროტესტი და დგება მომენტი, როდესაც მას უწევს არჩევანის გაკეთება - ან ლოიალობის შენარჩუნება, ან ღია დაპირისპირება სისტემასთან.

გაგრძელებისთვის არის სამი ვარიანტი: ა) ბერნარდ სმიტი ხდება დისიდენტი და ებმება სისტემასთან უთანასწორო ბრძოლაში. ბ) ხანმოკლე გაბრძოლების შემდეგ ის საბოლოოდ ირჩევს კონფორმიზმის გზას. გ) ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ბოლომდე ყოყმანობს.

რომელ ვარიანტს მიანიჭოს უპირატესობა, ავტორს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს.

პერსონაჟი

ბერნარდ სმიტი სულელი არაა და არც ბრმა. ის ყველაფერს ხედავს.

მან იცის, რომ ქვეყანაში საშინელი  გაჭირვებაა. იცნობს ასეთებს, უმუშევრად დარჩენილებს, გამწარებულებს და გაბოროტებულებს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ეშინიათ ხმის ამოღება, რომ შეიძლება პროტესტის გამო დაიჭირონ - საკმარისია ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე აღმოჩნდე ჰაიდ-პარკში,  შეიძლება ვიდეოკამერებით დაგაფიქსირონ  და მერე სამსახურიდან გაგაგდონ, ან სულაც დაგაპატიმრონ. მან ხომ იცის რომ კონსერვატიული პარტიის, კიპლინგის ფონდის, უინსტონ ჩერჩილის საზოგადოების და სხვა ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პოლიცია ნარკოტიკის თუ იარაღის ჩაგდების მეშვეობით აპატიმრებს და ისიც იცის, რომ სასამართლოში ჩივილს ამ დროს აზრი არა აქვს.ოპოზიცია კი არა, ამას წინათ ბუკინისტური მაღაზიის მეპატრონე დააპატიმრეს რიჯენთ სტრიტზე, იმიტომ, რომ ვიღაცამ ლა-მანშის ტერმინალში რაღაც არასწორად გააფორმა. მან ვერ გაიგო მაღაზია რა შუაში იყო, მაგრამ დაპატიმრების ფაქტს თავად შეესწრო. ორჯერ გამოიყვანეს მაღაზიიდან ბორკილდადებული, მეორედ იმიტომ, რომ ბიბისის ოპერატორმა კადრი ვერ აიღო კარგად...

პრეზიდენტ საკსონის არქიტექტურული აღმაფრენაც გვარიანად უშლის ნერვებს - მთელი ინგლისი შუშის წითელ-ყვითელი შენობებით რომ გაავსო და შეშუშული მანჩესტერით თავს იწონებს (არა, ამ მანჩესტერზე რატომ გაურთულდა ასე, გაუგებარია, ჭრელ ფერებში რომ გადაღება და ხელოვნური ყვავილებით მორთო ყველა ძველი ფაბრიკა. სიყვარულის ქალაქიაო... ჰმ... ერთი მაქ სასიყვარულოდ ჩასული მანახა ვინმე...). ტელევიზორსაც თითქმის არ უყურებს, იქ ხომ ცარიელი პროპაგანდაა: მორიგი წარმატებული ვიზიტი, წარმატებული ინვესტიცია, წარმატებული ლენტის გაჭრა წარმატებულად მოასფალტებული გზის მონაკვეთის აღსანიშნავად, წარმატებები, წარმატებები, წარმატებები...  სულ ახალ-ახალი წარმატებები.. .შვიდი წელია სულ წარმატებებში ვართ და სულ დასაქმებაა პრიორიტეტი. ისე, რა უცნაურია, ყოველდღე გვამცნობენ ათასობით ადამიანი დასაქმდაო, უმუშევრობა კი სულ იზრდება და იზრდება     

აღარც იცის სად გაექცეს უხერხულობას, როცა ტელეეკრანიდან ესმის: “ლივერპულის მანჩესტერიზაცია”, “მალაიზიური ეკონომიკა ნორვეგიული ელემენტებით.” “საუთჰემპტონი ნიცას სჯობია”, “დორსეტში უფრო თბილა, ვიდრე საფრანგეთის რივიერაზე”. ისიც არაფრით არ ესმის, რატომ ატარებს მთავრობის სხდომებს შუაგულ ტბაში, ხარაჩოებზე ან გამოქვაბულში. ჯესიკა ალბას ჩამოყვანა და  მინისტრად დანიშვნაც ნამეტანი იყო. ინგლისი ქარის ენერგიით მდიდარია, ტურბინებს დავაყენებთ კორნუელში და დენს გავყიდით ევროპაში ელექტრომობილებისთვისო. არა, ლამაზი გოგოა, მაგრამ პირდაპირ მინისტრად?  მანქანებისთვის ელექტროენერგიის მიზნობრივად გაყიდვა რანაირად უნდა მოგივიდეს თავში?..

