Tuesday, December 27, 2011

სიჩქარე


თუ ვინმე დაინტერესდება და დათვლის, რომელ ფრაზას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე ხშირად, ისეთ საფირმო სიტყვაკაზმულთა გვერდით, როგორიცაა “ნურას უკაცრავად”, “პირველად საქართველოში” და სხვა, აუცილებლად იქნება ფრაზა “ჩვენ გვეჩქარება.”

საით მიგვეჩქარება და რატომ, ამის დაზუსტებაზე მაინც და მაინც თავს არ იკლავს, თუმცა ერთი-ორჯერ განმარტა კიდეც: საქართველო ჩამორჩა მოწინავე ქვეყნებს და თუ კარგი ცხოვრება გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავეწიოთო. რასაც სხვა ქვეყნები ათწლეულებს მოუნდნენ, ჩვენ ერთ-ორ, მაქსიმუმ ხუთ წელიწადში უნდა გავიაროთო.  ამიტომაც გვეჩქარება თურმე.

ასეთი დამოკიდებულება აშკარად წააგავს ხრუშჩოვისეულ ლოზუნგს “დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!” თუმცა საბჭოთა კავშირში ხუთწლედის გეგმებს მაინც ადგენდნენ, ყოველთვის გადაჭარბებით რომ სრულდებოდა და ერთხელ ოთხ წელიწადშიც კი მოათავეს, ჩვენ კი საერთოდ არაფერს არ ვგეგმავთ. უბრალოდ გვეჩქარება. თან ძალიან. შეიძლება ამიტომაც არავინ გვეუბნება, ვთქვათ, იმ ნანინანატრ 2015 წელს, პრეზიდენტი რომ ლამის ახდენილი ოცნებების მიჯნად გვისახავს, დაახლოებით რა ეკონომიკურ ნიშნულებზე ვვარაუდობთ გასვლას. კონკრეტიკა ცუდად აქვს დაცდილი. 2007 წელს ხომ დაპირდა ხალხს, ორ წელიწადში პენსია ასი დოლარი გექნებათო და ოთხი წლის შემდეგ ას ლარამდე ძლივს აქაჩა. ჰოდა, რა საჭიროა ციფრების რახუნი? უბრალოდ ჯობია თქვა რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველაფრის მოსწრება რომ გვინდა, იმიტომაც გვეჩქარება.   



თავის დროზე, როდესაც ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის საპარლამენტო უმრავლესობაში ვიყავი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ პრივატულ საუბარში მარტივად იანგარიშა, ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის პირობებში როდის მიაღწევდა ჩვენი ერთობლივი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ვთქვათ ბელგიის ან დანიის მაჩვენებლებს. აღმოჩნდა, რომ ამისთვის დაახლოებით ერთი საუკუნემდეა საჭირო, ხოლო ბალტიის ქვეყნებს რომ დავეწიოთ, ოცი-ოცდახუთი წელი მაინც გვინდა. მე გულწრფელად შევიცხადე, რა ამბავია ამდენი ხანი თქო და ვამტკიცებდი, მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ნუ ვიმსჯელებთ, ხალხმა რომ მკვეთრი და თვისობრივი გაუმჯობესება იგრძნოს, ხუთი წელიც საკმარისია მეთქი.

ახლა, რატომ გავიხსენე ეს ამბავი? ჯერ ერთი, თავად ბ-ნი ბენდუქიძე რუსულ პრესაში ინტერვიუების დროს ხშირად იხსენებს ხოლმე ამ შემთხვევას:: აი, დღევანდელი ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუთხარი, ევროკავშირის დონის მისაღწევად დიდი დრო დაგვჭირდება თქო და ის მიმტკიცებდა, ხუთი წელიც გვეყოფაო. თავი დავანებოთ იმას, რომ  ტენდენციურია და ფაქტს ამახინჯებს, მე სხვა რამ მაინტერესებს. ამ ჩვენს პრეზიდენტს რომ სულ სადღაც ეჩქარება და ანაკლიის იბიცად გადაქცევას გაის ამ დროისთვის აპირებს, ეს ვითომ ჭკვიანურია? მაგრამ პრეზიდენტის მიმართ საყვედური დაგცდეს, არაა ადვილი საქმე. რომ  აიღოს და კუტუზკაში გიკრას თავი, მერე რა გინდა რომ ჰქნა? მიზეზს ვერ იპოვის, ხალხი აღშფოთდება ეგ როგორ გაბედეთო თუ რა? ის კი არა, შეიძლება ტაშიც დაუკრან.   

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თვით ხელისუფლების წიაღში ვინც იცის, “გვეჩქარება გვეჩქარებას” ძახილით რომ არაფერი გამოვა, ისიც ხმას ვერ ამოიღებს. თორემ რა პრობლემაა? აიღე ზრდის ტემპის მაჩვენებელი (თუნდაც მაქსიმალურად მაღალი) და გადაიანგარიშე წლებზე. მერე გინდა სინგაპურს შეედარე, გინდა შვეიცარიას და გინდა ლიტვას. სად აღმოჩნდები 2015 წლისთვის, იმასაც დაინახავ.

