პროლოგი
თუ არ ვცდები,
ზაზა ფირალიშვილის ერთი ძველი სტატიის სათაური იყო “დაბრუნება ისტორიაში.“ ავტორი,
თავის მხრივ მერაბ მამარდაშვილს დაესესხა, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ საქართველოს
დამოუკიდებლობა თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, გავარკვიოთ
ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.
ოცი წლის წინ
ჩვენ დავბრუნდით ისტორიაში და დავინახეთ ჩვენი თავი. დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩით
ნანახით, მაგრამ თუკი ისტორიის ყველაზე დიდი გაკვეთილი ისაა, რომ ამ გაკვეთილს
არავინ სწავლობს, საქართველოს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის. მთელი ჩვენი
უახლესი ისტორია სწორედაც რომ ერთგვარი განსწავლის პერიოდია, გარკვეულ ილუზიებთან დამშვიდობების
წლები. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ სახიფათო ილუზიებთან და საკმაოდ მძიმე დამშვიდობების.
და ყოველი
მათგანი იყო არა მარტო ილუზია, არამედ ერთგვარი სახადიც, ავადმყოფობა, რომელიც არცთუ
სასიამოვნო გადასატანია, მაგრამ გადატანის შემდეგ იმუნიტეტს გიმუშავებს და მეორედ
უკვე აღარ შეგეყრება. ვერ ვიტყვი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ეს
იმუნიტეტი მთელ საზოგადოებას გამოუმუშავდა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში, იმ
წრეებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ხორციელდება, ამგვარი ტენდენცია აშკარაა.
ამ თვალთახედვით
საქართველოს ისტორია პერმანენტული ავადმყოფობა–გამოჯანმრთელების ისტორიაა, ოღონდ
გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა ხოლმე. თან გადატანილ სახადს
გართულებებიც ჩვევია და მანკიერი ეფექტებიც.
სახადი №1. ეთნოცენტრული.
პირველად იყო
ზვიადი, უფრო ზუსტად ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და
ისეთი ამაზრზენი სახით წარსდგა ჩვენს წინაშე, კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი
მოაზროვნე საზოგადოება. აქ არ იყო არაფერი ახალი. ათწლეულების მანძილზე იკვებებოდა
ქართული ნაციონალიზმი იმ მითით, რომ არაქართველები შეგნებულად ცდილობენ ფეხი
მოიკიდონ ჩვენს მიწა–წყალზე, ნელ–ნელა შეგვავიწროვონ და განგვდევნონ. ეს
მიეწერებოდა არა მარტო კრემლის ფარულ ზრახვებს, არამედ თვით არაქართულ ეთნოსებსაც,
რომლებიც დემოგრაფიული ანექსიისთვის გამზადებულ ზომბებად იყვნენ წარმოდგენილები.
მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია შექმნილი, ამ თემაზე, რომ მთელი
ანთოლოგიაც კი შეიძლება შეადგინო, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებიდან“
დაწყებული და მუხრან მაჭავარიანის ლექსებით დამთავრებული (“გუგულის კვერცხი ესოდენ
უხვად ჯერ არ ყოფილა ჩვენში“ და ა.
შ.).
მოკლედ ეს
ინფექციური დაავადება კარგა ხანია გვჭირდა, ოღონდ შედარებით მიყუჩებულ
მდგომარეობაში. დამოუკიდებლობის მათრობელა ჰაერმა მხოლოდ მისი აქტივიზირება
მოახდინა. აქტივიზირებული მითი კი ძალიან მახინჯი გამოდგა. ის გამოიხატა ბორჯომის
რაიონიდან ოსი მოსახლეობის მასიურ გამოსახლებაში, ეთნიკური ნიშნით ხალხის
სამსახურებიდან დათხოვნასა თუ საშინლად შეურაცხმყოფელი ეპითეტების რახარუხში
ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან.
