Friday, October 29, 2010

ჩატეხილი ხიდი.

ეს ის ხიდი არ არის, ილია რომ გულისხმობდა. გაცილებით ძველია და გაცილებით დიდი ხნის წინ ჩატყდა.

კაცობრიობის ინტელექტუალური ისტორია ორ პერიოდად იყოფა - რელიგიაში ინტეგრირებულ და რელიგიისგან გამოყოფილ პერიოდებად. იყო დრო, როდესაც მთელი  ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება - მეცნიერება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტიც კი - სრულად იყო ინტეგრირებული რელიგიურ კონცეპტში. სეკულარიზმი, როგორც პროცესი, პრაქტიკულად აღორძინების ეპოქაში დაიწყო და თანდათანობით მოიცვა კულტურული ყოფის სხვადასხვა სფეროები. დღეს რელიგია, მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთისგან გამიჯნულია. ცხადია, არის შეხების წერტილები, გადაკვეთები, მაგრამ მათემატიკას, ლიტერატურას თუ მუსიკას ნამდვილად აღარავინ მოიაზრებს რელიგიური მრწამსისა და მოძღვრების ნაწილად.

ქრისტიანულ სამყაროში და ბუნებრივია საქართველოშიც,  ის ინსტიტუცია, სადაც კონცენტრირებული გახლდათ საზოგადოების მთელი ინტელექტუალური რესურსი, იყო ეკლესია. განათლების მიღება ეკლესიის გარეთ პრინციპულად ირიცხებოდა.  მღვდელი სულაც არ გახლდათ მარტო რიტუალის აღმსრულებელი. ის ითავსებდა იმ ფუნქციებსაც, რაც დღეს აკისრია მეცნიერს, მასწავლებელს, მწერალს. მოკლედ, მღვდელი ძველი გაგებით და ინტელექტუალი თანამედროვე გაგებით პრაქტიკულად იდენტური ცნებებია.

სეკულარულმა პროცესებმა ინტელექტუალური ცხოვრება ეკლესიის გარეთ გაიტანა და ეს რელიგიური ინსტიტუტი აღმოჩნდა კონკურენტულ გარემოში. ინტელექტუალური ცხოვრების უფლება მისთვის არავის ჩამოურთმევია, მაგრამ ის უკვე აღარ არის მონოპოლისტი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტია მრავალთა შორის.




მაგრამ ეკლესიის სოციალური სტრუქტურა, მის ურთიერთობების საბაზო მოდელი საერო პირებთან პრაქტიკულად იგივეა, რაც ადრეულ შუა საუკუნეებში. ეს ეხება როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიას, ისე კათოლიკურს. ეს მოდელი ავტომატურად გულისხმობს, რომ სასულიერო პირის განათლებისა და ცოდნის დონე ბევრად აღემატება საერო პირების დონეს. ხანგრძლივი დროის მანძილზე ეს ასეც იყო, ოღონდ დღეს მღვდლობა თავისთავად სულაც არ ნიშნავს რაიმე ინტელექტუალურ უპირატესობას, არადა ურთიერთობის მოდელი უცვლელია.

წარმოვიდგინოთ  მოძღვარი, რომელსაც ჰყავს სულიერი შვილები, იბარებს მათგან აღსარებას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზეც ესაუბრება, მაგრამ არის ელემენტარულად უწიგნური, გაუნათლებელი და კატეხიზმოდან დაზეპირებული ციტატების გარდა პრაქტიკულად არც არაფერი იცის. ან თუნდაც უკეთესი ვარიანტი - მეტ-ნაკლებად განსწავლულია ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ბევრი არაფერი გაეგება არც ლიტერატურის, არც ხელოვნების და არც ფილოსოფიის. ამ დროს არის არაერთი საერო პირი, რომელიც ასეთ მოძღვარზე ბევრად განათლებულია, შეიძლება მავანნი თეოლოგიურ საკითხებშიც უკეთ ერკვეოდნენ.

მაგალითად.როდესაც ადამიანი სერიოზულად ამტკიცებს, რომ “ჰარი პოტერი“ არის სატანური წიგნი და შავი მაგიის სახელმძღვანელო, პირადად ჩემთვის აქ ორში ერთია: ეს ადამიანი ან იდიოტია ან ძალიან ცუდი ტიპი. ამ ეპიკური ზღაპრიდან სატანიზმის და ბოროტების ქადაგება რომ ამოიკითხო, ტვინის გამრუდების ექსტრემალურ
შემთხვევასთან უნდა გქონდეს საქმე, მაგრამ ხომ ბევრია ისეთიც, ვინც უბრალოდ იმიტომ არ ეკარება ამ წიგნს, რომ რომელიღაც ტვინგამრუდებულმა მოძღვარმა ასე უთხრა? ბუნებრივია, მეტ–ნაკლებად ნორმალურ და განათლებულ ადამიანს ასეთ მოძღვართან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ ექნება.

ჰოდა, ხიდზე მოგახსენებდით, ჩატეხილზე.

დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი შეხების წერტილი ქართველ ინტელექტუალებსა და სასულიერო პირებს შორის. ინტელექტუალი მღვდელი საქართველოში ისევე ძნელად საპოვნელია, როგორც შუა საუკუნეებში იყო ძნელად საპოვნელი ეკლესიისგან დამოუკიდებლად განათლებული ადამიანი. ერთი–ორი შესაძლოა არის, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის და სერიოზულ პრობლემას ჰქმნის  არა მარტო ეკლესიისთვის ან მორწმუნეებისთვის..




ის, რომ ინტელექტუალებსა და ეკლესიას შორის ხიდია ჩატეხილი და ჩვენთან არ არსებობენ სამღვდელოების წიაღში მოქმედი ინტელექტუალები, ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან არ არსებობს ინტელექტუალური კონსერვატიზმი, ანუ ტრადიციული ღირებულებებისა და ქცევის ნორმების ინტელექტუალური დასაბუთება. ამიტომ ცოტა კომიკურია, როცა ამერიკული ნეოკონსერვატიზმის ქართველი თაყვანისმცემლები
დასცინიან ქალიშვილობის ინსტიტუტს (ნეტა სარა პეილინმა თუ იცის ეს ამბავი?) და ქართულ სუფრას, ისევე როგორც არანაკლებ კომიკურია, როცა ამ ტრადიციების დამცველად პრორუსული ორიენტაციის  ტიპები გამოდიან. სულ მაინტერესებს ხოლმე, რუსეთში ან სუფრული ტრადიციები სად ნახეს, ან ქალიშვილების სიჭარბე სად შეამჩნიეს.