დიახ, ბერნარდ სმიტი ყველაფერს ხედავს, მაგრამ ის მაინც ბედნიერია. ბედნიერია იმით, რომ ამ სახელმწიფოში როგორც იქნა არის მუდმივი დენი, პირადობის მოწმობის აღებაზე აღარ წვალობს და ლონდონი-ნიუკასლის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი თანამედროვე ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. აღარც.კონსტებლები არიან ტრასაზე ჩასაფრებული და ერთი შილინგი მაინც მომეციო, არ გეღრიჭინებიან.  პატიმრების რიცხვი გასამმაგდაო, გაიძახიან! სამაგიეროდ ახლა აღარ გეშინია პიკადილიზე დაყენებულ მანქანას რომ გაგიტეხავენ და მაგნიტოფონს ამოგაცლიან. გააწყალა რა გული ამ არაადექვატურმა ოპოზიციამ! რით ვერ გაიგეს, რომ რეფორმები მტკივნეული პროცესია? აბა ის დრო ჯობდა, სკოტლანდ-იარდის ფანჯრებიდან რომ ცვიოდა ხალხი?

რამდენიმე თანმხლები დეტალი

პრეზიდენტი საკსონი აცხადებს კულტურული რევოლუციის მეცხრე ტალღას და გამოდის რევოლუციური ინიციატივით - ჩამოიყვანონ ამერიკიდან ორმოცი ათასი ესპანურენოვანი მასწავლებელი.  ის აცხადებს, რომ უახლოეს ათ წელიწადში ყველა ინგლისელი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ესპანურს და კომპიუტერს.

ტელევიზიით ყოველდღე ტრიალებს ყოვლისშემძლე “ხერხემალის” დაკვეთით შექმნილი სკოტლანდ-იარდის ჰიმნი, რომელსაც ასრულებენ ხელისუფლების მომხრე მომღერლები: ელტონ ჯონი, კრეიგ დევიდი, ვიქტორია ბეკჰემი, ჯორჯ მაიკლი, კეიტ ბუში და რობი უილიამსი. ოპოზიციურად განწყობილი პოპულარული მომღერალი მიკ ჯაგერი კი აცხადებს, რომ მთელი ინგლისი ერთ დიდ ციხედ გადაიქცა, პროტესტის ნიშნად გალიაში ჯდება და ოპოზიციური ტელეარხის პირდაპირი ეთერიდან მიჰყავს რეალური შოუ “რა ხდება ზოოპარკში?”.

კულტურული რევოლუციის ფარგლებში გამოცხადებულია ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალური რომანტიზმის ტრადიციების მიმართ. პაბებსა და რესტორნებში ოფიციალურად იკრძალება სიმღერა “ასეთია რობინ ლოკსლის ბედი”

ასოშიეტედ პრესი უწყება, რომ პრეზიდენტმა მთავრობის მორიგი გამსვლელი სხდომა სტოუნჰენჯში ჩაატარა, სადაც  “არტურის ქვა” აღმოაჩინა. ტელეკამერების თვალწინ ის მოულოდნელად ახტა ერთ-ერთ ლოდზე და გამოაცხადა: ეს სწორედ ის ქვაა, საიდანაც მეფე არტურმა ხმალი ამოაძრო და ამიერიდან “არტურის ქვა” ერქმევაო. როგორც  კულტურის მინისტრი ჯონ სილვერ უმცროსი ადასტურებს, პრეზიდენტის გამოსვლა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, რადგან არტური და მრგვალი მაგიდა ცნობილი ბრენდებია, ამით მოხდება უცხოელი ტურისტების მოზიდვა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხი დასაქმდება..

ეპილოგი

- ეეეჰ, არა რა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, - გაიფიქრა ბერნარდ სმიტმა და ათასფრად აბრჭყვიალებულ  ეშმაკის ბორბალს თვალი მოარიდა, - ბედი არ გინდა, ერთხელ დაიბადო და ისიც ინგლისში? 


No comments:

Post a Comment