რაოდენ
უარყოფითადაც არ უნდა შევაფასოთ 1991–92 წლების საშობაო გადატრიალება (და ცხადია,
უარყოფითად უნდა შევაფასოთ), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს კოშმარი ფაქტობრივად
გამსახურდიას ხელისუფლებასთან ერთად დამთავრდა. არანაირი პოლიტიკური თუ
საზოგადოებრივი დივიდენდების მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ
არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღნიშვნა და მიწაზე კერძო
საკუთრების არაქართველებისთვის დაკანონება
რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონებად, მაგრამ
ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია. დღეს მხოლოდ
მარგინალური ჯგუფები თუ ოპერირებენ იმ სქემებით, ოდესღაც ეროვნულობისა და
ქართველობის უცილობელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა. ეთნიკურ დაპირისპირებაზე აპელირება
გახდა არაპოპულარული და პრინციპულად მიუღებელი.
კონტრარგუმენტის
სახით ვიღაცამ შესაძლოა აფხაზეთის ომი და ცხინვალის რეგიონში განვითარებული
მოვლენები გაიხსენოს, მაგრამ აქ უფრო პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდა, თუ არ
ჩავთვლით სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებას, რაც გამსახურდიას დროს მოხდა და დიდწილად
იყო გაპირობებული ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სტერეოტიპებით.
მოკლედ, ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სახადი მძიმე
დანაკარგებით, მაგრამ მაინც მოვიხადეთ,
თუმცა, საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ
ამოწურულა.
სახადი №2. ქურდული.
შემდეგი
სახადი, რომელმაც გამსახურდიას დამხობის შემდეგ უაღრესად მწვავე და
ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმა მიიღო, იყო კრიმინალური რომანტიზმის მითი.
ეს მითიც
დიდი ხნის განმავლობაში იძერწებოდა ჩვენს ცნობიერებაში. მართალია, „კეთილშობილი ყაჩაღის“ სტერეოტიპი მარტო ქართული კულტურისთვის არაა
დამახასიათებელი, მაგრამ ეს ვერაფერი შვებაა. ლეგენდებს „ინტელექტუალ ქურდებზე“
,„მაგარ მომპარავ ტიპებზე“ თუ უბრალოდ „კაი ბიჭებზე“ ქართულ-საბჭოურ მითოპოეტურ სამყაროში საპატიო
ადგილი ეკავა. კრიმინალური რომანტიზმი აღიქმებოდა სიყალბით სავსე საბჭოური
რეალობის ალტერნატივად და ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა, რომ ეს ალტერნატივა კი არ იყო,
არამედ ამ რეალობის ნაწილი.
მაგრამ ჯაბა
იოსელიანმა და მხედრიონმა შეძლო ის, რასაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეძლებდა. კრიმინალური
რომანტიზმი რეკორდულად მოკლე დროში იქნა
დისკრედიტირებული. თანამედროვე დათა თუთაშხიებს და არსენა ოძელაშვილებს
ლიტერატურული არქეტიპების კეთილშობილებისა არაფერი ეცხოთ, ქურდებზე ხომ საერთოდ
აღარც ღირს სიტყვის დაძვრა. ძალმომრეობის და უსამართლობის შემხედვარე ქართული
საზოგადოება შეუძლებელია დარჩენილიყო ძველი ილუზიების ტყვეობაში. კრიმინალური
რომანტიზმი მორალურად სწორედ იმ პერიოდში მოკვდა. დღეს სააკაშვილი ტყუილად
წარმოადგენს ქურდული სამყაროს განადგურებას დიდ ჰეროიკულ ქმედებად - ეს მხოლოდ
ტექნიკური საკითხი იყო, თან საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი. ქურდული მაგიისგან
განხიბვლა გაცილებით ადრე მოხდა.
სახადი №3. ინტელიგენტური.
შევარდნაძის
მმართველობის დროს დასრულდა კიდევ ერთი დიდი ილუზია – მითი ქართულ ინტელიგენციაზე.
ამ სოციალურმა ფენამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ქვეყნის უდიდეს მორალურ და
ინტელექტუალურ ავტორიტეტს წარმოადგენდა. 90-იან წლებში ფაქტობრივად შეწყვიტა
არსებობა. ეს ცხადია, არ ნიშნავს, რომ კარგ ხელოვანს თუ მეცნიერს არავინ აფასებდეს
მისი პროფესიული საქმიანობის გამო, მაგრამ
ინტელიგენციამ დაჰკარგა პოლიტიკური ავტორიტეტი, ერის ლიდერისა და წინამძღოლის მისია.
