Saturday, December 25, 2010

ერთხელ ბრიტანეთში

მონახაზი ანტიუტოპიისთვის ალტერნატიული ისტორიის ფონზე

აღწერილი მოვლენებისა და პერსონაჟების
ყოველგვარი დამთხვევა ნაცნობ რეალიებთან
შემთხვევითია და არ წარმოადგენს ავტორის
წინასწარგანზრახულ ბოროტ ჩანაფიქრს

მოქმედების ადგილი და დრო

ოცდამეერთე საუკუნე. 2010 წელი. დიდი ბრიტანეთი. ინგლისი. ქალაქი ლონდონი.  

ისტორიული ფონი

მას შემდეგ, რაც კრომველის მმართველობის შემდეგ მონარქიის აღდგენის მცდელობა მარცხით დასრულდა და ქვეყანა ოკუპირებულ იქნა საფრანგეთის მიერ, ალბიონის ძველი დიდება დასრულდა. მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის შუახანებიდან დაიწყო  ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ე. წ. “ტემზადალეულთა” ლიდერები უილიამ გლადსტონი და ბენჯამინ დიზრაელი. ბრძოლა ფრანგული იმპერიალიზმის წინააღმდეგ დასრულდა სოციალისტური რევოლუციით, რომლის შედეგადაც შეიქმნა დიდი ბრიტანეთის სახალხო რესპუბლიკათა კავშირი  (დბსრკ) და  ქვეყანაში გამეფდა ერთპარტიული ლეიბორისტული რეჟიმი. ამ რეჟიმის კრახის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ქვეყანა გამოცხადდა საპრეზიდენტო რესპუბლიკად, რასაც მოჰყვა  მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომი და შოტლანდიასა და უელსში პროფრანგული სეპარატისტული  რეჟიმების გაბატონება. 1995 წელს მიღებულ იქნა კონსტიტუცია, რომელშიაც შემდგომ შეტანილი იქნა 273 ცვლილება და შესწორება. ეს დოკუმენტი გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოში ყველაზე ცვალებადი კონსტიტუცია.

პოლიტიკური ფონი

ქვეყანას სათავეში უდგას პრეზიდენტი მაიკლ საკსონი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ე. წ. ”ალისფერი ვარდების რევოლუციის” შედეგად. ამგვარი სახელწოდების მიზეზად სახელდება ის, რომ როდესაც საკსონი წითელი ვარდით ხელში, თავის მომხრეებთან ერთად პარლამენტის შენობაში შევარდა, ტელეკომპანია ბიბისი-2-ის წამყვან ჟურნალისტს გაახსენდა, რომ საკსონის ბებია ლანკასტერის ქალი იყო.

მაიკლ საკსონი ახალგაზრდაა და ენერგიული. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან მიზანმიმართულად დაიწყო ძალაუფლების კონცენტრირება საკუთარ ხელში. პოლიცია, უშიშროება და ფლოტი ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლის მინისტრია ჯონ  სპაინი, მეტსახელად “ხერხემალი.”   სამინისტრო აკონტროლებს ნაციონალურ ტელეკომპანია ბიბისის, ბიზნესი ასევე სამინისტროს კონტროლქვეშაა, სასამართლო მთლიანად ემორჩილება პროკურატურას, პარლამენტი კი მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს იღებს, რასაც მთავრობა ავალებს. საკსონის ექსცენტრიულობა და ავტორიტარული მიდრეკილებები მთელ მსოფლიოში ცნობილია, მაგრამ რამდენადაც ინგლისი ძალინ ჩამორჩა დანარჩენ ევროპას განვითარებაში, ხოლო ახალგაზრდა პრეზიდენტმა მოდერნიზაციის და კულტურული რევოლუციის კურსი გამოაცხადა  (რის პროპაგანდაშიც ძალიან დიდ ფულს და რესურსებს ხარჯავს), მაინც რეფორმატორ ლიდერადაა მიჩნეული.

ფაბულა

უბრალო კლერკი ბერნარდ სმიტი, რომელიც პოლიტიკიდან შორს დგას და საკსონის ხელისუფლების ალალი მხარდამჭერია, შემთხვევით შეესწრება შოტლანდიიდან დევნილი პროტესტანტების გამოსახლების პროცესს. ამის შემდეგ იწყება უსიამოვნებები - სამსახურში აღარაფერს ავალებენ, ნაცნობები გაურბიან, ვიღაც უცნობები კი ურეკავენ მობილურზე და აგინებენ. მის გულში ნელ-ნელა მწიფდება პროტესტი და დგება მომენტი, როდესაც მას უწევს არჩევანის გაკეთება - ან ლოიალობის შენარჩუნება, ან ღია დაპირისპირება სისტემასთან.

გაგრძელებისთვის არის სამი ვარიანტი: ა) ბერნარდ სმიტი ხდება დისიდენტი და ებმება სისტემასთან უთანასწორო ბრძოლაში. ბ) ხანმოკლე გაბრძოლების შემდეგ ის საბოლოოდ ირჩევს კონფორმიზმის გზას. გ) ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ბოლომდე ყოყმანობს.

რომელ ვარიანტს მიანიჭოს უპირატესობა, ავტორს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს.

პერსონაჟი

ბერნარდ სმიტი სულელი არაა და არც ბრმა. ის ყველაფერს ხედავს.

მან იცის, რომ ქვეყანაში საშინელი  გაჭირვებაა. იცნობს ასეთებს, უმუშევრად დარჩენილებს, გამწარებულებს და გაბოროტებულებს, რომლებსაც მხოლოდ იმიტომ ეშინიათ ხმის ამოღება, რომ შეიძლება პროტესტის გამო დაიჭირონ - საკმარისია ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე აღმოჩნდე ჰაიდ-პარკში,  შეიძლება ვიდეოკამერებით დაგაფიქსირონ  და მერე სამსახურიდან გაგაგდონ, ან სულაც დაგაპატიმრონ. მან ხომ იცის რომ კონსერვატიული პარტიის, კიპლინგის ფონდის, უინსტონ ჩერჩილის საზოგადოების და სხვა ოპოზიციური გაერთიანების წევრებს პოლიცია ნარკოტიკის თუ იარაღის ჩაგდების მეშვეობით აპატიმრებს და ისიც იცის, რომ სასამართლოში ჩივილს ამ დროს აზრი არა აქვს.ოპოზიცია კი არა, ამას წინათ ბუკინისტური მაღაზიის მეპატრონე დააპატიმრეს რიჯენთ სტრიტზე, იმიტომ, რომ ვიღაცამ ლა-მანშის ტერმინალში რაღაც არასწორად გააფორმა. მან ვერ გაიგო მაღაზია რა შუაში იყო, მაგრამ დაპატიმრების ფაქტს თავად შეესწრო. ორჯერ გამოიყვანეს მაღაზიიდან ბორკილდადებული, მეორედ იმიტომ, რომ ბიბისის ოპერატორმა კადრი ვერ აიღო კარგად...

