Saturday, January 5, 2013

90-იანების მივიწყებული ხიბლი



   
გასული საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში სრულიად უნიკალური ათწლეულია.

საერთოდ, თუკი რაიმე არის მართლაც გასაოცარი და უნიკალური ქართველებში, ეს ჩემის ღრმა რწმენით, ძალიან მოკლე ისტორიული მეხსიერებაა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში ყველაფერს ლეგენდად და მითად აქცევს, უკრიტიკო კლიშეებისა და სტერეოტიპების გაქვავებულ კონსტრუქციად. ოთხმოცდაათია წლებიც უკვე არის მითი, თავისი ლეგენდარული ისტორიით, სიმბოლოებით, გმირებით და ანტიგმირებით.

კონტექსტი ძირითადად უარყოფითია. როგორც წესი, ამ ათწლეულზე აპელირებისას იხსენებენ გამსახურდიას დამხობას, მხედრიონს, ბანდებს, ქურდებს, აფხაზეთის ომში მარცხს, დაკარგულ ანაბრებს, გაუცემელ პენსიებს, ყოვლისმომცველ კორუფციას, და, რა თქმა უნდა უშუქობას, გადამწვარი ფიდერებით, მოხრიგინე გენერატორებით და საკულტო მე-9 ბლოკით, ვერა და ვერ რომ ეღირსა რემონტი და ამუშავება.

ეს ყველაფერი ნამდვილად იყო, მაგრამ ეს მაინც ლეგენდაა, მაინც მითია, რადგან ეს არ იყო ყველაფერი. სხვებისა არ ვიცი, მაგრამ გასული საუკუნის 90-იანი წლები ყველაზე საინტერესო პერიოდი  იყო ჩემს ცხოვრებაში,  რომელიც აწი აღარასოდეს განმეორდება, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ ყველაფერი პირველად იყო


მახსოვს პირველი წლები სამხედრო გადატრიალების შემდეგ: შეიარაღებული უნიფორმიანები ყოველ ფეხის ნაბიჯზე; სროლები ღამით; დახვრეტილი მიტინგები; ვიტრინებჩალეწილი და გაძარცვული ჯიხურები; ქუჩებიდან გამქრალი პოლიცია; პურის რიგები; გაუქმებული რესტორნები, კაფეები და სახინკლეები, ავტომატიანი ბიჭების მუქთა მომსახურებას რომ ვერ გაუძლეს; გადაჭედილი მატარებლები და მეტროები; მანქანის წართმევის შიშით დაცარიელებული ტრასები; თბილისის ქუჩებში კანტი-კუნტად შემორჩენილი ტროლეიბუსები...

ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ სულ მოკლე ხანში, ჰიპერინფლაციის მორევში ჩავარდნილ, ომში დამარცხებულ დაესენგეშიშესულ საქართველოს მსოფლიო პრესაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოდ მიიჩნევდნენ დავეფხვის ბოკვერადაცკი მოიხსენიებდნენ, სამხრეთ აღმოსავლეთისვეფხვების” - ტაილანდის, სინგაპურის და მალაიზიის ანალოგიით. თანაც უფასოდ, ლობისტური ფირმებისთვის მილიონების გადახდის გარეშე.  

ყველაფერი თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი აქნევით შეიცვალა და ამ ჯოხის ფუნქცია იმელის ეზოში აფეთქებულმა ბომბმა შეასრულა. ორიოდ წამით დაგვიანებულმა ბათქმა სასიკვდილოდ გაწირული შევარდნაძე სასწაულებრივ იხსნა  და შეიარაღებული ფორმირებების ძალაუფლებას ფაქტობრივად წერტილი დაუსვა. იგორ გიორგაძე გაიქცა, მხედრიონის ლიდერები დაიჭირეს. ეს არ იყო უბრალო ამბავი და არ შემოფარგლულა რესტორან-კაფეების გახსნით. ცვლილებები ძალიან მკვეთრი იყო და ძალიან ხელშესახები.

პირველად საქართველოში ჩვენ გაგვიჩნდა საკუთარი ვალუტა; პირველად საქართველოში ერთი მეორის მიყოლებით გაიხსნა უცხო ქვეყნის საელჩოები; პირველად საქართველოში ამოქმედდნენ საერთაშორისო ფონდები - ტასისი, ევრაზია, ფრიდრიხ ებერტი, გაეროს განვითარების პროგრამა. სოროსის ფონდი.
პირველად საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, სახელმწიფო ბიუჯეტზე რომ არ იყვნენ დამოკიდებული და ძირითადად უცხოური ფონდებისგან იღებდნენ გრანტებს.

