თუკი რაიმე ნერვებს მიშლის ქართულ ყოფით კულტურაში, ესაა ერთის მხრივ ჩვენი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა - აი, შენთვის რომ მოიკლებ და სტუმარს თან გადაჰყვები, სიტყვა „საუცხოო“ რომ უცხოელისთვის საკადრისს აღნიშნავს და ა. შ. და მეორეს მხრივ ის ქედმაღლური უპირატესობის განცდა, რაც კარგები ვართ, ქართველები რომ ვართ. განსაკუთრებით მაკვირვებს სრულიად ირაციონალური თავსებადობა, რომელიც ქართულ ხასიათში ამ ორი თვისების ჰარმონიულ თანაარსებობაში ვლინდება. მართლაც უცნაური დუალიზმია: თან ფიანდაზად ეგები და თან ზემოდან დაჰყურებ. მსგავსი რამ მარტო ვახტანგ რჩეულიშვილმა მოახერხა ერთხელ წინასაარჩევნო პლაკატში: შევარდნაძე იჯდა, თვითონ იდგა და მაინც ქვემოდან ზემოთ აჰყურებდა.
სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს ქართველობის გამო ქედმაღლობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ , მაგრამ რაც შეეხება უცხოელებს, მათ მიმართ ისინი ტიპიური ქართველები არიან. არ ვიცი რა დავარქვა ამ ტიპიურ დამოკიდებულებას, ქართულ ენაში არ არსებობს ზუსტი შესატყვისი რუსული სიტყვისა раболепный, არადა ზუსტად ეგაა.
მაგალითად პრეზიდენტი მიდის ახალი აეროპორტის მოსანახულებლად, სადაც ამბობს ფანტასტიურ ფრაზას: „ არ დავინახო გაუპარსავი ტაქსისტი აეროპორტში!“ თითქოსდა ვინ ჰკითხავს პრეზიდენტს ტაქსისტი გაპარსული იქნება თუ არა, მაგრამ აბა უცხოელი რომ ჩამოვა, სირცხვილი არაა ვიღაც გაბურძგნულ ტიპს ჩაუჯდეს მანქანაში? იმ უცხოელს ხომ რუსული პროპაგანდა ისედაც სულ მუქ ფერებში უხატავს აქაურობას? ჰოდა ჯერ ილუმინატორიდან რომ გადმოხედავს და ჩაბნელებულის ნაცვლად გაჩახჩახებულ საქართველოს იხილავს, მერე დახვდება აეროპორტი, რომელიც ამსტერდამსაც ჯობია და მიუნჰენსაც, მერე კარგად გაპარსული, ინგლისურად მოლაპარაკე ტაქსისტი გაიყვანს ბუშის ქუჩით ილუმინირებულ რუსთაველზე და ბოლოს ამდენ მსოფლიო ბრენდის სასტუმროებს რომ დაინახავს, სულ გამოსირდება - ეს რა მაგარი ქვეყანა ყოფილაო.
არ ვაჭარბებ, დაახლოებით ასეთი მონოლოგი დარტყა. იმას, რომ „გამოსირდებას“ ნაცვლად „გამოშტერდება“ თქვა, არა მგონია პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს. და რაი მერე? არც არაფერი. დასცინა ვინმემ რა სისულელეს ლაპარაკობო, უსაყვედურა, შეეკამათა თუ რა?
საერთოდ ჩვენი პრეზიდენტი გვანებივრებს ექსტრაორდინარული გამონათქვამებით, მაგრამ გაუპარსავი ტაქსისტების აკრძალვა რატომღაც ნაკლებად დაამახსოვრდა ხალხს. 25 წელი რომ ატარა მოსემ ებრაელები უდაბნოში, ახსოვთ, რუსთაველი რომ გრიგოლ ორბელიანში აურია, ახსოვთ, გაუპარსავი ტაქსისტი - არ ახსოვთ.
არ ახსოვთ იმიტომ რომ უცხოელების მიმართ ასეთი მაამებლობა (სტუმართან არ შევრცხვეთ!) არაა უცხო ქართული მენტალიტეტისთვის, ეს არავის აღიზიანებს და უთავმოყვარეობად არ აღიქმება.