პრეზიდენტ საკსონის არქიტექტურული აღმაფრენაც გვარიანად უშლის ნერვებს - მთელი ინგლისი შუშის წითელ-ყვითელი შენობებით რომ გაავსო და შეშუშული მანჩესტერით თავს იწონებს (არა, ამ მანჩესტერზე რატომ გაურთულდა ასე, გაუგებარია, ჭრელ ფერებში რომ გადაღება და ხელოვნური ყვავილებით მორთო ყველა ძველი ფაბრიკა. სიყვარულის ქალაქიაო... ჰმ... ერთი მაქ სასიყვარულოდ ჩასული მანახა ვინმე...). ტელევიზორსაც თითქმის არ უყურებს, იქ ხომ ცარიელი პროპაგანდაა: მორიგი წარმატებული ვიზიტი, წარმატებული ინვესტიცია, წარმატებული ლენტის გაჭრა წარმატებულად მოასფალტებული გზის მონაკვეთის აღსანიშნავად, წარმატებები, წარმატებები, წარმატებები...  სულ ახალ-ახალი წარმატებები.. .შვიდი წელია სულ წარმატებებში ვართ და სულ დასაქმებაა პრიორიტეტი. ისე, რა უცნაურია, ყოველდღე გვამცნობენ ათასობით ადამიანი დასაქმდაო, უმუშევრობა კი სულ იზრდება და იზრდება     

აღარც იცის სად გაექცეს უხერხულობას, როცა ტელეეკრანიდან ესმის: “ლივერპულის მანჩესტერიზაცია”, “მალაიზიური ეკონომიკა ნორვეგიული ელემენტებით.” “საუთჰემპტონი ნიცას სჯობია”, “დორსეტში უფრო თბილა, ვიდრე საფრანგეთის რივიერაზე”. ისიც არაფრით არ ესმის, რატომ ატარებს მთავრობის სხდომებს შუაგულ ტბაში, ხარაჩოებზე ან გამოქვაბულში. ჯესიკა ალბას ჩამოყვანა და  მინისტრად დანიშვნაც ნამეტანი იყო. ინგლისი ქარის ენერგიით მდიდარია, ტურბინებს დავაყენებთ კორნუელში და დენს გავყიდით ევროპაში ელექტრომობილებისთვისო. არა, ლამაზი გოგოა, მაგრამ პირდაპირ მინისტრად?  მანქანებისთვის ელექტროენერგიის მიზნობრივად გაყიდვა რანაირად უნდა მოგივიდეს თავში?..

დიახ, ბერნარდ სმიტი ყველაფერს ხედავს, მაგრამ ის მაინც ბედნიერია. ბედნიერია იმით, რომ ამ სახელმწიფოში როგორც იქნა არის მუდმივი დენი, პირადობის მოწმობის აღებაზე აღარ წვალობს და ლონდონი-ნიუკასლის ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი თანამედროვე ევროსტანდარტებს აკმაყოფილებს. აღარც.კონსტებლები არიან ტრასაზე ჩასაფრებული და ერთი შილინგი მაინც მომეციო, არ გეღრიჭინებიან.  პატიმრების რიცხვი გასამმაგდაო, გაიძახიან! სამაგიეროდ ახლა აღარ გეშინია პიკადილიზე დაყენებულ მანქანას რომ გაგიტეხავენ და მაგნიტოფონს ამოგაცლიან. გააწყალა რა გული ამ არაადექვატურმა ოპოზიციამ! რით ვერ გაიგეს, რომ რეფორმები მტკივნეული პროცესია? აბა ის დრო ჯობდა, სკოტლანდ-იარდის ფანჯრებიდან რომ ცვიოდა ხალხი?

რამდენიმე თანმხლები დეტალი

პრეზიდენტი საკსონი აცხადებს კულტურული რევოლუციის მეცხრე ტალღას და გამოდის რევოლუციური ინიციატივით - ჩამოიყვანონ ამერიკიდან ორმოცი ათასი ესპანურენოვანი მასწავლებელი.  ის აცხადებს, რომ უახლოეს ათ წელიწადში ყველა ინგლისელი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ესპანურს და კომპიუტერს.

ტელევიზიით ყოველდღე ტრიალებს ყოვლისშემძლე “ხერხემალის” დაკვეთით შექმნილი სკოტლანდ-იარდის ჰიმნი, რომელსაც ასრულებენ ხელისუფლების მომხრე მომღერლები: ელტონ ჯონი, კრეიგ დევიდი, ვიქტორია ბეკჰემი, ჯორჯ მაიკლი, კეიტ ბუში და რობი უილიამსი. ოპოზიციურად განწყობილი პოპულარული მომღერალი მიკ ჯაგერი კი აცხადებს, რომ მთელი ინგლისი ერთ დიდ ციხედ გადაიქცა, პროტესტის ნიშნად გალიაში ჯდება და ოპოზიციური ტელეარხის პირდაპირი ეთერიდან მიჰყავს რეალური შოუ “რა ხდება ზოოპარკში?”.

კულტურული რევოლუციის ფარგლებში გამოცხადებულია ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალური რომანტიზმის ტრადიციების მიმართ. პაბებსა და რესტორნებში ოფიციალურად იკრძალება სიმღერა “ასეთია რობინ ლოკსლის ბედი”

ასოშიეტედ პრესი უწყება, რომ პრეზიდენტმა მთავრობის მორიგი გამსვლელი სხდომა სტოუნჰენჯში ჩაატარა, სადაც  “არტურის ქვა” აღმოაჩინა. ტელეკამერების თვალწინ ის მოულოდნელად ახტა ერთ-ერთ ლოდზე და გამოაცხადა: ეს სწორედ ის ქვაა, საიდანაც მეფე არტურმა ხმალი ამოაძრო და ამიერიდან “არტურის ქვა” ერქმევაო. როგორც  კულტურის მინისტრი ჯონ სილვერ უმცროსი ადასტურებს, პრეზიდენტის გამოსვლა ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, რადგან არტური და მრგვალი მაგიდა ცნობილი ბრენდებია, ამით მოხდება უცხოელი ტურისტების მოზიდვა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ხალხი დასაქმდება..

ეპილოგი

- ეეეჰ, არა რა, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, - გაიფიქრა ბერნარდ სმიტმა და ათასფრად აბრჭყვიალებულ  ეშმაკის ბორბალს თვალი მოარიდა, - ბედი არ გინდა, ერთხელ დაიბადო და ისიც ინგლისში? 


Monday, November 15, 2010

ვიღაც მესამე, ანუ მანდატური

(პატარა მიშისტური უტოპიასავით)


გაივლის წლები და მთაწმინდის პლატოზე ეშმაკის ბორბალივით გაბრწყინებულ საქართველოში, პოლიციის პოლკოვნიკი ჯონ-მალხაზ ვან დერ საარი მშობლიურ სკოლაში სტუმრობისას იმ ამაღელვებელ წუთებს გაიხსენებს, როცა მამამისმა, იმიგრანტმა ბურმა ფერმერმა, პირველკლასელ ბავშვს ფორმიან ბიძიაზე მიუთითა და ტრანსვაალური აქცენტით ინგლისურად წასჩურჩულა: „დაიხსომე შვილო, კლასიდან მოსაფსმელად რომ მოგინდება გასვლა და თან გამოგყვება, აეგაა მანდატური.“

მაგრამ პოლკოვნიკს ცხადია არავინ ეტყვის, თუ რა შრომის ფასად იქნა მიღწეული მისი ბედნიერი ბავშვობა. მეტალოდეტექტორებითა და ვიდეოთვალებით გაძეძგილ სკოლის დერეფნებში, სადაც მუდამ წესრიგი სუფევს და თინეიჯერთა მამლაყინწური ძიძგილაობა მხოლოდ გარდასულ დროთა ავ მოგონებადაა შემორჩენილი, არავის ახსენდება ძნელი წარსული. თუმცა ის მათთვისაა წარსული, ჩვენთვის კი უღრუბლო მომავლის მშობელი აწმყოა და დღეს ჩვენი თვალით ვხედავთ თუ რამდენ ლანძღვას, დამცირებას და დაცინვას იტანენ ეს ფორმიანი აღმზრდელები. დიახ, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს მომავალი თაობებისთვის, არის ასეთი ხალხი - მანდატურთმაგინებლები. ისინი ძირითადად დედაქალაქის ცენტრში ცხოვრობენ და რატომღაც სულ იმას ცდილობენ, ეს ქვეყანა ქურდების და ბანდიტების საჯიჯგნად აქციონ.