ისე, ქვეყნის ისტორიული განვითარება, მართლაც ერთგვარ “გონკაობად” რომ წარმოვიდგინოთ, სადაც ვიღაცას ხუთ წელიწადში შეუძლია საუკუნეების გარბენა, მაინც გაუგებარი რჩება რა აუცილებელია  ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა დაუმთავრებელი შენობის დამთავრებული ნაწილის გახსნა, ან ჯერაც არაშენებული ხიდის აშენებულად გამოცხადება, ან მიწაში ჩაფლულ გაზის ბალონზე ცეეცხლის აბრიალება, ვითომ ბუნებრივი აირის მილი იყოს გაყვანილი. არადა სააკაშვილის სიჩქარე ძირითადად სწორედ ასეთ ღონისძიებებში გამოიხატება, გახსნილი საწარმოები, რომლებიც ერთ-ორ კვირაში ისევ იხურება (ერთხელ დაავიწყდა მგონი და წინა წელს გახსნილი მეორე წელსაც გახნა), გადაღებილი ფასადის წინ ლენტების გაჭრა, როცა უკანა პლანზე მუშებად გადაცმული სოდელები და კუდელები ფუსფუსებენ და უხერხულად ურაკუნებენ ჩაქუჩს ფიცარზე. თითქოს და რაში უნდა ჭირდებოდეს ასეთი მასკარადი? .



ამგვარი სულსწრაფობის ლოგიკური ახსნა თეორიულადაც კი შეუძლებელია, თუკი იმ მოსაზრებიდან ამოვალთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად ცდილობს ქვეყნის განვითარებას, თუნდაც ნაჩქარევად და გაუაზრებლად. რა დიდი სიბრძნე იმის მიხვედრას უნდა, რომ  პოტიომკინის სოფლების ეროვნულ-მოდერნიზებული ვარიაციებით ეკონომიკა ვერ განვითარდება? მაშ, რაშია საქმე? პროპაგანდა და ე. წ. პიარი? ცხადია, ასეთ ღონისძიებებს აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება, მაგრამ საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა და როცა საზეიმოდ გახსნილ საფეხმავლო ხიდს მეორე დღესვე დაშლიან და რაც დარჩება, იმას ორ კვირაში ადიდებული წყალი წაიღებს,  ეს პროპაგანდა კი არა ანტიპროპაგანდა უფროა. ასეთი ფაქტი ხომ არ იმალება და ხიდის ამბავი ყველასთვის ცნობილი ხდება. რაც მთავარია, სახელისუფლო ტელევიზიებით საშუალო სტატისტიკური მაყურებელი ისედაც ინტენსიურად იტვირთება ყოველდღიური წარმატებების საინფორმაციო ნაკადით და თითქოს აუშენებლის აშენებულად გამოცხადების არანაირი  საჭიროება არ არსებობს.

ამიტომ ვფიქრობ, ამ  შემთხვევაში პროპაგანდა არ არის მთავარი. ჩემის ღრმა რწმენით აქ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. კერძოდ პიროვნულთან.

საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილი არის ტიპიური მარგინალი, ანუ ტრადიციულ იდენტობასთან, არსებულ სოციოკულტურულ რეალობასთან შინაგანად დაპირისპირებული პიროვნება. მარგინალი კი ვერ იტანს მდგრად და სტაბილურ გარემოს. ის ყოველთვის უცხო სხეულად გრძნობს თავს ასეთ გარემოში, და თუკი ჩვეულებრივ პირობებში იძულებულია ასე თუ ისე მოერგოს სიტუაციას, რათა დაძლიოს საკუთარი გაუცხოება, ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში ის გარემოს შეცვლას და თავის თავზე მორგებას უფრო  ცდილობს.  ამიტომ მარგინალები ადვილად იქმნიან რეფორმატორის იმიჯს, თუმცა, ცვლილებები, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, როგორც წესი, თვითმიზნურია და საბოლოო შედეგი არასდროს არაა ცხადად წარმოდგენილი. მათთვის მთავარია არსებულის შეცვლა და არა რაიმე ახლის დამკვიდრება,  ესაა ცვლილებები ცვლილებებისთვის, ცარიელი დესტრუქცია, რაღაც ტროცკისეული პერმანენტული რევოლუციის მსგავსი, როდესაც ყოველი მიღწეული შედეგი კვლავ მომენტალურად უნდა დაექემდებაროს გარდაქმნას. საკმარისია გაჩერდე და ქაოსიდან რაღაც მდგრადი წესრიგის ფორმირება იწყება. მდგრადი წესრიგი კი არასდროს არ არის ისეთი, სადაც მარგინალი თავს კარგად იგრძნობს, ის ყველანაირ წესრიგში, ყველანაირ მყარ სისტემაში უცხო სხეულად რჩება.

ის, რომ ტრეინინგ-ვორქშოფებზე დაზეპირებული გაიდლაინებით მოფიქრალი (“მოაზროვნე” რომ დავწერო, ხელი არ მიბრუნდება. დ.ზ)  კლერკები ამ განწირულის სულისკვეთებას რეფორმატორულ შემართებად მიიჩნევენ, კიდევ ცალკე პრობლემაა და არა მარტო ქართული, თუმცა, ეს სულ სხვა თემაა. ჩვენს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიჩქარე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის საარსებო მოთხოვნილებაა და არა ტაქტიკის ელემენტი.

