Tuesday, October 5, 2010

თვითპრეზენტაციასავით

დავიბადე  ვარანცოვზე, გავიზარდე ვაკეში, ახლა პლეხანოვზე ვცხოვრობ.

ჩავაბარე ფიზიკურზე, დავამთავრე ეკონომიური, გავხდი ლიტერატორი.

საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ჯერ უმუშევარი ვიყავი, მერე ჟურნალისტი, მერე თავისუფლების ინსტიტუტის დამფუძნებელი და გამგეობის წევრი, პარლამენტის წევრიც ვიყავი და ბევრს ახლაც ვგონივარ.

ვიზრდებოდი იდეურ კომუნისტად, სტუდენტობისას რადიკალური ანტისოვეტჩიკი გავხდი, უფრო მოგვიანებით ნაციონალისტი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მკვეთრად გავლიბერალდი.

ჩემი საყვარელი მწერალი ჯერ ჟიულ ვერნი იყო, მერე კაფკა შემიყვარდა და მისი დამსახურებაა წერა რომ დავიწყე, მერე დოსტოევსკი, ფოლკნერი, უაილდერი, ბორხესი, ტოლკიენი... ვგიჟდები "ჰარი პოტერზე."

ვუსმენდი ბითლზს, მერე ჰარდ როკს, მერე პროგრესივ როკს და ათასნაირ ალტერნატივა-ანდერგრაუნდებს, ახლა ბობ დილანს ვუსმენ და ბლუზებს.

კინორეჟისორებში ჯერ ჩაპლინი მომწონდა, მერე ფელინი, მერე ტარკოვსკი, მერე პაზოლინი, მერე ბერგმანი, ახლა ტარანტინო მომწონს.

ბავშვობიდან ათეისტი ვიყავი,  უკვე უმაღლესდამთავრებული მისტიკაში გადავეშვი, მერე ორთოდოქსიაში, ახლა საკმაოდ ლიბერალი მართლმადიდებელი ვარ, იმდენად ლიბერალი, რომ ცოლი იეღოველს მეძახის.

ბავშვობაში ტკბილი ჩაი მიყვარდა, სტუდენტობისას უშაქრო, ახლა ყავას ვსვამ.

სასმელი ჯერ საერთოდ არ მიყვარდა, მერე ჩეხური პროდუქციის წყალობით ლუდი შემიყვარდა, მერე არაყი, მერე კონიაკი, მერე ბურბონი, ახლა შოტლანდიური ვისკი მიყვარს და კარგი ღვინო, ოღონდ მართლა ძალიან კარგი - სხვანაირს არ ვსვამ.

არ ვიცი რატომ, მაგრამ არასდროს მყვარებია იარაღი და მანქანა. ახლაც სრულიად გულგრილი ვარ.

არც დიდი კაზანოვა ვყოფილვარ ოდესმე და არც ასკეტი განდეგილი, ქალების სიმპატიები ჩემს მიმართ კი სულ ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. როგორ ვთქვა ახლა, ჯობდა  პირიქით ყოფილიყო მეთქი...

დიდხანს მქონდა განცდა, რომ ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი ცხოვრება მაქვს, .რაღაც უფერული და მომაბეზრებელი რუტინით გაჯერებული. არადა ახლა რომ ვუყურებ, სულაც არ მქონდა უინტერესო ცხოვრება. პირიქით, ძალიანაც საინტერესო იყო და მრავალფეროვანი თავგადასავლებით სავსე. რაც მთავარია, ყველაფერი გრძელდება. 

და საერთოდ: ამ ოცდაათი წლის წინ რომ ვინმეს ჩემთვის ემკითხავა: შენ მოესწრები საქართველოს დამოუკიდებლობას, გახდები დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრი და ხშირ-ხშირად გაჩვენებენ ტელევიზიით, მოივლი მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, ცოცხლად დაესწრები ჩაკ ბერის და არეტა ფრანკლინის კონცერტებს, ის გოგონა, რომელშიაც ახლა მწარედ ხარ შეყვარებული, შენი ცოლი იქნება და შვილებს დისნეი-ლენდში და უნივერსალ სტუდიოს პარკებში წაიყვანთ, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად მაინც უკმაყოფილო იქნებიო, ალბათ სიცილით მოვკვდებოდი, ეგ ყველაფერი თუ ამიხდა, ხმას როგორ ამოვიღებო.

არადა ვარ, ფაქტია.

ახლა  ალბათ უნდა მოვდგე და ახალგაზრდობა დავმოძღვრო, რომ შეუცნობელ არს გზანი უფლისანი და ძალიანაც ნუ განიცდიან, თუ მათ თავიანთი შინაგანი სამყარო უფრო მდიდრული და მრავალფეროვანი ეჩვენებათ გარემომცველ რეალობასთან შედარებით, მაგრამ ცხადია ამას არ ვიზამ. ჯერ ერთი, აზრი არა აქვს -  სისულელეა, რომ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ასეთი პრეცედენტი კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს. მეორე კიდევ, საერთოდ არ მიყვარს არავის დამოძღვრა, და ბოლოს ადამიანი თუ 20 წლის ასაკში ცივი გონებით ჭვრეტს თავის მომავალ კარიერას და არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის 40 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებული კონფორმისტი იქნება. 