პოლკოვნიკს ამას არავინ ეტყვის და არც არავინ მისწერს, რადგან ეს უკვე ჩარეცხილი წარსული იქნება, საბჭოთა სიმბოლიკასავით უკვალოდ წაშლილი და გამქრალი, მაგრამ მანამდე დიდი გზაა. მანდატურის ინსტიტუტი, ეს სრულიად უნიკალური ნოვაცია, ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამს, პირველად მსოფლიოში და პირველად საქართველოში. და სისინებენ ურეიტინგო ავყიები: აქამდე სკოლაში ორი მთავარი სუბიექტი იყო - მასწავლებელი და მოსწავლე, ახლა კი უკვე ვიღაც მესამე ჩადგა მათ შორის, ვიღაც მახინჯიო. დაე, ისისინონ! მთავარია, სადაც ჯერ არს იქ ჩაითვალა, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა მესამე ზედმეტი არ არის.

მაშ ასე, ბატონებო და ქალბატონებო: ჩვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა მანდატური!

ის სკოლის მაყურებელია. ის უყურებს მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დირექტორებს. აკვირდება მათ, უსმენს რას ლაპარაკობენ, როგორ იქცევიან და თუ რაღაც არ მოეწონა, ეგრევე სამინისტროში აფრენს პატაკს: ამა და ამან ასე და ასე ჰქნა, ნაცვლად იმისა, რომ ისე და ისე ექნაო. ის მოდერნიზებული სკოლის ხატია, მახვილი უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივი სიფხიზლის სტაბილურობის გარანტი.

ამაზეც ბევრს ყიყინებენ: მანდატური ფაქტობრივად სამინისტროს კომისარია და საერთოდ ხომ არ მოვიდა დრო ისტორიული სამართლიანობა აღდგეს და სამინისტროებს კვლავ სახალხო კომისარიატები ეწოდოს, რახან მაინც მაქეთ მივდივართო...

არა ბატონებო! ვერ მოგართვით! საბჭოთა შინაარსია კარგი, თორემ ფორმას უნდა ვებრძოლოთ. შევებრძოლოთ მთელი ეშხით, მთელი ვნებით და ისეთი გამეტებით, რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! ეს გადამწყვეტი ბრძოლაა საქართველოსთვის. ხომ არ გვავიწყდება, რომ მტერი ორმოც კილომეტრშია...

დაიცა, საით გავუტიე ახლა? ეს რა შუაშია? სანამ ბედნიერი მომავალი დამდგარა და ათი მილიონი ტურისტით გადაჭედილა განმუხურის და ანაკლიის პლაჟები, მანამდე ხომ უნდა ავუხსნათ ხალხს მანდატურთა სიკეთე? მართალია, ინტერვიუები კმაყოფილ მშობლებთან, მასწავლებლებთან, ბავშვების გაბრწყინებული სახეები, „მანდატური სოფო ჩემი მესაიდუმლეა“ და ”მე მანდატური გამოვალ” უკვე იყო, მაგრამ ეს არაა საკმარისი.

ჰოდა წავიდა პიარი: გიხაროდენ! გენა, ფონოგრამა!

მანდატურებმა უპატრონო ბავშვთა სახლი მოინახულეს და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. მანდატურებმა ხეები დარგეს. მანდატურები პერევში. სილამაზის კონკურსი „მის მანდატური“. მღერიან და ხუმრობენ მანდატურები. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მანდატურები დალოცა. მინისტრი შაშკინი აიფონებით აჯილდოებს წარჩინებულ მანდატურებს.

კიდევ „მგზავრების“ კლიპი გვინდა მანდატურებზე, ბავშვებზე ფიქრი ხომ დილიდან იწყება! რა, არა? ვანო, უთხარი ერთი მაგათ...

მანდატურები „პროფილში“. მანდატურები „ნანუკას შოუში“. მანდატურები ფქვილს არიგებენ. „ასავალ-დასავალშიც“ არ გვაწყენდა რამე სკანდალური პუბლიკაცია, ვთქვათ „სექსი მანდატურთან.“ ინგლისურენოვან მანდატურს კი, რა თქმა უნდა, მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს. „ფაქინგ თიჩერს“ რომ შესძახებს ყივჩაღების ნასწავლი იორქშირული აქცენტით, ის მაინც სულ სხვაა...


ჰოდა ეგაა. მეტი არაფერი არაა საჭირო. იძახონ მერე დაშინებული მასწავლებლებისა და მოსწავლეებისგან რა გამოვაო. ძალიან კარგადაც გამოვა! ჯერ ერთი მოსწავლეები კმაყოფილები იქნებიან, რომ შეეძლებათ მასწავლებელი ჩაუშვან მანდატურთან, მასწავლებლები კი იმით იქნებიან კმაყოფილი, რომ მოსწავლის ჩაშვება შეეძლებათ. ასე აღიზრდება სამოქალაქო საზოგადოება, სადაც ძალოვანი სტრუქტურების ინფორმირება დაბეზღებად კი არ იქნება აღქმული, არამედ მოქალაქეობრივი ვალის მოხდად. ეჭვი გაქვს რომ მამაშენი კორუმპირებულია? დარეკე ცხელ ხაზზე...

ასე, ამგვარად დაიზრდებიან ალგეთს... არა... ნიცას რომ ჯობია იმას რა ჰქვია?... მოკლედ სადაც არის, ადგილს რა მნიშვნელობა აქვს... მთავარია, რომ დაიზრდებიან ახალი მენტალობის დისციპლინირებული თაობები, სკოლის მერხიდანვე წესრიგშესისხლხორცებული უნარ-ჩვევებით, დაიზრდებიან ნატრენინგები და ნავორქშოფალები, ინტეგრირებულები და მოდერნიზებულები. მე მჯერა, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, მადლიერი შთამომავლობა ჯეროვნად დააფასებს მანდატურთა უშურველ ამაგს და მათ ძეგლს დაუდგამს.