თუკი ადრე, ქვეყნის მოწყობის საკითხებზე მწერალს პირდაპირ მოეთხოვებოდა პოლიტიკური
ლიდერობა და როცა თავს არიდებდნენ ამ საქმეს, ყველა მიტინგზე ისმოდა, სად არიან
ქართველი მწერლებიო, ეს სოციალური როლი ინტელიგენციამ დაჰკარგა, სხვა სოციალური
როლი კი არც ჰქონია.
90-იანი
წლების ბოლოსთვის ინტელიგენციის გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე
პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე მუდმივად ცდილობდა
ნომენკლატურული ინტელიგენციის აქტივიზირებას. რუსთავი-2-ის ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის „ცნობილი სახეები“
გაცილებით ქმედით ზემოქმედებას ახდენდნენ მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე
პრეზიდენტთან დაახლოებული მეცნიერები თუ .პოეტები. პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ
წლებში ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
ისიც უნდა
ვთქვა, რომ ინტელიგენციის, როგორც გავლენიანი სოციალური ფენომენის მნიშვნელობა
ბოლო დროს უკიდურესადაა გაზვიადებული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ერთი
ნაწილის მიერ. ამის ნათელი მაგალითი იყო სააკაშვილის რეკლამირებული ვიზიტები გურამ დოჩანაშვილთან და
მუხრან მაჭავარიანთან, ასევე ძველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხშირი
სტუმრობები „მაესტროს“ საკანში. სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური სარგებელი
ინტელიგენციის სოციალური როლის რეანიმირების მცდელობას არ მოაქვს. ამას ადასტურებს
ყველა სოციოლოგიური კვლევა, რაც კი საქართველოში ჩატარებულა. პოლიტიკოსებს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ არავის
აღარ მოსდის თავში მათ მოუწოდოს, რომელიმე ხელოვანს ან მეცნიერს დაუჯერეთო.
და ეს
სწორია, რადგან იყო კულტურული ადამიანი, კარგი რეჟისორი ან ფიზიკოსი, სულაც არ
ნიშნავს ერის ლიდერობას. მითი ინტელიგენციის წინამძღოლობაზე წარსულს ჩაბარდა, ინტელიგენციამ
ვერ შეძლო იმ მოლოდინების გამართლება, რასაც საზოგადოება მათზე ამყარებდა.
პატიოსანი ინტელიგენტები ჩუმად იყვნენ, ამ ფენის ნომენკლატურულმა წარმომადგენლებმა
კი იმდენჯერ წარმოაჩინეს თავი რეტროგრადებად და ხელისუფლების უპრინციპო
მხარდამჭერებად, რომ იმ სოციალური კაპიტალის ნარჩენებიც გაფლანგეს, რაც
შემორჩენილი ჰქონდათ.
სახადი №4. ნომენკლატურული.
ორიოდ
სიტყვით კიდევ ერთ, შედარებით მსუბუქ სახადზე.
თუკი ეთნოცენტრული
ნაციონალიზმი, კრიმინალური რომანტიზმი და ინტელიგენციის პოლიტიკური ავტორიტეტი თითქმის
მთლიანად იყო გაპირობებული ადრეულ ეპოქებში ჩამოყალიბებული სააზროვნო სტერეოტიპებით
და თავისი ისტორიული ფესვები გააჩნდა, მითი კომუნისტური ნომენკლატურის
პროფესიონალიზმის შესახებ პრაქტიკულად გამსახურდიას მმართველობის ხანაში იშვა. ეს იყო ერთგვარი
უკურეაქცია კარვის ქალების, მედოლე პრეფექტების და სხვა არაკომპეტენტური კადრების
აღზევებაზე. მათ ფონზე ძველი საბჭოთა ნომენკლატურა მართლაც ზესოლიდურად
გამოიყურებოდა,
გამსახურდიას
ხანმოკლე ზეობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ
ბრალეულობის კომპლექსით დამძიმებული ნომენკლატურა, მთლიანად გათავისუფლებულიყო ყოველგვარი მორალური
პასუხისმგებლობისგან. შეუწყნარებლობის ისტერიული ატმოსფერო,
არაკვალიფიციური კადრები, ხელისუფლების ოპონენტების მოღალატეებად, მტრებად და
კრემლის აგენეტებად შერაცხვა - დროზე უფრო
კარგი მკურნალი აღმოჩნდა. ნომენკლატურის საზოგადოებრივი რეაბილიტაცია იმდენად
სწრაფად მოხდა, რომ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ედუარდ შევარდნაძის
მთავარი კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი გახდა. არადა როდესაც ზვიად გამსახურდია
პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ორი
ცეკას მდივნის სამომავლო კონკურენციას დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის
პოსტზე, ყველაზე შუმი ფანტაზიორიც ვერ წარმოიდგენდა.