არ იცოდა შევარდნაძემ პიარი და ვერ მოისაზრა ტვინი შეეჭამა მოსახლეობისთვის გრანდიოზული  წარმატებების დღეში შვიდჯერ შეხსენებით. სააკაშვილს კი ეტყობა სინგაპური დაპირველად საქართველოშიიმ დროიდან ჩარჩა მეხსიერებაში.



მაგრამ მთავარი მაინც სხვა იყო - ახალი ხედვები, ახალი სახეები. თემები,  მანამდე არასდროს რომ არ ყოფილა მსჯელობის საგანი. ყველაფერი, რაც კი საბჭოთა პერიოდში ოფიციალურ, ნახევრად ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე ლამის საკრალურ დოგმებად ითვლებოდა, სრულიად უცერემონიოდ იქნა დამდაბლებული, გაკრიტიკებული და ალაგ-ალაგ შეგინებული და მასხრად აგდებულიც. აბა, ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ რუსთაველი გამოცხადდებოდა ქართული ლიტერატურის მთავარ მუხრუჭად, ფალიკურ სიმბოლოებად შერაცხავდნენ ქართვლის დედას და ნავთობსადენს, გამოქვეყნდებოდა სკაბრეზული ტექსტები შუშანიკის წამების, ბიბლიის და ვეფხისტყაოსნის მოტივებზე, ილაპარაკებდნენ ინტელიგენციის კონფორმიზმზე, სამღვდელოების სიბნელეზე, აგრეთვე იმაზე, ილია რომ სუსტი პოეტია და დიდოსტატის მარჯვენაც არაა შედევრი; გაჩნდებოდნენ ფემინისტები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებადამცველები.

და ეს ყველაფერი გადაიცემოდა ტელევიზიით, დაიწერებოდა გაზეთებში, ყოველივე ამის მთქმელებს კი მიიწვევდნენ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე, მოუწყობდნენ შეხვედრებს, დაუთმობდნენ აუდიტორიას, დაპატიჟებდნენ კონფერენციებსა და სემინარებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გაჩნდებოდა უამრავი დამოუკიდებელი გაზეთი და რეალურად  დამოუკიდებელი ტელევიზია.

ცალკე თემაა მუსიკა, კერძოდ ქართული როკი, რომელიც ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში შესრულებული როკ-კლასიკის ქავერებიდან ქუჩებში და საკონცერტო დარბაზებში გავიდა სრულიად ორიგინალური ტრეკებით. ნიჭიერ შემსრულებელთა მთელი პლეადა - ირაკლი ჩარკვიანი, ლადო ბურდული, დადა დადიანი, რობი კუხიანიძე, ქიშო გლუნჩაძე, სერგი გვარჯალაძე,ზუმბა, ნიაზ დიასამიძე... არაფერი ისე კარგად არ ასახავს იმ პერიოდის სულისკვეთებას, იმ ეპოქის სულს, როგორც მათი სიმღერები, დღეს რომ უკვე კლასიკურ ჰიტებადაა ქცეული. და არა მხოლოდ მათი. მსუბუქად მელანქოლიურისოფთ ეჯექთი”,  ფრანგულაქცენტიანიშუქი მოვიდა”, მაშინ ყველასთვის უცნობიუცნობიასევე ორგანულად ავსებდნენ იმ სივრცეს, რომელიც თითქოს არსაიდან გაჩნდა და სიახლის განუმეორებელი განცდა შექმნა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ყველაფერი რომ წაიშალოს, გასული საუკუნის 90-იანები ქართული როკის ოქროს ხანად მაინც დარჩება. თუმცა, ეს, როგორც უკვე ვთქვი, ცალკე თემაა, რომელიც ჩემზე უფრო კომპეტენტურ კრიტიკოსს იმსახურებს.




მე ვერ ვიქნები ალბათ ბოლომდე ობიექტური, რადგან მიმდინარე მოვლენებისთვის გარედან არ მიყურებია. უშუალოდ ვმონაწილეობდი იმ პროცესებში - ვესწრებოდი საკომიტეტო მოსმენებს, დავდიოდი სემინარებზე, ვადგენდი და ხელს ვაწერდი სხვადასხვა მიმართვებს, ვწერდი ჟურნალ-გაზეთებში, ქუჩის აქციებიც არ ჩამიგდია, საკმაოდ მცირერიცხოვანიენჯეოშნიკები” რომ აწყობდნენ.  მოკლედ, ჩემი ჭკუით სხვებთან ერთად ვანგრევდი კლიშეებს და სტერეოტიპებს და ცოტა მიკვირდა კიდეც, დიდ წინააღმდეგობას რომ არ ვაწყდებოდით.  