გაივლის წლები და შვეიცარიული ელემენტებით სინგაპურულად მოდერნიზებულ საქართველოში, სიღნაღიზირებული მესტიის საერთაშორისო აეროპორტში დამჯდარი ”ბოინგ 747”-ან გადმოსული ნიუ-იორკ-უშგულის რეისის მგზავრი, სვანეთის შტატის დედაქალაქის დაუნთაუნში, რატუშას წინ, პიაცაზე იხილავს უნიფორმიანი კაცის ქანდაკებას, ცალ ხელში ბავშვი რომ აუტატებია და მეორე ხელში მწვანე ნეტბუქი უჭირავს. ხოლო დაინტერესებული ტურისტის შეკითხვაზე, ეს ვისი ძეგლიაო, ნებისმიერი გამვლელი ძლივს შესამჩნევი შოტლანდიური აქცენტით ინგლისურად მიუგებს: „მანდატური არის ესე!“







Friday, November 12, 2010

რადიკალური რეფორმების აუტანელი სიმსუბუქე

What I tell you three times is true.
ლუის კეროლი


ეფორმატორის სახელი ერქვას ყველა როდია ღირსი! საქართველოში რომ ეს საპატიო წოდება დაიმსახურო, საკმაოდ სპეციფიური ქმედებები უნდა განახორციელო, ოღონდ სულ არაა აუცილებელი რამე ჭკვიანური ან სასარგებლო გააკეთო.


კარგი, მკვეთრი, მტკივნეული

არ ვიცი როგორ მოხდა და რანაირად, ეტყობა თავის დროზე რაღაც პროცესებს არ მივაქციეთ სათანადო ყურადღება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმებსა და რეფორმატორების შესახებ კლიშე-სტეროტიპთა მთელი წყებაა დამკვიდრებული. რაც მთავარია ეს კლიშეები ქართული საზოგადოების შედარებით განათლებულ და ლიბერალურ ნაწილშია გავრცელებული, როგორც ვეტერანებს, ისე ახალგაზრდებს შორის.

რეალურად რეფორმა მხოლოდ და მხოლოდ ცვლილებას ნიშნავს, რაღაცის გარდაქმნას და გადაკეთებას. ამიტომ თითქოს სრული აბსურდია ნებისმიერი ცვლილება იმთავითვე დადებით მოვლენად შევაფასოთ, მაგრამ პირველი და მთავარი კლიშე სწორედ ისაა, რომ ჩვენთან ამ ცნებას შეფასებითი დატვირთვა აქვს: როცა ამბობენ სიტყვა „რეფორმას“, აუცილებლად იგულისხმება რაღაც კარგი. აქედან გამომდინარე, „რადიკალური რეფორმები“ ნიშნავს „რადიკალურად კარგს“ , ანუ რეფორმა რაც უფრო რადიკალურია, მით უფრო კარგია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტერეოტიპი, რაც რეფორმებთან მიმართებაში არსებობს, არის სრულიად მცდარი თეზისი, რომ რეფორმები მტკივნეული პროცესია. მაშასადამე რეფორმა რაც უფრო რადიკალურია, მით უფრო მტკივნეულია და რამდენადაც რეფორმა რაც უფრო რადიკალურია, მით უფრო კარგია, გამოდის, რომ რაც უფრო მტკივნეულია რეფორმა, მით უფრო კარგია. სხვანაირად რომ ვთქვათ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ამა თუ იმ რეფორმით უკმაყოფილო, რაც უფრო ფართო სოციალურ ფენებსა და ინტერესთა ჯგუფებს მოიცავს ეს უკმაყოფილება, მით უფრო სასიკეთოდ და სასარგებლოდ უნდა ჩაითვალოს თავად რეფორმა.

უკვე აშკარაა, რომ ამ ლოგიკით რაღაც აბსურდამდე მივდივართ, მაგრამ ჯერ სადა ხართ!

ენა, სიხშირე, სარწმუნოობა

დავსვათ ერთი მარტივი კითხვა, რის საფუძველზე ხდება იმის განსაზღვრა, თუ რა ქმედება შეიძლება ჩაითვალოს რეფორმად?

საქმეც ისაა, რომ არანაირი კრიტერიუმი აქ არ არსებობს გარდა იმისა, რომ გარკვეული ქმედება ან პროცესი გამოცხადებულია რეფორმად და ამას ხშირ-ხშირად იმეორებენ. ასევე, რეფორმატორის იმიჯის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ე. წ. „პროექტების ენას“. იგულისხმება ის საოცრად მშრალი და არაფრისმთქმელი ფრაზების კომბინაცია, რომელიც დამკვიდრდა საგრანტო განაცხადებში და დროთა განმავლობაში ერთგვარ „ენჯეოშნიკური“ იდენტობის ნიშნად ჩამოყალიბდა.

მოგვიანებით არასამთავრობო სექტორიდან წასულმა სახელისუფლებო კადრებმა „პროექტების ენაც“ თან წაიყოლეს და როცა ამ ენაზე ხდებოდა ხელისუფლების „რეფორმატორული“ ქმედებების აღწერა, ეს უკვე თავისთავად ჰქმნიდა კონტრასტს შევარდნაძის ეპოქის ნომენკლატურასთან და ამ ქმედებებისთვის პროგრესულობის აურას უზრუნველყოფდა. მართლაცდა ხომ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, კახა ლომაიას განეცხადებინა: ფაკულტეტების გამსხვილება (მეტად სულელური წამოწყება, რომელიც შესაშური გულმოდგინებით განახორციელეს) იმიტომაა საჭირო, რომ „სულმნათი ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულ დედა-უნივერსიტეტში“ ასე იყოო. ეს ხომ მაშინვე რეაქციულ იდეად იქნებოდა აღქმული. ამის ნაცვლად მინისტრი ლაპარაკობდა ბოლონიის პროცესსა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციაზე. მერე რა, რომ არც ბოლონიის პროცესი და არც ევროპაში ინტეგრაცია გამსხვილების იდეასთან არანაირ კავშირში არ იყო, სამაგიეროდ ქართველი ლიბერალის ყურს საამოდ ელამუნებოდა


რაც მთავარია, ეს ყველაფერი სისტემატურად მეორდებოდა არა მარტო განათლების მინისტრის, არამედ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების გამოსვლებშიც და იმდენჯერ გაიმეორეს, რომ მგონი თვითონაც დაიჯერეს საკუთარი რეფორმატორობა.

ასე რომ, ლუის კეროლის პერსონაჟის პარადოქსული თეზისი: „სიმართლე ისაა, რასაც სამჯერ გეტყვი“, არც ისე პარადოქსულია. ყველა სტრუქტურული, ინსტიტუციონალური თუ სხვა რამ ტიპის ცვლილება ჩვენთან რეფორმად როდი ითვლება. იგივე განათლების სამინისტროში ლომაიას დროს რომ აპირებდნენ სპეცსკოლების გახსნას, სადაც უდისციპლინო ბავშვები უნდა გაემწესებინათ - ეს რეფორმა იყო, მაგრამ შაშკინი რომ აპირებს ახლა იგივეს, ეს რეფორმა აღარ არის. მიზეზი მარტივია: ლომაია სულ რეფორმებზე ლაპარაკობდა, შაშკინი კი ამ სიტყვას იშვიათად ხმარობს.

უკმაყოფილება, როგორც საზომი ერთეული


განათლების რეფორმის მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ ესაა ლამის ქრესტომათიული ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება სრულიად გაუაზრებელი, მცდარი და რიგ შემთხვევაში უბრალოდ ახირებული ქმედებები წარმატებით გაასაღო სერიოზულ რეფორმად.