ინტელექტუალური კონსერვატიზმის არარსებობა კი ზოგადად ნაკლულს და არასრულს ხდის მთელ ქართულ ინტელექტუალურ ყოფას. კონსერვატიზმი ხაქართველოში მხოლოდ სუფრული სადღეგრძელოების  ან რუსული შავრაზმული ლიტერატურიდან ნასესხები კლიშეების დონეზეა არტიკულირებული, რაც იმთავითვე გამორიცხავს მის სერიოზულად აღქმას. აქედან გამომდინარე ხდება ტრადიციული ღირებულებების პირდაპირი გაიგივება ჩამორჩენილობასთან,  და რამდენადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ტრადიციულ ღირებულებებს აღიარებს, “ხალხი ბნელია“  უკვე  ქართული ინტელექტუალური ცხოვრების ერთგვარი პარადიგმად იქცევა. არადა ტრადიციონალისტი და გაუნათლებელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის სინონიმები. მოსახლეობის უმრავლესობა ყველგან კონსერვატორია, მაგრამ “ხალხის სიბნელე“ არცერთ დასავლელ თუ აღმოსავლელ ინტელექტუალისთვის არ არის საბაზისო აქსიომა.

თუკი ქართულ ინტელექტუალურ ყოფას რაიმე აკლია, ესაა სწორედ კონსერვატიული და არა ლიბერალური დისკურსი. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კონსერვატიული დისკურსი არ არსებობს, ლიბერალური დისკურსიც ვერ ყალიბდება. ლიბერალობა ისევეა  გაიგივებული ზოგადად ინტელექტუალიზმთან, როგორც კონსერვატიულობა ჩამორჩენილობასთან, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ასე რომ იყოს, გაბრიელ მარსელი, რომანო გვარდინი, აბულ–კალამ აზადი, არნოლდ ტოინბი თუ ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი გაუნათლებელ ბნელებად უნდა ჩავთვალოთ.

ხიდი რა შუაშიაო, იკითხავს ვიღაც. იმ შუაშია, რომ ინტელექტუალური კონსერვატიზმი მთელ მსოფლიოში ეფუძნება რელიგიას და რელიგიური ინსტიტუტების წიაღში იწარმოება. კათოლიკურ უნივერსიტეტებსა და იეზუიტთა კოლეჯებზე რომ არაფერი ვთქვა, მართლმადიდებლურ სამყაროშიც, კერძოდ რუსეთში, შავრაზმულ–იმპერიალისტურის გარდა არის კონსერვატიზმის ძალიან სერიოზული ინტელექტუალური ტრადიცია, რომელიც მოდის სლავიანოფილების, განსაკუთრებით კი ვლადიმირ სოლოვიოვის ფილოსოფიური მემკვიდრეობიდან. ეს ტრადიცია, რომლის საილუსტრაციოდ მარტო ცნობილი კრებული  вехи–ს გადაკითხვაც საკმარისია, ისეთ მსოფლიო რანგის ინტელექტუალებს ითვლის, როგორებიც არიან: ნიკოლაი ბერდიაევი, სემიონ ფრანკი, პაველ ფლორენსკი, პიტირიმ სოროკინი, სერგეი ავერინცევი და ბევრი სხვა. ახლაც რუსული ეკლესიის სივრცეში არაერთი ინტელექტუალია, რომელიც მეცნიერთა და ხელოვანთა წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.




არაფერი ამის მსგავსი  საქართველოში არ გვაქვს და არც გვექნება, სანამ თავად ეკლესიაში არ მოხდება ამ საკითხისადმი სერიოზული მიდგომა. ხომ სრულიად ელემენტარული განათლებაა საჭირო, რათა ადამიანმა არ თქვას იმისთანა სისულელე, როგორიცაა “შარვლიანი დედაკაცი სძაგს უფალსა“ ან რაღაც ამის მსგავსი? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია ისეთი დონის დებატები, როგორიც შედგა თავის დროზე ცნობილ ფილოსოფოს ბერტრან რასელსა და იეზუიტ მოძღვარ ფრედერიკ კოპლსტონს შორის.

როგორ უნდა მოხერხდეს ეს, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ამისთვის ეკლესიის წიაღშივე უნდა დაიწყოს რაღაც პროცესები. ცალკე თემაა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც დღეს უბრალოდ არაადექვატურია და ერთი ხელით ეკლესიაზე დარტყმების, მეორე ხელით კი მისი მოსყიდვის მცდელობებში გამოიხატება, რაც არანაირად არ უწყობს ხელს ჯანსაღი პროცესების დაწყებას, მაგრამ აქ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის მთავარი. მთავარია ამ თემაზე ქართულ ინტელექტუალურ საზოგადოებაშიც დაიწყოს მსჯელობა და ბოლოს და ბოლოს მოხდეს იმ ელემენტარული ბანალობის გაცნობიერება, რომ კონსერვატიზმი ყოველთვის არ უდრის სიბნელეს.


P. S. ცოტა რომ გავხალისდეთ, კაი კონსერვატიული როკით დავამთავროთ :))





Saturday, October 16, 2010

როგორ დავამთავროთ ტელედაპატიმრებები

დღე არ გადის ვინმეს დაჭერა რომ არ გვახარონ ტელეეკრანიდან.

აგერ, ედუარდ სურმანიძე დაუჭერიათ, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და კომიტეტის თავმჯდომარე, ვიღაც გერმანელი დილეგში ჰყავდა გამომწყვდეული, სხვებთან ერთად ცემდა და ფულს ძალავდაო.

მანამდე ებრაელი ბიზნესმენები დააკავეს, ისრაელის მოქალაქეები, სამოცდაათი მილიონი ჰქონდათ მოგებული საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსთვის და მინისტრის მოადგილეს ებაზრებოდნენ, არ გააპროტესტოთ და იმ ფულიდან შვიდ მილიონს შენ დაგიატკატებთო.

ცოტა უფრო ადრე ყოფილი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დაიჭირეს, სკოლებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისაო.

კიდევ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაპატიმრება მახსოვს, ისევ და ისევ კორუფციისთვის.