მარგინალები, თუკი მათ მართვის ბერკეტები აქვთ ხელში, ყოველთვის ჩქარობენ, ნებისმიერი დაყოვნება  მდგრადი გარემოს საფრთხესთანა ასოცირებული და ამდენად, პრინციპულად მიუღებელია. ასევე მიუღებელია რაიმეს საფუძვლიანად მოფიქრება და გაანალიზება, რადგან ესეც ერთგვარი დაყოვნებაა, თან ამ დროს აუცილებლად ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა წრის გაზრდა, მარგინალები კი ყოველთვის უმცირესობას შეადგენენ, რაც მეტია იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც რამე უნდა დაეკითხო, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მარგინალთა შეხედულებები უსიტყვოდ გაზიარებული იქნება. ამიტომაც ეჩქარებათ.   


და თუკი მარგინალური ფსიქოტიპი ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ქოლერიკული ტემპერამენტით გამოირჩევა, მისი სულსწრაფობა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებს. მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ასეთი შემთხვევაა. გარდა იმისა რომ მარგინალია, ის არის უკიდურესობებისკენ მიდრეკილი ექსტრემალი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ადრენალინი, ემოციურად აღგზნებულ მდგომარეობაში ყოფნა.


გაიხსენეთ მისი ნებისმიერი გამოსვლა. თუ წინასწარ დაწერილ ტექსტს არ კითხულობს, ის ყოველთვის ვიღაცას ებრძვის, ვიღაცას უბრაზდება, იქნება ეს პუტინი, გოგი გვახარია თუ 22 წლის ანუკი ფეისბუქიდან. ყოველი მისი გამოსვლის  პათოსი ისეთია, თითქოს სწორედ ახლა, ამ წუთას იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.

სააკაშვილი ვერ ჩერდება, იმიტომ რომ სხვაგვარად არ ძალუძს. ის წამდაუწუმ მოძრაობს, დადის ერთი ქალაქიდან მეორეში, ხან სად მიფრინავს, ხან სად. დილით რომ თათბირს ატარებს პრეზიდენტის სასახლეში, შუადღეს ყვარელში საკუთარ ვენახს ათვალიერებინებს ვინმეს, საღამოს მესტიაში თხილამურებით სრიალებს, შუაღამეს კი ბათუმის რომელიმე ბარში ატარებს დროს..სხვათა შორის მარტო საქართველოში არ იქცევა ასე. როდესაც საზღვარგარეთაა წასული, ხშირად მისი პრესცენტრიც კი ვერ გვეუბნება სადაა და რას აკეთებს.

მას არ შეუძლია შეეგუოს, რომ როდესაც ის საქართველოშია,  არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამიტომ თუ რამე არ ხდება, ის თვითონ ჰქმნის მოვლენას, თხზავს, იგონებს, სპექტაკლებს დგამს. ყოველი ასეთი სპექტაკლი არის ნარკოტიკის ინექციაა. მიზანი - მისი პიროვნული “კაიფი” და არა რაიმე სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკური განზრახულობა. ეს უკანასკნელი მხოლოდ შესაფუთი მასალაა, რაც ტელევიზიებმა უნდა უზრუნველყონ. აბა, ეგრე მეკაიფება და იმიტომ ვაკეთებო, ხომ არ იტყვის?

ამიტომაცაა, რომ მას ყოველთვის ეჩქარება. ეს ხომ მისი ცხოვრების წესია, მისი შინაგანი რიტმიკა, მისი
modus vivendi. ამიტომაც არ (ვერ) მთავრდება საქართველოში რევოლუციური ციებ-ცხელება. 

თუკი სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში მისი შტურმავიკული სულსწრაფობა ბევრისთვის ახალი ხელმძღვანელობის გამოუცდელობისა და რეფორმატორული ენთუზიაზმის ბიწიერ ეფექტად აღიქმებოდა, ვარდების რევოლუციიდან  რვა წლის შემდეგ ასეთი გაუთავებელი ფართხა-ფურთხი უკვე ალალი კეთილისმყოფელებისთვისაც კი მომაბეზრებელია. თუმცა, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ სააკაშვილი ოდესმე დაღვინდება და მისი მმართველობის სტილიც უფრო დინჯი და გააზრებული გახდება. მწარედ ცდება. სანამ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეშია, ეს არასდროს არ დამთავრდება. მით უმეტეს, რომ მისი უახლოესი გარემოცვაც მარგინალური ტიპაჟებითაა სავსე, რომლებისთვისაც სიჩქარის გადაჭარბება მაინც უფრო ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ნელა სიარული.

დასკვნები, როგორც იტყვიან, თავად გააკეთეთ.


1 comment:

  1. კომენტარები არ წამიშლია. შემთხვევით მთლიანად წამეშალა ბლოგი თავისი კომენტარებიანად და თავიდან დავდე.

    ReplyDelete