თუმცა, მარტო ერთი და იგივეს მრავალჯერადი გამეორება და „პროექტების ენა“ ამ რეფორმის პროგრესულობის იმიჯისთვის საკმარისი არ იქნებოდა, რომ არა რეფორმის მტკივნეულობის დემონსტრირება.

ლომაიას რეფორმით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ძალიან ფართო სპექტრი. საერთოდ, როცა რაიმე სფეროში რეფორმა ტარდება, მისი ავ-კარგის შესაფასებლად იმ ადამიანების აზრი, ვისაც ეს რეფორმა უშუალოდ ეხება, რაღაც დონეზე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. უკმაყოფილოთა რაოდენობა არის მტკივნეულობის ინდიკატორი. რახან უკმაყოფილო ძალიან ბევრი იყო, მაშასადამე რეფორმა ძალიან მტკივნეული გახლდათ, შესაბამისად ძალიან რადიკალური და, აქედან გამომდინარე, ძალიან კარგი!

მოკლედ პასკალის სიტყვების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ: რეფორმა საკამათოა, ტკივილი კი ადვილად საგრძნობი, ამიტომ რახან ვერ შეძლეს რეალური რეფორმა გაეტარებინათ, რაც მტკივნული იყო, ის გამოაცხადეს რეფორმად.

მტკივნეულობას კიდევ ერთი მუღამი აქვს: რაკი არიან უკმაყოფილოები, მაშასადამე არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ თავს ამ რეფორმის შედეგად ჩამოცილებულ უკმაყოფილოთა ადგილას მოიაზრებს. ეს ხალხი ბუნებრივად ხდება რეფორმის მხარდამჭერი და სულ არ ანაღვლებს მისი შინაარსი. რეფორმა მათთვის უკვე საკუთარი წარმატების წინაპირობად აღიქმება.

ზემოთ აღწერილ სქემაში ჯდება არა მარტო განათლების რეფორმა, არამედ აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც სახელისუფლო პროპაგანდამ რეფორმად მონათლა. არსად არ მომხდარა მიმდინარე პროცესების ანალიზი, კონკრეტული ინიციატივების რაციონალური განსჯა. ამის მცირეოდენი მცდელობებიც კი სრულიად იგნორირებული იყო. საბოლოო ჯამში ყველაფერი დაიყვანებოდა რეფორმატორთა და რეაქციონერთა, ანუ პროგრესის მომხრეთა და არსებულის შენარჩუნების მოსურნეთა ესქატოლოგიურ ჭიდილამდე. მართლაც, თუკი რეფორმა თავისთავად კარგი რამაა, ვინც რეფორმას ეწინააღმდეგება, ის ავტომატურად ინაცვლებს რეტროგრადთა სიაში.


აი, ასე მარტივად წყდება საკითხი. რეფორმებისადმი ეს კლიშირებული, კვაზიდოქტრინული და აუტანლად მსუბუქი მიდგომა დიდწილად განაპირობებს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიაც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მათაც კი, ვინც ხუთი წლის წინ ალალად ფიქრობდა, სერიოზულ რეფორმებს ვატარებთ და საქმე კარგად მიდისო, არა მგონია ახლანდელი სიტუაცია აღაფრთოვანებდეს. თუმცა, რას ნუ მოვთხოვთ მათ და იმის გაცნობიერებას, რომ იმთავითვე შემცდარნი იყვნენ. სხვაზე რა უნდა ვთქვა, როცა არაერთი ინტელექტუალი ლიბერალი, განსაკუთრებით საშუალოზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, დღემდე ვერ გარკვეულან ამ კლიშეების აჯაფსანდალში და ათი ათასი ინგლისურენოვანი ყივჩაღის ჩამოყვანის ყოვლად იდიოტური იდეაც რაღაც რეფორმატორული ნაბიჯი ჰგონიათ. ეგონებათ აბა რა! ეს ხომ რადიკალური და მტკივნეულია, ანუ მკვეთრი ხასიათის ნოვაციაა, რომელიც ნეგატიურ რეაქციას იწვევს საზოგადოების ძალიან ფართო ფენებში.

როცა გასაფუჭებელი კიდევ ბევრია

არასამთავრობო სექტორიდან გამოსულ ხელისუფალთა და მათ გარშემო შემოკრებილი ე. წ. პროსახელისუფლებო ლიბერალების გუნდი, კარგა ხანია ცდილობს დაამკვიდროს ერთი კონცეპტუალური კლიშე: თითქოს ეს ხელისუფლება ატარებდა რადიკალურ (ანუ მტკივნეულ) რეფორმებს, ამან გამოიწვია მტკივნეული (ანუ კარგი) რეფორმებით უკმაყოფილო, ჩამორჩენილი და რეაქციული საზოგადოების კონსოლიდაცია და სწორედ ეს საზოგადოება მონაწილეობდა 2007-2008 წლების ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებში. სააკაშვილი გამოსვლების მასშტაბებმა დააფრთხო, რადიკალური რეფორმები შეაჩერა, უკმაყოფილების ჩასაცხრობად პოპულისტურ ქმედებებში გადავარდა და მას შემდეგ არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს - ხან რეფორმატორულ გადაწყვეტილებებს ღებულობს, ხან პოპულისტურს.

ეს მოსაზრება ფაქტებთან რომ ერთობ მწყრალადაა, ამის შესამჩნევად სულაც არაა საჭირო დიდი მოაზროვნე იყო. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრი ლიბერალურად განწყობილი მოქალაქე ისევე წამოეგო ამგვარ დემაგოგიაზე, როგორც ადრე ხელისუფლების რეფორმატორობა დაიჯერა. უფრო ზუსტად, თავის დროზე ხელისუფლების რეფორმატორობა რომ დაიჯერა, ამგვარ დემაგოგიაზეც იმიტომ წამოეგო.

და წამოეგო იმიტომ, რომ რაციონალური განსჯის ნაცვლად სრულიად უპასუხისმგებლო სიმსუბუქით აჰყვნენ რეფორმატორულ კლიშე-სტერეოტიპებს. ამიტომაცაა, რომ როგორც კი ამ ხალხს დაკონკრეტებას მოთხოვ: მითხარით ერთი, ამისთანა რა რადიკალურ რეფორმებს ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლებაო, პრაქტიკულად ვერ გპასუხობენ. ის კი ესმით, რომ გზის დაგება, ავტოინსპექციის პატრულით შეცვლა, ფირმის რეგისტრაციისა და პასპორტის აღების პროცედურების გამარტივება ვერ გამოდგება სასამართლოს დაჩმორების, ბიზნესის რეკეტისა და მასმედიის თავისუფლების შეზღუდვის საპირწონედ. არადა სხვას ვერც ვერაფერს ამბობენ. ბოლო დრომდე ერთი განათლების რეფორმა ყოფნიდათ გამოსარჩლებად, მაგრამ რეფორმის შედეგები იმდენად სავალალოა, რომ ძნელია რამის გამართლებად გამოდგეს. ამას შაშკინის კონტრრევოლუციონერად გამოცხადებაც არ შველის, რომელიც განათლების სფეროს ისევე მართავს, როგორც ციხე-საპყრობილეებს. ბოლო-ბოლო ლომაია არ იძახდა, პოლიცია სკოლის ხშირი სტუმარი უნდა იყოსო და ვანო მერაბიშვილი არ იყო მასწავლებლებს შსს-თან თანამშრომლობის შესავსებ ბლანკებს რომ უგზავნიდა? ჰოდა რას ერჩით შაშკინს? სხვას კი არაფერს აკეთებს ესეც.