არც ისე დიდი ხნის წინ იყო ჯგუფური დაჭერებიც, როცა დააპატიმრეს ათზე მეტი ექიმი და ასზე მეტი გარე მოვაჭრე.  

გარდა ამისა ჩვენ ყველანი ვართ იმის მოწმენი, თუ როგორ იჭერენ ვიღაც მკვლელს, მძარცველს, ქურდს, მექრთამეს, თაღლითს და ა. შ. კრიმინალურ ელემენტებს.

მოკლედ, ტელევიზიით რეკლამირებული დაჭერა-დაპატიმრებები რომ ჩვენი ცხოვრების თანამდევ ფონად იქცა. ამაზე არა მგონია ვინმე შემომედაოს.

ერთადერთი კითხვა მაწუხებს სულ, რაც ყველაფერ ამას ვუყურებ: რანაირად შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს?


რანაირად შეიძლება რაღაც დისკომფორტის გრძნობა მაინც არ გაგიჩნდეს ნორმალურ ადამიანს, ყოველდღე რომ ხედავ ვიღაც ხელებგადაგრეხილს და ბორკილებგაყრილს, ფარული კამერით გადაღებულ ფულის დათვლის სცენას, დაკავებულთა  აღიარებით ჩვენებებს და რობოტებივით მოდუდუნე შსს-პროკურატურის ახალგაზრდა სპიკერებს: ამა და ამ უწყების იმა და იმ ოპერატიული სამსახურის მიერ  დაკავებული იქნა ესა და ეს პირი, რომელმაც ჩაიდინა ამა და ამ მუხლის იმა და იმ პუნქტით გათვალისწინებული ისა და ის დანაშაული... სასამართლომაც, რასაკვირველია, გაითვალისწინა რა ის, რაც გასათვალისწინებელი იყო, ეჭვიმატანილს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა.

გასაგებია, რომ კრიმინალს უნდა ებრძოლო და დამნაშავე უნდა დაიჭირო, მაგრამ ერთი მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყანა მაინც დამისახელოს ვინმემ, სადაც ნაციონალური მასშტაბის ტელეარხების მთავარი თემა ყოველდღე (ყოველდღე!) ვიღაცის დაჭერა-დაკავება-დაპატიმრებებია, ან თუნდაც ისეთი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ ხდებოდა და ამით ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბდა?

ვითომ ამ დაჭერების გაუთავებელი სერიალით მოსახლეობაში სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის განცდა მკვიდრდება? მეტი არაა ჩემი მტერი! აი,  რეპრესიული აპარატის წინაშე დაუცველობის განცდა კი ნამდვილად მკვიდრდება.


ის რაც ჩვენს ტელევიზიებში ხდება, უკვე ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. საბჭოთა დროს შსს-ს გაზეთი გამოდიოდა, „მებრძოლი გუშაგი“, სადაც ინეჭდებოდა სტატიები სათაურით „აბა რა ეგონათ,“ „კოვზი ნაცარში“, „ქორვაჭრები პასუხისგებაში“ და ა. შ. დღეს კი ყველა ე. წ. ნაციონალური ტელევიზია დიდი ვიზუალური „მებრძოლ გუშაგია“.  

არადა არსებული სიტუაციის შეცვლა ძალიან მარტივად შეიძლება.

ამისთვის საჭიროა, რომ ის ჟურნალისტები, ვინც ამას აკეთებენ, დიახ, ის რიგითი ჟურნალისტები, შემსრულებლები და არა დამკვეთები, რაღაც მორალურ დისკომფორტს მაინც  განიცდიდნენ. გრძნობდნენ რა დამოკიდებულებაა მათ  მიმართ. თან ამას უნდა გრძნობდნენ აშკარად და ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე. მუდმივად აცნობიერებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას საკუთარ ნამოქმედარის გამო.

ეს არ არის ზედმეტობა და სისასტიკე. ეს არის ერთადერთი რეალური და ძალიან მარტივი გამოსავალი სიტუაციიდან. თუკი დამკვეთებსა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ მორალური ოსტრაკიზმი ცოტა სიმამაცეს მოითხოვს, შემსრულებელს რომ კუთვნილი ადგილი მიუჩინო, ამისთვის სულ ელემენტარული პრინციპულობაც კი საკმარისია.

თუკი საზოგადოებაში ასეთი მორალური კლიმატი არ არის, შემსრულებლები ყოველთვის მოინახებიან, თუ არის, ყველა ძალიან კარგად დაფიქრდება უღირს თუ არა ასეთ ფასად მედიის ოპერმუშაკობა.

გარდა ამისა, ასეთი მორალური კლიმატი არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად იმოქმედებდა დამკვეთებზეც, იძულებული გახდებოდნენ რაღაც შეეცვლათ, რაღაც გადაესინჯათ...

მორალურ კლიმატს ვერანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ შეცვლის, ამის შეცვლა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების შეცვლითაა შესაძლებელი.

არა მგონია, მგლის თავზე სახარების კითხვას რაიმე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ტელეკლიმატის შეცვლას იმდენად მორალური შეგონებები არ განაპირობებს რამდენადაც მისი ესთეტიური გაბაიბურება. ასეთი ტიპის პროპაგანდის მასხრად აგდება და გაღადავება.


დიდი ხანია ცნობილია, რომ რაც სასაცილო ხდება, ის უკვე საშიში აღარ არის. საქართველოში კი ესთეტიური ფაქტორი ყოველთვის უფრო ქმედითი და ეფექტური იყო, ვიდრე ეთიკური. ძველი ერი ვართ მაინც. არის ჩვენში რაღაც ანტიკური

მოკლედ, კრეატივია აქ საჭირო, შემოქმედებითი მიდგომა, ირონია, ცოტა ქედმაღლურად გადმოხედვა.

ამ მიმართებით უამრავი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალები და ტუსოვშჩიკები თუნდაც იმის ნახევარ სარკაზმს რომ ახარჯავდნენ ამ თემატიკას, რამდენსაც მაია ასათიანის პროფილს, გარწმუნებთ, უკვე სხვა სიტუაცია იქნებოდა. ჩვენი „მებრძოლი გუშაგების“ გაუვალი სნობიზმი რომ ვიცი, ერთი-ორი ფლეშ-მობი ან კუსტარული ვიდეოკლიპიც კი გაცილებით მტკივნეულად იმოქმედებდა მათზე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხალხმრავალი აქცია.