დაახლოებით იგივე ვარიანტია ათი ათასი ინგლისურენოვან ყივჩაღის ამბავიც. ამას წინათ ეკა ხოფერიას გადაცემას ვუყურებდი და იქაც ლაპარაკი ძირითადად იყო იმაზე ინგლისური უფრო გვჭირდება თუ რუსული. თან მავანნი ისე წარმოადგენენ ამ ინიციატივას, თითქოს ეს თავისთავად იყოს რაღაც პროგრესულობის შემცველი მესიჯი და ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის პრორუსულ და რეაქციულ განწყობილებებს აღვივებს. სამაგიეროდ „ყივჩაღების“ სასარგებლო არგუმენტად მოჰყავთ, რომ თურმე ეს იქნება ის ხალხი, ვინც საქართველოს სახელს გასტყორცნის, გააჯირითებს. ანუ, გაიცნობენ აქაურობას, მოიხიბლებიან ჩვენით და მერე მთელ მსოფლიოში უფასო რეკლამას გაგვიკეთებენ. რაც ყველაზე სასაცილოა, ამას ძირითადად ისინი ამბობენ, ვისაც ქართულ საზოგადოებაზე უკიდურესად დაბალი აზრი აქვს და ყოველ მათგანს ძალიან ეწყინება თუ ეტყვი, რომ ასეთი მიდგომა წმინდა ქართულია და დასავლურ რაციონალიზმთან ფრიად მწყრალადაა.
აბა რა დიდი ფილოსოფია უნდა იმას, რომ რუსული ენის კარგად ცოდნა არანაირად არ ნიშნავს გარუსების პოტენციურ საფრთხეს, ისევე როგორც ინგლისურის ცოდნა არ გაგვხდის უფრო პროდასავლურებად? ინდოეთში ინგლისური ყველამ იცის და ზიმბაბვეშიც, თუმცა, არც ერთი და არც მეორე ქვეყანა ნამდვილად არ არის დასავლური კულტურის ნაწილი. მთელ ჩეჩნეთს და დაღესტანს კი რუსულად აქვს განათლება მიღებული, მაგრამ იქ რომ ანტირუსული განწყობებია, იმისთანა უნდა.
ოღონდ ჩვენთან ამ ელემენტარული ჭეშმარიტების დანახვაც არ სურთ, იმიტომ რომ უცხო ენას რაღაც მისტიკური ძალმოსილება მიეწერება, ისევე როგორც ნებისმიერი დეგენერატი უცხოელის აზრს საქართველოზე.
ინგლისური გვჭირდება იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად საერთაშორისო კომუნიკაციის ენაა და არა იმიტომ, რომ ამით უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს. მასწავლებლების ჩამოყვანის ინიციატივა უნდა შეფასდეს არა იმით, თუ რას იტყვიან ისინი საქართველოზე, ან უპირატესობაში ჩავუთვალოთ ის ფაქტი, რომ მათი მშობლიური ენა ინგლისურია, არამედ იმით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ ამგვარი ინიციატივით ინგლისურის სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან და არის თუ არა ეს დანახარჯი რელევანტური. თითქოს ძალიან მარტივია არა?
მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ, მათ შორის ისინიც, ვისაც მუდამ უკიჟინებენ, რომ ყველაფერ ქართულს ებრძვიან. ამასაც იმიტომ აბრალებენ, რომ მათში ვერ ხედავენ ქართველობით სიამაყეს და თავმოწონებას, თორემ ასევე ტრადიციული, დამოკიდებულება უცხოურის და უცხოელების მიმართ ჭარბად აქვთ ღვთისგან მომადლებული. ჰოდა, დისბალანსია ეს, მეტი არაფერი.
ვინ თქვა არაეროვნული ხელისუფლება გვყავსო? ნახევრად ეროვნული მაინც ეთქვათ...
საკაიფო სტატია, მეც დაახლოებით მსგავს პოზიციაზე ვარ:)
ReplyDeleteსაინტერესო სტატიაა, თუმცა უფრო გაბრაზებულ გულზე დაწერილია, არაფერს ელის, არაფერს მოითხოვს.
ReplyDeleteგეთანხმებით დასაწყისში იმაზე, რომ თავს მოვიჭრით და სტუმარს გავატანთ საზღვარგარეთ, ოღონდ კმაყოფილი წავიდეს :) იმაშიც, რომ ამპარტავნები ვართ და სხვებს ზემოდან დავყურებთ. თუმცა ინგლისური ენის სწავლის მოდაში ყოფნა, შესაძლებელია ზოგჯერ სასაცილო ვარიანტშია ჩვენში, მაგრამ მაინც კარგი და დადებითია. ჰმმმ ... მოდი ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუ რატოა კარგი ჩვენი ხალხისთვის, რომ მაგალითად შეეძლოთ წაიკითხონ მათზე რას წერენ, მსოფლიო (რუსთავი 2-ის გადმოქართულების გარეშე) რას ლაპარაკობს და ა.შ.
