დღე არ გადის ვინმეს დაჭერა რომ არ გვახარონ ტელეეკრანიდან.
აგერ, ედუარდ სურმანიძე დაუჭერიათ, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და კომიტეტის თავმჯდომარე, ვიღაც გერმანელი დილეგში ჰყავდა გამომწყვდეული, სხვებთან ერთად ცემდა და ფულს ძალავდაო.
მანამდე ებრაელი ბიზნესმენები დააკავეს, ისრაელის მოქალაქეები, სამოცდაათი მილიონი ჰქონდათ მოგებული საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსთვის და მინისტრის მოადგილეს ებაზრებოდნენ, არ გააპროტესტოთ და იმ ფულიდან შვიდ მილიონს შენ დაგიატკატებთო.
ცოტა უფრო ადრე ყოფილი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დაიჭირეს, სკოლებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისაო.
კიდევ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაპატიმრება მახსოვს, ისევ და ისევ კორუფციისთვის.
არც ისე დიდი ხნის წინ იყო ჯგუფური დაჭერებიც, როცა დააპატიმრეს ათზე მეტი ექიმი და ასზე მეტი გარე მოვაჭრე.
გარდა ამისა ჩვენ ყველანი ვართ იმის მოწმენი, თუ როგორ იჭერენ ვიღაც მკვლელს, მძარცველს, ქურდს, მექრთამეს, თაღლითს და ა. შ. კრიმინალურ ელემენტებს.
მოკლედ, ტელევიზიით რეკლამირებული დაჭერა-დაპატიმრებები რომ ჩვენი ცხოვრების თანამდევ ფონად იქცა. ამაზე არა მგონია ვინმე შემომედაოს.
ერთადერთი კითხვა მაწუხებს სულ, რაც ყველაფერ ამას ვუყურებ: რანაირად შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს?
რანაირად შეიძლება რაღაც დისკომფორტის გრძნობა მაინც არ გაგიჩნდეს ნორმალურ ადამიანს, ყოველდღე რომ ხედავ ვიღაც ხელებგადაგრეხილს და ბორკილებგაყრილს, ფარული კამერით გადაღებულ ფულის დათვლის სცენას, დაკავებულთა აღიარებით ჩვენებებს და რობოტებივით მოდუდუნე შსს-პროკურატურის ახალგაზრდა სპიკერებს: ამა და ამ უწყების იმა და იმ ოპერატიული სამსახურის მიერ დაკავებული იქნა ესა და ეს პირი, რომელმაც ჩაიდინა ამა და ამ მუხლის იმა და იმ პუნქტით გათვალისწინებული ისა და ის დანაშაული... სასამართლომაც, რასაკვირველია, გაითვალისწინა რა ის, რაც გასათვალისწინებელი იყო, ეჭვიმატანილს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა.
გასაგებია, რომ კრიმინალს უნდა ებრძოლო და დამნაშავე უნდა დაიჭირო, მაგრამ ერთი მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყანა მაინც დამისახელოს ვინმემ, სადაც ნაციონალური მასშტაბის ტელეარხების მთავარი თემა ყოველდღე (ყოველდღე!) ვიღაცის დაჭერა-დაკავება-დაპატიმრებებია, ან თუნდაც ისეთი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ ხდებოდა და ამით ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბდა?
ვითომ ამ დაჭერების გაუთავებელი სერიალით მოსახლეობაში სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის განცდა მკვიდრდება? მეტი არაა ჩემი მტერი! აი, რეპრესიული აპარატის წინაშე დაუცველობის განცდა კი ნამდვილად მკვიდრდება.
ის რაც ჩვენს ტელევიზიებში ხდება, უკვე ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. საბჭოთა დროს შსს-ს გაზეთი გამოდიოდა, „მებრძოლი გუშაგი“, სადაც ინეჭდებოდა სტატიები სათაურით „აბა რა ეგონათ,“ „კოვზი ნაცარში“, „ქორვაჭრები პასუხისგებაში“ და ა. შ. დღეს კი ყველა ე. წ. ნაციონალური ტელევიზია დიდი ვიზუალური „მებრძოლ გუშაგია“.