თუკი საზოგადოებაში დაიწყება იმ აზრის მუსირება, რომ ეს ტელედაპატიმრებები არა მარტო ამორალურია, არამედ გოიმობა და ქაჯობაა, ეს იქნება უაღრესად ეფექტური სვლა, რადგან გოიმებს და ქაჯებს ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი გოიმობისა და ქაჯობის გამჟღავნებისა ეშინიათ.

ისე, მართლა ქაჯობაა ეს ყველაფერი. რა, არ არის?


Wednesday, October 13, 2010

გაუპარსავი ტაქსისტების, ინგლისურენოვანი ყივჩაღებისა და არაეროვნული ხელისუფლების ეროვნულობის შესახებ

თუკი რაიმე ნერვებს მიშლის ქართულ ყოფით კულტურაში, ესაა ერთის მხრივ ჩვენი ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა - აი, შენთვის რომ მოიკლებ და სტუმარს თან გადაჰყვები, სიტყვა „საუცხოო“ რომ უცხოელისთვის საკადრისს აღნიშნავს და ა. შ. და მეორეს მხრივ ის ქედმაღლური უპირატესობის განცდა, რაც კარგები ვართ, ქართველები რომ ვართ. განსაკუთრებით მაკვირვებს სრულიად ირაციონალური თავსებადობა, რომელიც ქართულ ხასიათში ამ ორი თვისების ჰარმონიულ თანაარსებობაში ვლინდება. მართლაც უცნაური დუალიზმია: თან ფიანდაზად ეგები და თან ზემოდან დაჰყურებ. მსგავსი რამ მარტო ვახტანგ რჩეულიშვილმა მოახერხა ერთხელ წინასაარჩევნო პლაკატში: შევარდნაძე იჯდა, თვითონ იდგა და მაინც ქვემოდან ზემოთ აჰყურებდა.

სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს ქართველობის გამო ქედმაღლობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ , მაგრამ რაც შეეხება უცხოელებს, მათ მიმართ ისინი ტიპიური ქართველები არიან. არ ვიცი რა დავარქვა ამ ტიპიურ დამოკიდებულებას,   ქართულ ენაში არ არსებობს ზუსტი შესატყვისი რუსული სიტყვისა раболепный, არადა ზუსტად ეგაა.

მაგალითად პრეზიდენტი მიდის ახალი აეროპორტის მოსანახულებლად, სადაც ამბობს ფანტასტიურ ფრაზას: „ არ დავინახო გაუპარსავი ტაქსისტი აეროპორტში!“ თითქოსდა ვინ ჰკითხავს პრეზიდენტს ტაქსისტი გაპარსული იქნება თუ არა, მაგრამ აბა უცხოელი რომ ჩამოვა, სირცხვილი არაა ვიღაც გაბურძგნულ ტიპს ჩაუჯდეს მანქანაში? იმ უცხოელს ხომ რუსული პროპაგანდა ისედაც სულ მუქ ფერებში უხატავს აქაურობას? ჰოდა ჯერ ილუმინატორიდან რომ გადმოხედავს და ჩაბნელებულის ნაცვლად გაჩახჩახებულ საქართველოს იხილავს, მერე დახვდება აეროპორტი,  რომელიც ამსტერდამსაც ჯობია და მიუნჰენსაც, მერე კარგად გაპარსული, ინგლისურად მოლაპარაკე ტაქსისტი გაიყვანს ბუშის ქუჩით ილუმინირებულ რუსთაველზე და ბოლოს ამდენ მსოფლიო ბრენდის სასტუმროებს რომ დაინახავს, სულ გამოსირდება - ეს რა მაგარი ქვეყანა ყოფილაო.

არ ვაჭარბებ, დაახლოებით ასეთი მონოლოგი დარტყა. იმას, რომ „გამოსირდებას“ ნაცვლად „გამოშტერდება“ თქვა, არა მგონია პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს. და რაი მერე? არც არაფერი. დასცინა ვინმემ რა სისულელეს ლაპარაკობო, უსაყვედურა, შეეკამათა თუ რა?

საერთოდ ჩვენი პრეზიდენტი გვანებივრებს ექსტრაორდინარული გამონათქვამებით, მაგრამ გაუპარსავი ტაქსისტების აკრძალვა რატომღაც ნაკლებად დაამახსოვრდა ხალხს. 25 წელი რომ ატარა მოსემ ებრაელები უდაბნოში, ახსოვთ,  რუსთაველი რომ გრიგოლ ორბელიანში აურია, ახსოვთ, გაუპარსავი ტაქსისტი - არ ახსოვთ.

არ ახსოვთ იმიტომ რომ უცხოელების მიმართ ასეთი მაამებლობა (სტუმართან არ შევრცხვეთ!) არაა უცხო ქართული მენტალიტეტისთვის, ეს არავის აღიზიანებს და უთავმოყვარეობად არ აღიქმება.

დაახლოებით იგივე ვარიანტია ათი ათასი ინგლისურენოვან ყივჩაღის ამბავიც. ამას წინათ ეკა ხოფერიას გადაცემას ვუყურებდი და იქაც ლაპარაკი ძირითადად იყო იმაზე ინგლისური უფრო გვჭირდება თუ რუსული.  თან მავანნი ისე წარმოადგენენ ამ ინიციატივას, თითქოს ეს თავისთავად იყოს რაღაც პროგრესულობის შემცველი მესიჯი და ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის პრორუსულ და რეაქციულ განწყობილებებს აღვივებს. სამაგიეროდ  „ყივჩაღების“ სასარგებლო არგუმენტად მოჰყავთ, რომ თურმე  ეს იქნება ის ხალხი, ვინც საქართველოს სახელს გასტყორცნის, გააჯირითებს. ანუ, გაიცნობენ აქაურობას, მოიხიბლებიან ჩვენით და მერე მთელ მსოფლიოში უფასო რეკლამას გაგვიკეთებენ.  რაც ყველაზე სასაცილოა, ამას ძირითადად ისინი ამბობენ, ვისაც ქართულ საზოგადოებაზე უკიდურესად დაბალი აზრი აქვს და ყოველ მათგანს ძალიან ეწყინება თუ ეტყვი, რომ ასეთი მიდგომა წმინდა ქართულია და დასავლურ რაციონალიზმთან ფრიად მწყრალადაა.