ამგვარი ვითარების მიზეზი მხოლოდ ხელისუფლების არაკომპეტენტურობა არ არის. სანამ სწორედ ინტელექტუალთა წრეში ერთხელ და სამუდამოდ არ დამკვიდრდება ის ბანალური აზრი, რომ რეფორმა თავისთავად არ შეიძლება იყოს არც კეთილი და არც ბოროტი, რომ ნებისმიერი რეფორმის ავ-კარგი მისი შინაარსის გაანალიზებით, კონკრეტულ ქმედებათა ეფექტიანობისა და მიზნებთან შესაბამისობის მაჩვენებლებით უნდა შეფასდეს, მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება. ლიბერალურ რიტორიკაში შეფუთული კიდევ ბევრ სისულელეს მიეცემა მწვანე გზა და რადიკალური რეფორმების აუტანელი სიმსუბუქე კიდევ ბევრჯერ მოგვიბრუნდება მძიმედ. ეს ხალხი იგივე განათლების რეფორმასაც ასე მსუბუქად რომ არ მიდგომოდა თავის დროზე, დღეს შეიძლება სრულიად სხვა სიტუაცია ყოფილიყო არა მარტო განათლების სფეროში, არამედ მთელ ქვეყანაში.

არადა ჯერაც არ არის გვიან. გასაფუჭებელი კიდევ ბევრია...



Friday, October 29, 2010

ჩატეხილი ხიდი.

ეს ის ხიდი არ არის, ილია რომ გულისხმობდა. გაცილებით ძველია და გაცილებით დიდი ხნის წინ ჩატყდა.

კაცობრიობის ინტელექტუალური ისტორია ორ პერიოდად იყოფა - რელიგიაში ინტეგრირებულ და რელიგიისგან გამოყოფილ პერიოდებად. იყო დრო, როდესაც მთელი  ინტელექტუალური და კულტურული ცხოვრება - მეცნიერება, ხელოვნება, მუსიკა, სპორტიც კი - სრულად იყო ინტეგრირებული რელიგიურ კონცეპტში. სეკულარიზმი, როგორც პროცესი, პრაქტიკულად აღორძინების ეპოქაში დაიწყო და თანდათანობით მოიცვა კულტურული ყოფის სხვადასხვა სფეროები. დღეს რელიგია, მეცნიერება და ხელოვნება ერთმანეთისგან გამიჯნულია. ცხადია, არის შეხების წერტილები, გადაკვეთები, მაგრამ მათემატიკას, ლიტერატურას თუ მუსიკას ნამდვილად აღარავინ მოიაზრებს რელიგიური მრწამსისა და მოძღვრების ნაწილად.

ქრისტიანულ სამყაროში და ბუნებრივია საქართველოშიც,  ის ინსტიტუცია, სადაც კონცენტრირებული გახლდათ საზოგადოების მთელი ინტელექტუალური რესურსი, იყო ეკლესია. განათლების მიღება ეკლესიის გარეთ პრინციპულად ირიცხებოდა.  მღვდელი სულაც არ გახლდათ მარტო რიტუალის აღმსრულებელი. ის ითავსებდა იმ ფუნქციებსაც, რაც დღეს აკისრია მეცნიერს, მასწავლებელს, მწერალს. მოკლედ, მღვდელი ძველი გაგებით და ინტელექტუალი თანამედროვე გაგებით პრაქტიკულად იდენტური ცნებებია.

სეკულარულმა პროცესებმა ინტელექტუალური ცხოვრება ეკლესიის გარეთ გაიტანა და ეს რელიგიური ინსტიტუტი აღმოჩნდა კონკურენტულ გარემოში. ინტელექტუალური ცხოვრების უფლება მისთვის არავის ჩამოურთმევია, მაგრამ ის უკვე აღარ არის მონოპოლისტი, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი სუბიექტია მრავალთა შორის.




მაგრამ ეკლესიის სოციალური სტრუქტურა, მის ურთიერთობების საბაზო მოდელი საერო პირებთან პრაქტიკულად იგივეა, რაც ადრეულ შუა საუკუნეებში. ეს ეხება როგორც მართლმადიდებლურ ეკლესიას, ისე კათოლიკურს. ეს მოდელი ავტომატურად გულისხმობს, რომ სასულიერო პირის განათლებისა და ცოდნის დონე ბევრად აღემატება საერო პირების დონეს. ხანგრძლივი დროის მანძილზე ეს ასეც იყო, ოღონდ დღეს მღვდლობა თავისთავად სულაც არ ნიშნავს რაიმე ინტელექტუალურ უპირატესობას, არადა ურთიერთობის მოდელი უცვლელია.

წარმოვიდგინოთ  მოძღვარი, რომელსაც ჰყავს სულიერი შვილები, იბარებს მათგან აღსარებას და სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზეც ესაუბრება, მაგრამ არის ელემენტარულად უწიგნური, გაუნათლებელი და კატეხიზმოდან დაზეპირებული ციტატების გარდა პრაქტიკულად არც არაფერი იცის. ან თუნდაც უკეთესი ვარიანტი - მეტ-ნაკლებად განსწავლულია ღვთისმეტყველებაში, მაგრამ ბევრი არაფერი გაეგება არც ლიტერატურის, არც ხელოვნების და არც ფილოსოფიის. ამ დროს არის არაერთი საერო პირი, რომელიც ასეთ მოძღვარზე ბევრად განათლებულია, შეიძლება მავანნი თეოლოგიურ საკითხებშიც უკეთ ერკვეოდნენ.

მაგალითად.როდესაც ადამიანი სერიოზულად ამტკიცებს, რომ “ჰარი პოტერი“ არის სატანური წიგნი და შავი მაგიის სახელმძღვანელო, პირადად ჩემთვის აქ ორში ერთია: ეს ადამიანი ან იდიოტია ან ძალიან ცუდი ტიპი. ამ ეპიკური ზღაპრიდან სატანიზმის და ბოროტების ქადაგება რომ ამოიკითხო, ტვინის გამრუდების ექსტრემალურ
შემთხვევასთან უნდა გქონდეს საქმე, მაგრამ ხომ ბევრია ისეთიც, ვინც უბრალოდ იმიტომ არ ეკარება ამ წიგნს, რომ რომელიღაც ტვინგამრუდებულმა მოძღვარმა ასე უთხრა? ბუნებრივია, მეტ–ნაკლებად ნორმალურ და განათლებულ ადამიანს ასეთ მოძღვართან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ ექნება.

ჰოდა, ხიდზე მოგახსენებდით, ჩატეხილზე.

დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი შეხების წერტილი ქართველ ინტელექტუალებსა და სასულიერო პირებს შორის. ინტელექტუალი მღვდელი საქართველოში ისევე ძნელად საპოვნელია, როგორც შუა საუკუნეებში იყო ძნელად საპოვნელი ეკლესიისგან დამოუკიდებლად განათლებული ადამიანი. ერთი–ორი შესაძლოა არის, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის და სერიოზულ პრობლემას ჰქმნის  არა მარტო ეკლესიისთვის ან მორწმუნეებისთვის..