ნამდვილად საინტერესოა და ნეტა ბევრი იყოს ეგეთი სტატია რომელიც ამ ხელისუფლებას ხშირად გადაასხამს ცივ წყალს გამოსაფხიზლებლად. ის რომ "ოცნების ქვეყანაში" ვცხოვრობთ და მალე ჩვენზე დალხინებული არავინ იქნება ამის კრიტიკა მისაღები და საჭიროა მაგრამ არც იმის დაფარვა შეიძლება რომ ბევრი რამ იცვლება ტურიზმის სფეროში უკეთესობისკენ.
ReplyDeleteმე ეხლა ამერიკაში ვარ. ჩემი მასპინძელი ოჯახის შვილი კი საქართველოში, იმ 10000 ე.წ "ყივჩაღთაგანი". სხვათაშორის, არავის აქვს იმის ილუზია რომ 3 თვეში მთელი ქვეყანა ინგლისურად აჭიკჭიკდება, მაგრამ ეს ნამდვილად შემატებს საქართველოს 10000 კეთილგანწყოობილ უცხოელს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული მათგანის უკან სულ ცოტა 10-12 ადამიანი დგას, რომელიც დაინტერესდება საქართველოთი(ოჯახი, ახლობლები, მეგობრები). ესეც სულ ცოტა 100 ათასი ადამიანი რომელსაც რაღაც წარმოდგენა(სავარაუდოდ პოზიტიური) გაუჩნდება საქართველოზე. მოდი ეხლა გავთვალოთ რა დაუჯდებოდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს იმავე ეფექტის მიღწევა, იმ დროს როდესაც მასობრივი მარკეტინგი არაეფექტური და უკიდურესად ხარჯიანია ამერიკაში. გარდა ამისა, ამერიკიდან წასულ "ყივჩაღებს" ამერიკის მთავრობა აფინანსებს (peace corps).
სტატია კარგია და ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ რეალობას.
ReplyDeleteერთი რამე შემიძლია დავამატო:
ReplyDeleteსწორეა როდესაც ტაქსისტებზე ითქვა, მაგრამ ეგ ურბანისტების და ქალაქის მერის საქმე უფროა, ვიდრე პრეზიდენტის.
სტუმრის შესახებ: მე არც ის მომწონს ოლეგ პანფილოვს ნახევარი საქართველო რომ ფაქტიურად ვაჩუქეთ. ჯერ ისიც არ ვიცით ვინ არის თვითონ პანფილოვი, მიიღონ ლუსტრაციის კანონი და მერე ვისაც შავი ტრაკი ექნება კი ბატონო, აჩიკუდათი საქართველოდან და ვისაც თეთრი იმას მივცეთ ის ნახევარი რომელიც არ გვჭირდება :(
http://peripateticpedagogue.wordpress.com/2010/10/09/sex-in-georgia/
ReplyDeleteინებეთ სტატია საქართველოზე "ყივჩაღისა", რომელიც სლოვენიელია, რომელიც საქართველოში ინგლისურის "სასწავლებლად" ჩამოიყვანეს, რომელიც "კეთილგანწყობილი" მიდის აქედან და თავის უკან მდგომ ოჯახს, ახლობლებს და სანაცნობოს ამ "კეთილგანწყობას" გადასცემს. კომენტარებინად თუ წაიკითხავთ, კარგი იქნება.
ჰაერში გასროლილი ფულია მაგ „მასწავლებლებზე“ გადახდილი ფული და უმეტსობა ისეთ ინფორმაციას წაიღებს საკუთარ ქვეყანაში,როგორიც ნინომ დადო ზევით.არა და სიმართლეს წერს უმეტესობას.
ReplyDeleteამ დღეებში ერთ ჩამოსულ იაპონელთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მან მკითხა – რატომ უჭირთ ქართველებს საკუთარი ბიზნესის აწყობა, აქ ხომ ასე ბევრმა იცის ინგლისურიო? ამან უცნაური განცდა გამიჩინა ზოგადად უცხო ენის მითოლოგიზების მიმართ. ოდნავ იუმორისტულად რომ წარმოვიდგინოთ: ინგლისურს ისწავლი – ბიზნესმენი გახდები, იტალიურს – საოპერო მომღერალი ან პიცის მცხობელი, ფრანგულს – სომელიე ან პაფიუმერი და ესპანურს – სულ მცირე ტორეადორი:)
ReplyDelete