ბა რა დიდი ფილოსოფია უნდა იმას, რომ რუსული ენის კარგად ცოდნა არანაირად არ ნიშნავს გარუსების პოტენციურ საფრთხეს, ისევე როგორც ინგლისურის ცოდნა  არ გაგვხდის უფრო პროდასავლურებად? ინდოეთში ინგლისური ყველამ იცის და ზიმბაბვეშიც, თუმცა, არც ერთი და არც მეორე ქვეყანა ნამდვილად არ არის დასავლური კულტურის ნაწილი. მთელ ჩეჩნეთს და დაღესტანს კი რუსულად აქვს განათლება მიღებული, მაგრამ იქ რომ ანტირუსული განწყობებია, იმისთანა უნდა.


ოღონდ ჩვენთან ამ ელემენტარული ჭეშმარიტების დანახვაც არ სურთ, იმიტომ რომ უცხო ენას რაღაც მისტიკური ძალმოსილება მიეწერება, ისევე როგორც ნებისმიერი დეგენერატი უცხოელის აზრს საქართველოზე.

ინგლისური გვჭირდება იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად საერთაშორისო კომუნიკაციის ენაა და არა იმიტომ, რომ ამით უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს. მასწავლებლების ჩამოყვანის ინიციატივა უნდა შეფასდეს არა იმით, თუ რას იტყვიან ისინი საქართველოზე, ან უპირატესობაში ჩავუთვალოთ ის ფაქტი, რომ მათი მშობლიური ენა ინგლისურია, არამედ იმით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ ამგვარი ინიციატივით ინგლისურის სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან და არის თუ არა ეს დანახარჯი რელევანტური. თითქოს ძალიან მარტივია არა?

მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ, მათ შორის ისინიც, ვისაც მუდამ უკიჟინებენ, რომ ყველაფერ ქართულს ებრძვიან. ამასაც იმიტომ აბრალებენ, რომ  მათში ვერ ხედავენ ქართველობით სიამაყეს და თავმოწონებას, თორემ ასევე ტრადიციული,  დამოკიდებულება უცხოურის და უცხოელების მიმართ ჭარბად აქვთ ღვთისგან მომადლებული. ჰოდა, დისბალანსია ეს, მეტი არაფერი.

ვინ თქვა არაეროვნული ხელისუფლება გვყავსო? ნახევრად ეროვნული მაინც ეთქვათ...



Monday, October 11, 2010

როდის გვეშველება, ანუ კიდევ ერთხელ ორიენტირზე

პრინციპში იგივეს თქმას ვაპირებ, რაც ადრე ვთქვი ერთ პატარა პუბლიკაციაში, რომელსაც ორიენტირი ერქვა და  „ეშმაკის ადვოკატის ბლოგზე“ დევს. ოღონდ ახლა შევეცდები ცოტა სხვანაირად ვთქვა.

ქართული საზოგადოების ე. წ. ლიბერალურ ნაწილში პრაქტიკულად აქსიომადაა მიჩნეული რომ ჩვენი საზოგადოება ჩამორჩენილია და მისი მენტალიტეტი ჯერ კიდევ მძიმედაა დაავადებული ტოტალიტარიზმის სენით. თუმცა, როგორც კი დაკონკრეტებას მოითხოვ, ძირითადად ისეთი საკითხები წამოიწევა ხოლმე წინა პლანზე, რომელიც სულაც არ მიუთითებს არც პროგრესულობაზე და არც რეტროგრადულობაზე. თან, არცთუ იშვიათად, ეს პრობლემატური საკითხები ისეთ ღრმა ეთნოფსიქოლოგიურ და კულტურულ შრეებს ეხება,  გასაკვირი სულაც არ არის როცა საპასუხო რეაქციის სახით საზოგადოებაში ვრცელდება აზრი, რომ „ქართველობას ებრძვიან.“ 

მაინც, რა არის ის მთავარი ნიშანი (ან ნიშნები) რაც ლიბერალურ–დემოკრატიულ საზოგადოებებსა და ჩვენნაირი პოსტკომუნისტური ქვეყნის საზოგადოებებს ერთმანეთისგან განასხვავებს?

უცნაურია, მაგრამ ასეთი კითხვის დასმა მგონი თავში არასდროს მოსვლია იმ ხალხს, ვინც მუდამ ქართული საზოგადოების ჩამორჩენილობაზე  ჩივის,

ესეც არ მგონია შემთხვევითი ამბავი, რადგან საკმარისია ასეთი კითხვა დასვა და შენდა მოულოდნელად აღმოაჩენ: ეს განმასხვავებელი ნიშნული არ არის არც სექსუალური ურთიერთობისადმი დამოკიდებულება, არც რელიგიური ინსტიტუციების ავტორიტეტი, არც სუფრული ტრადიციები და საერთოდ  არაფერი ისეთი, რისი წაღმა–უკუღმა ტრიალიც უყვართ ხოლმე ჩვენებურ ლიბერალებს.

წყალგამყოფს ვერც კანონმორჩილებაზე გავავლებთ.  რიგითი  იტალიელი ან  პორტუგალიელი ქუჩაში მოძრაობის წესებს დაახლოებით ისევე არღვევს, როგორც რიგითი ქართველი, კლანურობა შოტლანდიელების მოგონილია, ამერიკაში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის დალევა 21 წლამდე, მაგრამ სტუდენტები ყველა კოლეჯსა და უნივერსიტეტში სვამენ. თან ეს იცის აბსოლუტურად ყველამ, მაგრამ „ჩაშვების“ პრეცედენტი ძალიან იშვიათია.

და საერთოდ, საქმე საქმეზე თუ მიდგება, აიოველი ფერმერი არაფრით არაა კახელ გლეხზე პროგრესული ტიპი, შეიძლება ითქვას უფრო კონსერვატორიც კია. იქაურ ფუნდამეტალისტებს ამბავი აქვთ სკოლებში  დარვინის ევოლუციის თეორიას რატომ ასწავლითო, ჩვენი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი თავისუფლების ინსტიტუტად მოგეჩვენება.  

თუმცა, განსხვავება ცხადია არის და ძალიან არსებითი ხასიათის.

ესაა საზოგადოებრივი მორალის ნორმად ქცეული დამოკიდებულება ადამიანის, პიროვნების, პერსონის მიმართ.