ის, რომ ინტელექტუალებსა და ეკლესიას შორის ხიდია ჩატეხილი და ჩვენთან არ არსებობენ სამღვდელოების წიაღში მოქმედი ინტელექტუალები, ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან არ არსებობს ინტელექტუალური კონსერვატიზმი, ანუ ტრადიციული ღირებულებებისა და ქცევის ნორმების ინტელექტუალური დასაბუთება. ამიტომ ცოტა კომიკურია, როცა ამერიკული ნეოკონსერვატიზმის ქართველი თაყვანისმცემლები
დასცინიან ქალიშვილობის ინსტიტუტს (ნეტა სარა პეილინმა თუ იცის ეს ამბავი?) და ქართულ სუფრას, ისევე როგორც არანაკლებ კომიკურია, როცა ამ ტრადიციების დამცველად პრორუსული ორიენტაციის  ტიპები გამოდიან. სულ მაინტერესებს ხოლმე, რუსეთში ან სუფრული ტრადიციები სად ნახეს, ან ქალიშვილების სიჭარბე სად შეამჩნიეს.

ინტელექტუალური კონსერვატიზმის არარსებობა კი ზოგადად ნაკლულს და არასრულს ხდის მთელ ქართულ ინტელექტუალურ ყოფას. კონსერვატიზმი ხაქართველოში მხოლოდ სუფრული სადღეგრძელოების  ან რუსული შავრაზმული ლიტერატურიდან ნასესხები კლიშეების დონეზეა არტიკულირებული, რაც იმთავითვე გამორიცხავს მის სერიოზულად აღქმას. აქედან გამომდინარე ხდება ტრადიციული ღირებულებების პირდაპირი გაიგივება ჩამორჩენილობასთან,  და რამდენადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ტრადიციულ ღირებულებებს აღიარებს, “ხალხი ბნელია“  უკვე  ქართული ინტელექტუალური ცხოვრების ერთგვარი პარადიგმად იქცევა. არადა ტრადიციონალისტი და გაუნათლებელი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის სინონიმები. მოსახლეობის უმრავლესობა ყველგან კონსერვატორია, მაგრამ “ხალხის სიბნელე“ არცერთ დასავლელ თუ აღმოსავლელ ინტელექტუალისთვის არ არის საბაზისო აქსიომა.

თუკი ქართულ ინტელექტუალურ ყოფას რაიმე აკლია, ესაა სწორედ კონსერვატიული და არა ლიბერალური დისკურსი. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კონსერვატიული დისკურსი არ არსებობს, ლიბერალური დისკურსიც ვერ ყალიბდება. ლიბერალობა ისევეა  გაიგივებული ზოგადად ინტელექტუალიზმთან, როგორც კონსერვატიულობა ჩამორჩენილობასთან, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ასე რომ იყოს, გაბრიელ მარსელი, რომანო გვარდინი, აბულ–კალამ აზადი, არნოლდ ტოინბი თუ ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი გაუნათლებელ ბნელებად უნდა ჩავთვალოთ.

ხიდი რა შუაშიაო, იკითხავს ვიღაც. იმ შუაშია, რომ ინტელექტუალური კონსერვატიზმი მთელ მსოფლიოში ეფუძნება რელიგიას და რელიგიური ინსტიტუტების წიაღში იწარმოება. კათოლიკურ უნივერსიტეტებსა და იეზუიტთა კოლეჯებზე რომ არაფერი ვთქვა, მართლმადიდებლურ სამყაროშიც, კერძოდ რუსეთში, შავრაზმულ–იმპერიალისტურის გარდა არის კონსერვატიზმის ძალიან სერიოზული ინტელექტუალური ტრადიცია, რომელიც მოდის სლავიანოფილების, განსაკუთრებით კი ვლადიმირ სოლოვიოვის ფილოსოფიური მემკვიდრეობიდან. ეს ტრადიცია, რომლის საილუსტრაციოდ მარტო ცნობილი კრებული  вехи–ს გადაკითხვაც საკმარისია, ისეთ მსოფლიო რანგის ინტელექტუალებს ითვლის, როგორებიც არიან: ნიკოლაი ბერდიაევი, სემიონ ფრანკი, პაველ ფლორენსკი, პიტირიმ სოროკინი, სერგეი ავერინცევი და ბევრი სხვა. ახლაც რუსული ეკლესიის სივრცეში არაერთი ინტელექტუალია, რომელიც მეცნიერთა და ხელოვანთა წრეში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.




არაფერი ამის მსგავსი  საქართველოში არ გვაქვს და არც გვექნება, სანამ თავად ეკლესიაში არ მოხდება ამ საკითხისადმი სერიოზული მიდგომა. ხომ სრულიად ელემენტარული განათლებაა საჭირო, რათა ადამიანმა არ თქვას იმისთანა სისულელე, როგორიცაა “შარვლიანი დედაკაცი სძაგს უფალსა“ ან რაღაც ამის მსგავსი? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენთან უბრალოდ წარმოუდგენელია ისეთი დონის დებატები, როგორიც შედგა თავის დროზე ცნობილ ფილოსოფოს ბერტრან რასელსა და იეზუიტ მოძღვარ ფრედერიკ კოპლსტონს შორის.

როგორ უნდა მოხერხდეს ეს, მართალი გითხრათ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ამისთვის ეკლესიის წიაღშივე უნდა დაიწყოს რაღაც პროცესები. ცალკე თემაა ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც დღეს უბრალოდ არაადექვატურია და ერთი ხელით ეკლესიაზე დარტყმების, მეორე ხელით კი მისი მოსყიდვის მცდელობებში გამოიხატება, რაც არანაირად არ უწყობს ხელს ჯანსაღი პროცესების დაწყებას, მაგრამ აქ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის მთავარი. მთავარია ამ თემაზე ქართულ ინტელექტუალურ საზოგადოებაშიც დაიწყოს მსჯელობა და ბოლოს და ბოლოს მოხდეს იმ ელემენტარული ბანალობის გაცნობიერება, რომ კონსერვატიზმი ყოველთვის არ უდრის სიბნელეს.


P. S. ცოტა რომ გავხალისდეთ, კაი კონსერვატიული როკით დავამთავროთ :))





Saturday, October 16, 2010

როგორ დავამთავროთ ტელედაპატიმრებები

დღე არ გადის ვინმეს დაჭერა რომ არ გვახარონ ტელეეკრანიდან.

აგერ, ედუარდ სურმანიძე დაუჭერიათ, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და კომიტეტის თავმჯდომარე, ვიღაც გერმანელი დილეგში ჰყავდა გამომწყვდეული, სხვებთან ერთად ცემდა და ფულს ძალავდაო.

მანამდე ებრაელი ბიზნესმენები დააკავეს, ისრაელის მოქალაქეები, სამოცდაათი მილიონი ჰქონდათ მოგებული საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსთვის და მინისტრის მოადგილეს ებაზრებოდნენ, არ გააპროტესტოთ და იმ ფულიდან შვიდ მილიონს შენ დაგიატკატებთო.

ცოტა უფრო ადრე ყოფილი განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დაიჭირეს, სკოლებისთვის გამოყოფილი თანხები მიითვისაო.

კიდევ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაპატიმრება მახსოვს, ისევ და ისევ კორუფციისთვის.