მთავარი სწორედ ცვლილებათა შეუქცევადობის  განცდა იყო და კიდევ განცდა იმისა, რომ ჩვენ პირველები ვიყავით.  ძველი ნომენკლატურული ურთიერთობები, მმართველობის საბჭოური სტილი თითქოს უკანმოუხედავად ბარდებოდა წარსულს,  და თავად ეს ნომენკლატურაც თითქოს უსიტყვოდ აღიარებდა, რომ მათი დრო მიდის. შეიძლება ამიტომაც არ იყო დიდი დებატები, ღირებულებათა დაპირისპირება, მამათა და შვილთა კონფლიქტი. მოგვიანებით სისტემა თითქოს გამოერკვა ბურანიდან და გაიბრძოლა, თუმცა ვერც კორუმპირებული მოხელეები, ვერც გურამ შარაძე, და მით უმეტეს ვერც ბასილ მკალავიშვილი ვერ გამოდგებოდნენ ახალი დროების სოლიდურ საპირწონედ . ისინი დამარცხდნენ, მაგრამ ჩვენც ვერ გავიმარჯვეთ.  

არა ვარ ბოღმა და  აგრესიული ტიპი, მაგრამ რას ვერ ვუყურებ დღემდე გულგრილად და იმას, თუ როგორ გააბანძა და გააპარტახა იმდროინდელი იდეალები  იმ ხალხმა, ვისი იმედიც ყველაზე მეტად გვქონდა. და ალბათ კიდევ უფრო ძნელია იმის აღიარება, რომ ასეთი მარცხი სრულიად კანონზომიერია. ჩვენს თვალწინ გამოზრდილი თაობა, საქართველოს ლიბერალური რესურსის აბსოლუტური უმრავლესობა, იქცევა ისე, როგორც აღიზარდა. აკეთებს იმას, რაც ისწავლეს და ეს ჩვენი, საბჭოთა ეპოქაში გამოზრდილიზაპადნიკებისბრალი უფროა, ვიდრე მათი.

ჩვენ ძალიან დაკომპლექსებულები ვიყავით ჩვენი საბჭოური წარმომავლობით, ჩვენ ვერ გავბედეთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და ყველაფერი ახალ თაობას გადავაბარეთ. ჩვენ ძალიან  დიდი ავანსები გავეცით ამ ახალგაზრდებზე, რომლებიც არანაირად არ იყვნენ ასეთი ტვირთისთვის მზად, არც  მორალურად და არც ინტელექტუალურად. ისინი თვითდამკვიდრებისთვის იბრძოდნენ და ჩვენ არათუ ხელს ვუწყობდით, პრაქტიკულად ადგილებიც გავუთავისუფლეთ, წინ გავუშვით, ლიდერებად ვაღიარეთ და მივაჩვიეთ იმ აზრს, რომ მხოლოდ ინტელექტუალური მხარდაჭერისთვის თუ გამოვდგებით.

ანკი რა უნდა ესწავლათ ამ ახალგაზრდებს ჩვენგან? მხოლოდ ნიჰილიზმი საკუთარი კულტურის მიმართ, რადგან მათ არ ჰქონდათ ის, რაც გულუბრყვილოდ გვეგონა რომ თავისთავად იგულისხმება - ამ კულტურისადმი კუთვნილების შეგრძნება. ჩვენ მხოლოდ გავუძლიერეთ კულტურული გარემოდან გაუცხოების განცდა, ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ, რომ მათთვის ქართული ტრადიციები უწინარესად ზვიადის მმართველობის მარაზმატულ ნაციონალიზმთან ასოცირდებოდა. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, არ იცნობდნენ ქართულ კულტურას. მათ ვერ მოასწრეს ამ კულტურის გათავისება, რადგან ძალიან ადრეულ ასაკში მოუწიათ პოლიტიკურ ბატალიებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ჩაბმა. მათ დრო არ დარჩათ განათლებისთვის და ცხოვრების გამოცდილების დაგროვებისთვის, ისინი პირდაპირ ძალაუფლების ველში მოხვდნენ. ძალაუფლება კი რყვნის,  გამოუცდელს და გაუნათლებელს კი განსაკუთრებით.