იმ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო სისტემა ლიბერალურ-დემოკრატიაა, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების ნებისმიერი ხელყოფა მომენტალურად იწვევს მწვავე რეაქციას და არა მარტო მათში, ვისაც ეს ხელყოფა უშუალოდ ეხება. აბა გაბედოს რომელიმე ხელისუფალმა და ვთქვათ კანონდარღვევით ვინმეს კერძო საკუთრება წაართვას. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ბრძანების გამცემიც და შემსრულებელიც შავ დღეში ჩავარდება. მასმედიის და უფლებადამცველების რისხვას ვინ ჩივის, შეიძლება მეზობლებმა და ნათესავებმაც კი სიცოცხლის ბოლომდე ხმა არ გასცენ.

ლიბერალურ დემოკრატიულ საზოგადოებებში ნებისმიერი ადამიანის უსამართლოდ დაჩაგვრა ავტომატურად აღიქმება იმის სიგნალად, რომ ხვალ შენც შეიძლება ასე მოგექცნენ. პრაქტიკულად ეს რეფლექსიის ამბავია და არა გააზრების, ანუ წმინდა მორალური საკითხია და არა ინტელექტუალური. იქ ადამიანს ამის სწავლა, განსჯა და ტრეინინგი არ ჭირდება. მან ეს ისედაც იცის, რადგან პიროვნების დომინანტი ყველანაირი სისტემების მიმართ, ლიბერალ-დემოკრატიულ სახელმწიფოებში უკვე ეროვნული კულტურის ნაწილია.

რაც აქამდე დავწერე, ალბათ საკმაოდ ბანალური პოსტულატების წყებაა, მაგრამ საკმარისია ეს ყველაფერი დღევანდელ ქართულ რეალობას მივუსადაგოთ, რომ სულ სხვა სურათს მივიღებთ   

თუკი ვინმე დღეს ქართველ ლიბერალად მოიაზრებს თავს და ქართული სახელმწიფოს მომავალი ლიბერალური დემოკრატიის საფუძველზე წარმოუდგენია,  უპირველეს ყოვლისა სწორედ ადამიანის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების  დამკვიდრებას უნდა ცდილობდეს. თუ არ ცდილობს, ესე იგი ლიბერალური დემოკრატია არც ნდომებია.

და სრულიად ზედმეტია ყოველგვარი ლაპარაკი ევროპეიზაციაზე, მოდერნიზაციაზე, მენტალურ რევოლუციაზე, დეკომუნიზაციასა თუ დესოვეტიზაციაზე, თუკი ამ საზღვარგარეთული სიტყვების უკან არ დგას პიროვნების  დომინანტი. არანაირი სახელმწიფო ინტერესი არ ღირს ერთი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის ტკივილად და ეს არ არის არც იდეალიზმი, არც გულუბრყვილობა და არც მხოლოდ  დოსტოევსკის პერიფრაზა. ეს ლიბერალური დემოკრატიის, ან თუ გნებავთ, მენტალიტეტის ფუძემდებლური პრინციპია. არა თეორიული დოგმა, არამედ სახელმძღვანელო მოქმედებისთვის. (ახლა ამ ალუზიისთვის სტალინისტობა არ დამაბრალოთ! დ. ზ.)

ამიტომ მაპატიოს ყველამ, მაგრამ არ მჯერა მათი ლიბერალობის, ვისაც სანდრო გირგვლიანის საქმეში ოპოზიციის მიერ ამ ფაქტით ოპერირება უფრო აღიზიანებს, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან მოძალადეებზე მატროსოვივით გადაფარება, ვინც ნორმალურად მიიჩნევს რესტორნებში დამაგრებულ ფარულ კამერებს, ვისაც მოსწონს  სოდი, კუდი და მანდატურები სკოლებში

როცა ხედავ, რომ რომელიმე თუნდაც ძალიან მწყობრი სისტემის გამო კონკრეტული პიროვნება უსამართლოდ დაიჩაგრა, ის კი არ უნდა თქვა, რა მოხდა მერე, სამაგიეროდ სისტემა ხომ 85%–იანი სიზუსტით მუშაობსო, არამედ დაჩაგრულის მხარე უნდა დაიჭირო, ყოველგვარი "მაგრამების" და "თუმცების" გარეშე.

პიროვნების დომინანტი არის ის უმცდარი ორიენტირი, რომელიც მუდმივად (არა ერთხელ და სამუდამოდ, არამედ მუდმივად) გაიძულებს არ ჩაიკეტო რაღაც,  ნაციონალისტურ, რელიგიურ ან თუნდაც ვულგარიზებული ლიბერალიზმის კლიშეებში, მოახდინო ნებისმიერი თეორიის, დოქტრინისა და სისტემის გადასინჯვა, მისი ერთგვარ "აფდეითი". სწორედ ამიტომაა ლიბერალური დემოკრატია მუდმივად განახლებადი და არ ძველდება, როგორც სისტემა.

და თუკი ამგვარი დამოკიდებულება დამკვიდრდება საზოგადოებრივი მორალის დონეზე, ჩათვალე, რომ ესაა პასუხი მარადიულ კითხვაზე "როდის გვეშველება?"

იმიტომ, რომ ნამდვილი დესოვეტიზაცია და დეკომუნიზაცია ესაა და არა ოკუპაციის მუზეუმი თუ სტალინის ძეგლის ჩამოკვარცხლბეკება.

ნამდვილი ევროპეიზაცია და მოდერნიზაციაც ესაა და არა ნაგვის დაყრასა და ქუჩაში წითელზე გადასვლისთვის დაჯარიმება გადაცმული პოლიციელების ხელით.

და თუ რაიმე მენტალურ ცვლილებებს უნდა ვესწრაფოდეთ ქართულ საზოგადოებაში, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამგვარი დამოკიდებულების.

გთხოვთ, სწორად გამიგოთ: არც სტალინის ძეგლი მინდა, არც ნაგავი ქუჩებში, არც კრიმინალთან ბრძოლის საწინააღმდეგო არფერი მაქვს და პასპორტის აღების გამარტივებული პროცედურაც მომწონს, მაგრამ ეს არ არის პრიორიტეტი თუკი ლიბერალიზმზე, ევროპეიზაციაზე, მოდერნიზაციაზე და სხვა რამ საზღვარგარეთულ სიკეთეებზე ვლაპარაკობთ, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა იყოს,  

თითქოს ძალიან ელემენტარულია, მაგრამ დღესდღეობით მაინც გვიჭირს იმის გაცნობიერება, რომ პიროვნების უფლებებისა და თავისუფლებების დამკვიდრების გარეშე, ადამიანის მიმართ სოლიდარობის გარეშე არც სტაბილური წესრიგი გვექნება, არც უსაფრთხოება და ვერც ვერანაირი უმცირესობების დაცვა ვერ გამოგვივა, რელიგიური იქნება იგი, ეთნიკური თუ სექსუალური.