არადა არსებული სიტუაციის შეცვლა ძალიან მარტივად შეიძლება.
ამისთვის საჭიროა, რომ ის ჟურნალისტები, ვინც ამას აკეთებენ, დიახ, ის რიგითი ჟურნალისტები, შემსრულებლები და არა დამკვეთები, რაღაც მორალურ დისკომფორტს მაინც განიცდიდნენ. გრძნობდნენ რა დამოკიდებულებაა მათ მიმართ. თან ამას უნდა გრძნობდნენ აშკარად და ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე. მუდმივად აცნობიერებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას საკუთარ ნამოქმედარის გამო.
ეს არ არის ზედმეტობა და სისასტიკე. ეს არის ერთადერთი რეალური და ძალიან მარტივი გამოსავალი სიტუაციიდან. თუკი დამკვეთებსა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ მორალური ოსტრაკიზმი ცოტა სიმამაცეს მოითხოვს, შემსრულებელს რომ კუთვნილი ადგილი მიუჩინო, ამისთვის სულ ელემენტარული პრინციპულობაც კი საკმარისია.
თუკი საზოგადოებაში ასეთი მორალური კლიმატი არ არის, შემსრულებლები ყოველთვის მოინახებიან, თუ არის, ყველა ძალიან კარგად დაფიქრდება უღირს თუ არა ასეთ ფასად მედიის ოპერმუშაკობა.
გარდა ამისა, ასეთი მორალური კლიმატი არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად იმოქმედებდა დამკვეთებზეც, იძულებული გახდებოდნენ რაღაც შეეცვლათ, რაღაც გადაესინჯათ...
მორალურ კლიმატს ვერანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ შეცვლის, ამის შეცვლა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების შეცვლითაა შესაძლებელი.
არა მგონია, მგლის თავზე სახარების კითხვას რაიმე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ტელეკლიმატის შეცვლას იმდენად მორალური შეგონებები არ განაპირობებს რამდენადაც მისი ესთეტიური გაბაიბურება. ასეთი ტიპის პროპაგანდის მასხრად აგდება და გაღადავება.
დიდი ხანია ცნობილია, რომ რაც სასაცილო ხდება, ის უკვე საშიში აღარ არის. საქართველოში კი ესთეტიური ფაქტორი ყოველთვის უფრო ქმედითი და ეფექტური იყო, ვიდრე ეთიკური. ძველი ერი ვართ მაინც. არის ჩვენში რაღაც ანტიკური
მოკლედ, კრეატივია აქ საჭირო, შემოქმედებითი მიდგომა, ირონია, ცოტა ქედმაღლურად გადმოხედვა.
ამ მიმართებით უამრავი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალები და ტუსოვშჩიკები თუნდაც იმის ნახევარ სარკაზმს რომ ახარჯავდნენ ამ თემატიკას, რამდენსაც მაია ასათიანის პროფილს, გარწმუნებთ, უკვე სხვა სიტუაცია იქნებოდა. ჩვენი „მებრძოლი გუშაგების“ გაუვალი სნობიზმი რომ ვიცი, ერთი-ორი ფლეშ-მობი ან კუსტარული ვიდეოკლიპიც კი გაცილებით მტკივნეულად იმოქმედებდა მათზე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხალხმრავალი აქცია.
თუკი საზოგადოებაში დაიწყება იმ აზრის მუსირება, რომ ეს ტელედაპატიმრებები არა მარტო ამორალურია, არამედ გოიმობა და ქაჯობაა, ეს იქნება უაღრესად ეფექტური სვლა, რადგან გოიმებს და ქაჯებს ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი გოიმობისა და ქაჯობის გამჟღავნებისა ეშინიათ.
ისე, მართლა ქაჯობაა ეს ყველაფერი. რა, არ არის?
ექიმს 200 ლარიც რომ არ აქვს ხელფასი და 70 ლარის აღებაზე რომ დაიჭერენ, ამ ქვეყანას საქართველო ჰქვია.
ReplyDeleteვააა...ეს ბლოგი როგორ აქამდე არ ვიცოდი :))))
ReplyDeleteფრიადვე სასიამოვნოა :)))