ჩვენ ვერც ის გავითვალისწინეთ, რომ  საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციები დემოკრატიის კადრების სამჭედლოდ ვერ გამოდგებოდა და ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიულ გარემოში დასაქმებული გოგო-ბიჭები მხოლოდ პროექტების ენაზე მოსაუბრე ჩინოვნიკებად და ბიუროკრატებად თუ ჩამოყალიბდებოდნენ.   



არადა ეს ჩვენ ჩავუჭედეთ თავებში ახალ თაობას, რომ მთავარია მენტალიტეტის შეცვლა და არა ინსტიტუციები,  რომ მთავარია დაანგრიო გაქვავებული ტრადიციები და მის ადგილას რაღაც კარგი და ლიბერალური ავტომატურად გაიზრდება, რომ მთელი საბჭოთა პერიოდი ქვეყნის ისტორიაში ერთი დიდი, სამარცხვინო ლაქაა, რომელიც ტოტალურად უნდა უარყო. ამიტომაცაა, დღეს ძველ კლიშეებთან მებრძოლ ზოგიერთ ნორჩ ლიბერალს როდესაც ვუსმენ, რაღაც დეჟავიუს მაგვარი შეგრძნება მიჩნდება - ეს ხომ ნანახიც მაქვს, გაგონილიც, წაკითხულიც, მე თვითონ მითქვამს და დამიწერია! მაგრამ ის რაც ადრე ნაღდი და ცოცხალი იყო, დღეს აშკარად უსიცოცხლოა, გამოფიტული და გამოშიგნული - არა ძალაუფლებასთან დაპირისპირებული, არამედ ხელისუფლებისგან წახალისებული, არა უსამართლობის წინააღმდეგ პროსტესტის ნაწილი, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილი.  რაღაც სიახლეც არის, ვთქვათ ადრე რელიგიურ ექსტრემიზმზე გაცილებით ნაკლებს ლაპარაკობდნენ და სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საერთოდ არაფერს, მაგრამ როდესაც პროტესტის გამოთქმისთვის პოლიციის და უშიშროების მხარდაჭერას ითხოვ, ასეთი პროტესტის ფასი კაპიკია, მით უმეტეს, თუ სხვა სფეროში უსამართლობის გამოვლინებას ვერ ხედავ და არც გინდა ხედავდე..

ცნობილი გამოთქმაა, რომ ისტორია მხოლოდ ორჯერ მეორდება: ერთხელ როგორც ტრაგედია და მეორედ როგორც ფარსი. ოთხმოცდაათიანების კულტურული გარღვევის ტრაგედიაც ისაა, რომ გამარჯვებული ეპიგონების ხელში იგი ნამდვილ ფარსად იქცა. მამათა და შვილთა ბრძოლა არ შედგა. სამაგიეროდ დღეს საქართველოში შვილიშვილები ებრძვიან ბაბუებს და თავგამოდებით ანგრევენ იმ კლიშეებს, რომლებიც მათმა მამებმა ისე დაანგრიეს, თვითონაც ვერ გააცნობიერეს ხეირიანად.    

და რა მივიღეთ? ერთის მხრივ, უფროსი და საშუალო თაობის მზარდი მარგინალიზაცია, უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენილი  ადამიანების უზარმაზარი მასა, ერთადერთ შვებას რომ უკულტურო მოძღვართა აპოკალიფსურ ქადაგებებში ჰპოვებს, მეორეს მხრივ კი უწიგნური ნუვორიშების ელიტა, რომელთაც იმის თავი და შნოც არა აქვთ, რომ ელიტად ჩამოყალიბდნენ.  

ჩვენ კი, საშუალო თაობის პროდასავლელი ინტელიგენტები, ქართული ლიბერალიზმის მეკვლეები, პირველაღმომჩენები და ყინულმჭრელები, სადღაც შუაში გავეჩხირეთ. საინტერესოა, რომ ამ კონტინგენტის ძალიან მცირე პროცენტი თუ წავიდა ნუვორიშების მოსამსახურედ, უმრავლესობა მათ გავემიჯნეთ, მაგრამ  რაიმე ქმედითი ალტერნატივის შექმნა ვერ შევძლით. ეს არცაა გასაკვირი. ჩვენ ხომ საქმის ნაცვლად ლაპარაკი უფრო გვეხერხება და თან ეს სალაპარაკო სივრცეც შეგვიზღუდეს.  