რადგან საზოგადოება, რომელიც უსაფრთხოებას ირჩევს თავისუფლების სანაცვლოდ, არც თავისუფლებას იმსახურებს და არც უსაფრთხოებას.

ეს ჩემი ნათქვამი არ არის, რონალდ რეიგანმა თქვა. კაი კაცი იყო ცხონებული.


Sunday, October 10, 2010

მოდერნიზაციის სექსუალური ხიბლი

სკანდალური სახელის მოპოვება საქართველოში ძნელი არ არის. მთავარია ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მარტივია და სულ ორი კომპონენტისგან შედგება

1. პერსონაჟი: საკრალური ისტორიული ფიგურა. ვთქვათ, დავით აღმაშენებელი, წმინდა ნინო, ილია ჭავჭავაძე, ქეთევან წამებული, ივანე ჯავახიშვილი... რამე რომ იყოს, დიმიტრი თავდადებული და აკაკი წერეთელიც წავა.

2. კონტექსტი: ჰომოსექს-ლესბოსური კავშირი,  ინცესტი, ჯგუფური სექსი, სადო–მაზო...  რამე რომ იყოს, მინეტი და ონანიზმიც წავა...

ამის შემდეგ  კი პირველი პუნქტის პერსონაჟი უნდა ჩავსვათ მეორე პუნქტის კონტექსტში. კონკრეტულად რა სიუჟეტური სვლები იქნება მოფიქრებული, პრინციპული მნიშვნელობა აღარა აქვს. სკანდალი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. თუმცა, რაც შეიძლება სწრაფი და ხმაურიანი  რეზონანსის უზრუნველსაყოფად სასურველია ნაწარმოების პერვერსიული ფრაგმენტები მიეწოდოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, გაზეთ „ასავალ–დასავალის“ რედაქციას, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, ილიას უნივერსიტეტს, თავისუფლების ინსტიტუტს და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას... რამე რომ იყოს, მრეწველები  და ლეიბორისტებიც წავა.

ახლა დავფიქრდი და მე კი ვღადაობ, მაგრამ ვიღაც ტვინგადაბრუნებულმა შეიძლება ეს ყველაფერი სპეციალურად გამოგზავნილ ინსტრუქციად ჩათვალოს და წადი და ამტკიცე მერე, რომ ქართველი ერის გაპიდარასტების ვერაგული გეგმის ნაწილი არა ხარ...

არადა სულ სხვა რამის თქმა მინდა.

საერთოდ, გამომწვევი ქცევით და არანორმატიული ლექსიკით  საზოგადოების  პროვოცირება, დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ტაბუების ხელყოფა, კულტურული პროცესის მუდმივი ატრიბუტია. კულტურის განვითარების დინამიკა ამგვარი პროვოკაციების გარეშე წარმოუდგენელია, ისიც ბუნებრივია, რომ ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს პროტესტის გრძნობა გარემომცველი რეალობის, მათ შორის გაქვავებულ კლიშეებად  ქცეული კულტურული ფასეულობების მიმართ. თუმცა, ასეთ ბანალობაზე როგორ ამოვიღებდი ხმას, პერვერსიულობა და ეპატაჟურობა ზოგადად რომ არ ითვლებოდეს პროგრესულობის და „პრადვინუტობის“ რაღაც კოდურ ნიშნად. საკმარისია ვინმემ დაწეროს: „შეგეცით ქართველებოო“ რომ ეს ფრაზა  ქართველების ახალგაზრდულ–ლიბერალური ნაწილისთვის დახლოებით ისევე გაიჟღერებს, როგორც კიპლინგისეული „მე და შენ ერთი სისხლისა ვართ.“

თვით ხელოვნების და კულტურის კონტექსტშიც კი ეპატაჟი არ არის  თვითკმარი პოზიტივი და თუკი ვიღაც პოეტი გენიტალიებს ხშირად ახსენებს,  მხოლოდ ამის გამო მისი ლექსები დიდად პროგრესულ მოვლენად არ უნდა ითვლებოდეს.  პოსტსაბჭოთა ეპოქის პირველ ხანებში, ისევე როგორც გასული საუკუნის ოციან წლებში, ამგვარ ეპატაჟს კიდევ რაღაც ეფექტი ჰქონდა. დღეს კი, როცა ტოტალური ცენზურის ეპოქას ოცი წელი გვაშორებს, ეს საყმაწვილო სენი კარგა ხნის მოხდილი უნდა გვქონდეს, მაგრამ არა... .

არ ვიცი რატომ, რანაირად და საიდან დამკვიდრდა ამ ქვეყანაში აზრი, რომ სექსუალური თემების წაღმა-უკუღმა ტრიალი ავტომატურად გულისხმობს პროგრესულობას, თუმცა, ფაქტია, რომ დამკვიდრდა, უფრო მეტიც, ვარდების რევოლუციის მერე ხელისუფლების სათავეში მოვიდა პოლიტიკოსთა ის თაობა, ვისაც ამაში ეჭვიც არ ეპარება და შიგადაშიგ ამგვარი ტიპის მესიჯებით საკუთარი „პრადვინუტობის“ დემონსტრირებასაც ახდენს. ეს კი ძალიან არაჯანსაღ ფონს ქმნის იმ საზოგადოებაში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც ღარიბია და ლუკმა- პურის შოვნაზე ფიქრობს. არ მითხრათ ახლა, არ მოდის და აბრალებენო.  მოდის! ჯერ კიდევ განმუხურის ბუჩქებიდან მოდის და თან სრული სერიოზულობით აღიქმება მოდერნიზაციის სტიმულირებად.

არც ისე დიდი ხნის წინ ჰოლანდიაში იყო ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა გახნა. ამ გამოფენის ერთ–ერთ მთავარ ექსპონატი კედელზე ჩამოკონწიალებული მამაკაცის სასქესო ორგანო გახლდათ, თოკის მოქაჩვით რომ ზეაღიტყორცნებოდა და ერექტულ მდგომარეობაში ატკბობდა დამთვალიერებელის მზერას.