ერთადერთი რასაც ყველას ვუსურვებ და მათ შორის ჩემს თავსაც - მუდამ ჰქონდეს სიახლის ინტერესი, რადგან ვინ უწყის სად მიგიყვანს ფეხი შენი, თუნდაც 64-ის რომ გავხდები. მე კი ბევრიც აღარ დამრჩა და თითქოს მეტი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ რა ვიცი, რა ვიცი...






15 comments:

  1. ბავშობაში უფრო კარგი ტიპი ყოფილხარ დათო :)

    ReplyDelete
  2. momecona :) gavertobi xolme sheni blogis kitxvit, mainc sakme ar makvs sxva :))

    ReplyDelete
  3. ჯერ მაქამდე მთელი 9 წელია ასე რომ, რა იცით, კიდევ რა გადაგხდებათ თავს. ეს ერთი.
    მეორე ის, რომ საკმაოდ საინტერესო ადამიანი ბრძანდებით და ფრიად მოხარული ვარ, რომ ბლოგი გააკეთეთ.
    მესამე, რა რადიკალური ყოფილხართ ყველაფერში. ალბათ ეგ დრომ იცის.
    მეოთხე და აღარ შეგაწუხებთ - "ხოჭოების" ეს სიმღერა კარგი არჩევანი იყო ამ პოსტისთვის. სამწუხაროა, რომ მაკარტნის არ უმღერია ის 64 წლის ასაკში.

    ReplyDelete
  4. რას ამბობ Kate, მე კიდე წლების მომატება მინდა? :))) 9 კი არა, კაი 11 წელი მიკლია იმ საკრალურ თარიღამდე. :)

    ორი წელი ხუმრობა ხომ არ არის? ორი წლის წინ მაგალითად ფეისბუქშიც არ ვიყავი დარეგისტრირებული, სადაც დღეს იმდენი კარგი ხალხი მყავს გაცნობილი ასაკობრივი დიაპაზონით 19-დან 55 წლამდე, რომ მათ გარეშე ცხოვრება ვეღარც წარმომიდგენია :)

    ReplyDelete
  5. ვაიმეეეე, 11 წელი,ძალიან დიდი ბოდიში. რა დებილი ვარ. არადა კალკულატორით დავითვალე. ე. ი. მე უკვე დავბერდი :D :D :D


    არადა მეც მინდოდა, რომ fb-ზე გავმხდარიყავი თქვენი მეგობარი, მაგრამ სულ მერიდებოდა. არ ვიცნობ და რას იფიქრებსმეთქი. მაგრამ თქვენ რომ გამომიგზავნეთ რიქუესთი, ძალიან გამიხარდა. საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო და სასარგებლოა.

    p.s. ბლოგერთან დაკავშირებით 1 რჩევას მოგცემთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.

    ReplyDelete
  6. Kate: "ბლოგერთან დაკავშირებით 1 რჩევას მოგცემთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით"

    დავაი :)

    ReplyDelete
  7. "WORD VERIFICATION" გამოურთეთ. უფრო მარტივი იქნება კომენტარის დატოვება.


    ნუ რთული არც ახლაა, მაგრამ რავი, მაინც.

    ReplyDelete
  8. დათო, ამ template სად ნახე? მე ვეღარ ვიპოვე. ყველაზე ძალიან ეს მომწონს. გილოცავ, მშვენიერი ბლოგი და მშვენიერი ტექსტია, როგორც ყოველთვის. ვიმეგობროთ ბლოგებით :))))

    ReplyDelete
  9. "ვიმეგობროთ ბლოგებით" ამაზე რუსული ფილმი "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" გამახსენდა :D :D
    "budzem drujit semiami" :D

    ReplyDelete
  10. მმმმმმომეწონა : )

    ReplyDelete
  11. ის გოგონა, რომელშიაც ახლა მწარედ ხარ შეყვარებული

    რომელშიც არა_ ოღონდ :}

    ReplyDelete
  12. ანინა

    მართალი ხარ, სიტყვა "რომელშიც" არ ვარგა აშკარად.

    ასე იცის ფართხა-ფურთხით წერამ.:)

    ReplyDelete
  13. საუკეთესო თვითპრეზენტაციაა ალბათ, რაც შეიძლებოდა ბლოგის ფორმატით დაწერილიყო :) იმდენად კარგი, რომ შემშურდა, 25 წლის მერე ალბათ მეც დავწერ ასეთს (?) :)))

    თუმცა ის, რომ რამდენიმე წლის წინ რაზეც ფიქრშიც კი მეცინებოდა, ახლა რეალობის ნაწილია და მე მაინც უკმაყოფილო ვარ, უკვე კარგა ხანია მეც შევამჩნიე და ძალიან მომწონს, მომავლის კარგი სტიმულია :))

    ReplyDelete
  14. ტოლკიენი...

    ნაშ ჩელოვეკ :))))))))))))

    ReplyDelete
  15. ამ პოსტის შემდეგ კიდევ რამდენიმე წავიკითხე და გამეღიმა, აპირებდით დიდი პოსტების წერისგან თავი შეგეკავათ, მაგრამ არ გამოგივიდათ. :დ
    მწერლებზე და მუსიკის მიმდინარეობებზე რომ წავიკითხე ძალიან გამიხარდა. მშვენიერი გემოვნება გაქვთ. : ))

    ReplyDelete