არც ისე დიდი ხნის წინ იყო ჯგუფური დაჭერებიც, როცა დააპატიმრეს ათზე მეტი ექიმი და ასზე მეტი გარე მოვაჭრე.  

გარდა ამისა ჩვენ ყველანი ვართ იმის მოწმენი, თუ როგორ იჭერენ ვიღაც მკვლელს, მძარცველს, ქურდს, მექრთამეს, თაღლითს და ა. შ. კრიმინალურ ელემენტებს.

მოკლედ, ტელევიზიით რეკლამირებული დაჭერა-დაპატიმრებები რომ ჩვენი ცხოვრების თანამდევ ფონად იქცა. ამაზე არა მგონია ვინმე შემომედაოს.

ერთადერთი კითხვა მაწუხებს სულ, რაც ყველაფერ ამას ვუყურებ: რანაირად შეიძლება ეს ვინმეს მოსწონდეს?


რანაირად შეიძლება რაღაც დისკომფორტის გრძნობა მაინც არ გაგიჩნდეს ნორმალურ ადამიანს, ყოველდღე რომ ხედავ ვიღაც ხელებგადაგრეხილს და ბორკილებგაყრილს, ფარული კამერით გადაღებულ ფულის დათვლის სცენას, დაკავებულთა  აღიარებით ჩვენებებს და რობოტებივით მოდუდუნე შსს-პროკურატურის ახალგაზრდა სპიკერებს: ამა და ამ უწყების იმა და იმ ოპერატიული სამსახურის მიერ  დაკავებული იქნა ესა და ეს პირი, რომელმაც ჩაიდინა ამა და ამ მუხლის იმა და იმ პუნქტით გათვალისწინებული ისა და ის დანაშაული... სასამართლომაც, რასაკვირველია, გაითვალისწინა რა ის, რაც გასათვალისწინებელი იყო, ეჭვიმატანილს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა.

გასაგებია, რომ კრიმინალს უნდა ებრძოლო და დამნაშავე უნდა დაიჭირო, მაგრამ ერთი მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყანა მაინც დამისახელოს ვინმემ, სადაც ნაციონალური მასშტაბის ტელეარხების მთავარი თემა ყოველდღე (ყოველდღე!) ვიღაცის დაჭერა-დაკავება-დაპატიმრებებია, ან თუნდაც ისეთი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ ხდებოდა და ამით ნორმალურ ქვეყნად ჩამოყალიბდა?

ვითომ ამ დაჭერების გაუთავებელი სერიალით მოსახლეობაში სამართლიანობისა და კანონის წინაშე თანასწორობის განცდა მკვიდრდება? მეტი არაა ჩემი მტერი! აი,  რეპრესიული აპარატის წინაშე დაუცველობის განცდა კი ნამდვილად მკვიდრდება.


ის რაც ჩვენს ტელევიზიებში ხდება, უკვე ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. საბჭოთა დროს შსს-ს გაზეთი გამოდიოდა, „მებრძოლი გუშაგი“, სადაც ინეჭდებოდა სტატიები სათაურით „აბა რა ეგონათ,“ „კოვზი ნაცარში“, „ქორვაჭრები პასუხისგებაში“ და ა. შ. დღეს კი ყველა ე. წ. ნაციონალური ტელევიზია დიდი ვიზუალური „მებრძოლ გუშაგია“.  

არადა არსებული სიტუაციის შეცვლა ძალიან მარტივად შეიძლება.

ამისთვის საჭიროა, რომ ის ჟურნალისტები, ვინც ამას აკეთებენ, დიახ, ის რიგითი ჟურნალისტები, შემსრულებლები და არა დამკვეთები, რაღაც მორალურ დისკომფორტს მაინც  განიცდიდნენ. გრძნობდნენ რა დამოკიდებულებაა მათ  მიმართ. თან ამას უნდა გრძნობდნენ აშკარად და ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე. მუდმივად აცნობიერებდნენ მორალურ პასუხისმგებლობას საკუთარ ნამოქმედარის გამო.

ეს არ არის ზედმეტობა და სისასტიკე. ეს არის ერთადერთი რეალური და ძალიან მარტივი გამოსავალი სიტუაციიდან. თუკი დამკვეთებსა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა მიმართ მორალური ოსტრაკიზმი ცოტა სიმამაცეს მოითხოვს, შემსრულებელს რომ კუთვნილი ადგილი მიუჩინო, ამისთვის სულ ელემენტარული პრინციპულობაც კი საკმარისია.

თუკი საზოგადოებაში ასეთი მორალური კლიმატი არ არის, შემსრულებლები ყოველთვის მოინახებიან, თუ არის, ყველა ძალიან კარგად დაფიქრდება უღირს თუ არა ასეთ ფასად მედიის ოპერმუშაკობა.

გარდა ამისა, ასეთი მორალური კლიმატი არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურად იმოქმედებდა დამკვეთებზეც, იძულებული გახდებოდნენ რაღაც შეეცვლათ, რაღაც გადაესინჯათ...

მორალურ კლიმატს ვერანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ვერ შეცვლის, ამის შეცვლა მხოლოდ საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულების შეცვლითაა შესაძლებელი.

არა მგონია, მგლის თავზე სახარების კითხვას რაიმე აზრი ჰქონდეს, მაგრამ ტელეკლიმატის შეცვლას იმდენად მორალური შეგონებები არ განაპირობებს რამდენადაც მისი ესთეტიური გაბაიბურება. ასეთი ტიპის პროპაგანდის მასხრად აგდება და გაღადავება.


დიდი ხანია ცნობილია, რომ რაც სასაცილო ხდება, ის უკვე საშიში აღარ არის. საქართველოში კი ესთეტიური ფაქტორი ყოველთვის უფრო ქმედითი და ეფექტური იყო, ვიდრე ეთიკური. ძველი ერი ვართ მაინც. არის ჩვენში რაღაც ანტიკური

მოკლედ, კრეატივია აქ საჭირო, შემოქმედებითი მიდგომა, ირონია, ცოტა ქედმაღლურად გადმოხედვა.

ამ მიმართებით უამრავი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ახალგაზრდა ქართველი ინტელექტუალები და ტუსოვშჩიკები თუნდაც იმის ნახევარ სარკაზმს რომ ახარჯავდნენ ამ თემატიკას, რამდენსაც მაია ასათიანის პროფილს, გარწმუნებთ, უკვე სხვა სიტუაცია იქნებოდა. ჩვენი „მებრძოლი გუშაგების“ გაუვალი სნობიზმი რომ ვიცი, ერთი-ორი ფლეშ-მობი ან კუსტარული ვიდეოკლიპიც კი გაცილებით მტკივნეულად იმოქმედებდა მათზე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხალხმრავალი აქცია.

თუკი საზოგადოებაში დაიწყება იმ აზრის მუსირება, რომ ეს ტელედაპატიმრებები არა მარტო ამორალურია, არამედ გოიმობა და ქაჯობაა, ეს იქნება უაღრესად ეფექტური სვლა, რადგან გოიმებს და ქაჯებს ყველაზე მეტად სწორედ საკუთარი გოიმობისა და ქაჯობის გამჟღავნებისა ეშინიათ.

ისე, მართლა ქაჯობაა ეს ყველაფერი. რა, არ არის?