მე რომ მკითხოთ, ეს სუფთა სირობაა (ბოდიში უნებლიე კალამბურისთვის), თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას პიარის კონტექსტში აქვს ლოგიკა: ის, რომ ამგვარი ექსპონატი ხელისუფლების კურთხევით იყო წაღებული საზღვარგარეთ, ეჭვს არ იწვევს და როცა ევროპელი დამთვალიერებელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად გაშტრიკინებულ ფალოსს იხილავს, მან შეიძლება ბევრი რამ იფიქროს ამ ქვეყანაზე და მის ხელისუფლებაზე, მაგრამ რას არ იფიქრებს და იმას, რომ ეს ხელისუფლება პატრიარქალური და ტრაიბალური ცნობიერების მატარებელია.



მოკლედ, ფალოს ერექტუსი, როგორც მოდერნიზაციის სიმბოლო, ამ შემთხვევაში მუშაობს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ აქ იმდენად გათვლილ ჩანაფიქრთან არა გვაქვს საქმე, რამდენადაც  გულწრფელობასთან. მათ მართლა ასე ჰგონიათ და კედელზე ჩამოკიდებული სირით პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე ახდენენ თავისივე  პროგრესულობის რეპრეზენტაციას. დაახლოებით იგივე ვარიანტი იყო „ღამე შორენასთან,“  სადაც ბორდელის ბოზივით დაზმანული შორენა ბეგაშვილი სხვადასხვა პოზაში ცდილობდა მაყურებლისთვის აეხსნა რა კარგი რამაა სექსი და რა ჩამორჩენილები ვართ ქართველები, ეს რომ არ გვესმის.

საოცრად უგემოვნო და გულისამრევად ქაჯური გადაცემა, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სხვა მიზანი არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეჩვენებინა ხელისუფლების სწრაფვა საზოგადოების მოდერნიზაციისკენ.  რა ჰქნან, მათ ასე ესმით მოდერნიზაცია. ახლაც არ მითხრას ვინმემ ხელისუფლება რა შუაშიაო. ტელეიმედზე რაც გადის, იქ ხელისუფლება შუაში კი არა, ყველგან თავშია.



კიდევ ერთი მაგალითი: დაახლოებით წლინახევრის წინ ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთი ქალბატონი გამოვიდა იდეით, რომ რუსთაველზე მოწყობილიყო ე. წ. „სექსუალური პარადი“ - ბიკინებში ჩაცმული ქალწულობადაკარგული ქალების მარში პრეზერვატივების დარიგებით და სხვა კაი ამბებით. მართალია,  ეს აქცია არ  შედგა, მაგრამ მესიჯის დონეზე მაინც დარჩა მავანთა ცნობიერებაში. ისევე როგორც გეი პარადი, რომელიც არც იგეგმებოდა, მაგრამ ბევრი დღემდე დარწმუნებულია, რომ არათუ აპირებდნენ, არამედ ჩუმად ჩატარდა კიდეც...

 ისე სახალისო საყურებელი კი იქნებოდა, მე ნაღდად ვნახავდი...     

ჰოდა რა არის ამაში ცუდიო, იკითხავს მავანი. რა შავდება იმით, თუკი ხელისუფლება თვითონ ცდილობს ეს ფარისევლური და კონსერვატიული საზოგადოება ცოტა შეაჯანჯღაროს? ის შავდება, რომ ასეთი შეჯანჯღარებები კულტურულ პროცესებს ვნებს და მენტალურ რევოლუციას კი არ უწყობს ხელს, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, არამედ რეტროგრადულ კონტრრევოლუციას.

თავი დავანებოთ იმას, რომ ამქვეყანდ არცერთი ხელისუფლება არ არის თავისუფალი ფარისევლობისგან და კულტურული მეამბოხის პოზაში დადგომა ამ ხალხის მხრიდან ცოტა სასაცილოა. აქ მთავარი სხვაა: ხელისუფლების საქმე საერთოდ არ არის ეპატაჟი და სექსუალური რევოლუციის ზემოდან განხორციელება.

საზოგადოებრივი მორალისთვის სილის გაწვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს რაღაც ფასეულობათა გადაფასების კატალიზატორი, თუ ის „ქვემოდან“, ანუ თავად კულტურის წიაღიდან მოდის, ხოლო თუკი ამგვარი ქმედებები ხელისუფლებასთან ასოცირდება, მაშინ ეს არც პროტესტია და არც რევოლუცია, ეს არის კულტურაზე ძალადობის მცდელობა,  რაც ნიუტონის მესამე კანონის თანახმად იწვევს ბუნებრივ უკურეაქციას. კულტურა რეაგირებს ძალადობაზე და უკიდურესობებზე უკიდურესობებით პასუხობს. შედეგი კი ყოველთვის ერთია: უკმაყოფილების განმუხტვის მიზნით ხელისუფლება უკან იხევს და  იწყება მერე ჯიპების და მიწების გაჩუქება, ინდაურები ინტელიგენციისთვის, მხცოვანი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე და მაია ასათიანის „პროფილი“...

და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ  თავად ლიბერალური საზოგადოება არ გათავისუფლდება იმ ყოვლად იდიოტური ილუზიისგან, რომ სექსუალური თემებით ჟონგლიორობა  ყოველთვის „პრადვინუტობის“ ნიშანია.  ეს თავისთავად არც პროგრესია და არც რეგრესი. ეს არაფერს არ ნიშნავს. ამის გაცნობიერება თითქოს ადვილია, მაგრამ  ცდუნებაც დიდია: სკანდალური სახელის მოპოვება საქართველოში ძნელი არ არის (იხ.ზემოთ),  ან, ამდენიც რომ არ იწვალო, საკმარისია საჯაროდ წარმოთქვა სიტყვა „ყლე“ და უკვე მაგარი ტიპი ხარ. შეგიძლია თავიც დაარწმუნო, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის, ვიდრე, ვთქვათ, მასმედიის თავისუფლება. მით უმეტეს, ხელისუფლებაში ყოველთვის მოიძებნება ხალხი, ვინც ამას დაგიდასტურებს და თავზე ხელს გადაგისვამს.

არადა სირობაა ეს ყველაფერი.  თან სრულიად არასაიდუმლო...