და ახლა, როცა ნაციონალური ტელეარხებიდან ნიაღვარივით მოედინება ჯერ არნახული უგემოვნობის ნაკადი, როდესაც სალონურობისა და ზეპური საზოგადოების პრეტენზიით გვჩრიან გააზნაურებულ მდაბიოთა გულისამრევ მანჭვა-გრეხას, როდესაც კულტურული რევოლუციის მაუწყებლად წარმოგვიდგენენ პავლიკ მოროზოვის მორალთან შეზავებულ  უნიჭო ეპატაჟს, როგორც არასდროს ისე გვჭირდება ოთხმოცდაათიანებში დაბრუნება, იმ პერიოდის გამოცდილების გათვალისწინება და ერთგვარად მეორე წრეზე წასვლა


ჩვენ არ გვჭირდება არც კულტურული რევოლუცია და არც კონტრრევოლუცია, მაგრამ ჩვენ კვლავ გვჭირდება ცოცხალი პროტესტი, ჩვენს მიერვე ნაგები და ნუვორიშების მიერ სასტიკად ვულგარიზებული კლიშეების დანგრევა, რათა კვლავ გავაცოცხლოთ ის იდეალები, რომელიც ოთხმოცდაათიანებში ასე ადვილად მისაღწევი გვეჩვენებოდა. დრო მიდის, თაობები იზრდებიან და ისე ნუ ვიზამთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საინტერესო, გარდამტეხი მნიშვნელობის ეპოქა მხოლოდ  ქურდებისა და კორუმპირებულების მეუფებასთან ასოცირდებოდეს, თანაც ენერგოკრიზისის წყვდიადში. არაფერ კარგს ასეთი მითოლოგია არ მოგვიტანს, მხოლოდ ახალ სიბნელეს და ახალ კორუმპირებულებს.

მაგრამ ამ იდეალებს ვერ გავაცოცხლებთ  თუ არ გავიაზრეთ ის შეცდომები, რომელიც იმ ეპოქას ახლდა. დღეს ჩვენ კრიტიკული ხედვა და ცვლილებები გვჭირდება კულტურაში ინტეგრირებულის პოზიციიდან და არა ამ კულტურასთან დაპირისპირება, გვჭირდება არა უარყოფა, არამედ განვითარება, ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ის ხიდები, ჩვენს იდეალებს ჩვენივე წარსულთან რომ აკავშირებს და არ ვანგრიოთ განურჩევლად სადაც კი რამე ხიდის მაგვარს დავინახავთ. ჩვენ ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ და დღეს დასანგრევი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ასაშენებელი.

ამისთვის ისევ ჩვენ, მარგინალ კონსერვატორებსა და ნუვორიშ ლიბერალებს შორის გაჩხერილმა ოთხმოცდაათიანების ნარჩენებმა უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს გვაქვს და უფრო ინტენსიური კონტაქტები ვიქონიოთ იმ თაობასთან, რომელიც ახლა იზრდება, ახლა იდგამს ფეხს და რომელსაც ფრიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს წარსულზე. ჩვენ უკვე ამ პლეადის ახალგაზრდებთან ერთად უნდა შევძლოთ ოთხმოცდაათიანების მითის ცოცხალ მემკვიდრეობად გარდასახვა და  გააზრება. სხვანაირად ვერანაირ სამომავლო მოდელებს ვერ შევქმნით და ან ისევ იმ შეცდომებს გავიმეორებთ, რაც ერთხელ უკვე დავუშვით, ან ჩვენდაუნებურად რევანშიზმის აღორძინებას შევუწყობთ ხელს.

რთული ამბავია, მაგრამ საინტერესო, რაც კარგად ვიცით.  ერთხელ ეს გზა ხომ უკვე გავიარეთ, არც ისე შორეულ ოთხმოცდაათიანებში.  







 

2 comments:

  1. სიყალბეს,მიმბაძველობას,დაწერილის გაუაზრებლად წაკითხვას გადავეჩვევით და ფიქრსა და ანალიზს დავიწყებთ?ეგ უფრო ძნელი ჩანს.მიშა გვიწერდა ჩვენ ვკითხულობდით,არანაირი ტვინის ჭყლეტვა

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი ანალიზია.

    სხვათაშორის სხვათაშორის სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩვენი და რუსეთის ისტორია თითქმის იდენტურად განვითარდა. ერთი მხრივ ელცინის და შევარდნაძის ეპოქა, ხოლო მეორე მხრივ პუტინის და სააკაშვილის ეპოქა ძალიან გავს ერთმანეთს.

    რუსეთისგან განსხვავებით 2012 წელს ნორმალური განვითარების რეალური შანსი მოგვეცა და იმედია ახალი ხელისუფლება, ამ სტატიის ავტორის ჩათვლით, აღარ დაუშვებს გასული ორი ათწლეულის საბედისწერო შეცდომებს ! :)

    ReplyDelete