მიუხედავად
იმისა, რომ გამსახურდიას დამხობა თავის დროზე „ნომენკლატურულ რევანშად“ მოინათლა,
სწორედ შევარდნაძის მმართველობამ დაამსხვრია კომუნისტური
ნომენკლატურის პროფესიონალიზმის ახლადფეხადგმული მითი. როგორც კი მართვის
სადავეები კვლავ ამ ხალხის ხელში აღმოჩნდა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ ნომენკლატურა უფრო კორუფციული ურთიერთობების
აწყობასა და წილში ჩაჯდომაში იყო დახელოვნებული, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების
მართვაში.
ერთი
შეხედვით ეს დიდი არაფერი სახადია, მაგრამ განსხვავებით ვთქვათ ბალტიისპირეთის
ნომენკლატურისგან, ქართული ბიუროკრატია გაცილებით კორუმპირებული გახლდათ და ძალიან
შორს იდგა სახელმწიფოებრიობისგან. ეს პრაქტიკამაც დაადასტურა და იმდენად
დამაჯერებლად დაადასტურა, რომ საქართველო
ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა მთელი პოსტკომუნისტური სივრცის მასშტაბით, სადაც ნომენკლატურის
წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დაეკავებინათ წამყვანი პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში.
უკუკავშირი
შეიძლება
ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს, თუკი იგი სერიოზულად მოიწადინებდა ევროპული ტიპის
დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, საამისოდ თითქმის იდეალური პირობები დახვდა.
დისკრედიტირებული
ეთნოცენტრიზმი, დისკრედიტირებული ქურდები, დისკრედიტირებული ნომენკლატურა და
გავლენადაკარგული ინტელიგენცია - ასეთ
წინაპირობებს ნებისმიერი დემოკრატი ხელისუფალი ინატრებდა ნებისმიერ პოსტკომუნისტურ
ქვეყანაში, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა სააკაშვილს
იმ დროისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, უკეთესი სასტარტო პოზიცია
მართლაც ძნელი წარმოსადგენია.
თუმცა, ძველი
ილუზიებისგან გათავისუფლების საფასური გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი
შეხედვით ჩანდა. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკოსებისა
და საზოგადოებრივი აქტივისტების ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც 90-იან წლებში
გამოიზარდა და საქართველოშიც და საზღვარგარეთაც აღიქმებოდა ქვეყნის ლიბერალურ
რესურსად. ამასთან, ეს იყო თაობა, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა ფასეულობათა
გადაფასების მტკივნეული პროცესი. ცხადია, ამ პროცესს უკვალოდ არ ჩაუვლია, შეიძლება
ითქვას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პრაქტიკულად განასახიერებს მთელი იმ
მანკიერი ეფექტების აკუმულირებულ ერთობას, რაც თან ახლდა წინა ოთხი სახადის
მოხდას.
ეთნიკურ
ნაციონალიზმის დისკრედიტაციის მანკიერი ეფექტი იყო ნიჰილისტური დამოკიდებულება „ქართველობის“ ანუ
ფაქტობრივად, ქართული კულტურის და ისტორიის მიმართ. რამდენადაც ქართული იდენტობა
დიდწილად ასოცირდებოდა ეთნოცენტრიზმთან, გამსახურდიას მმართველობამ ახალგაზრდა
თაობის ლიბერალურ ნაწილში გააჩინა სერიოზული კონსერნები საერთოდ ქართული იდენტობის მიმართ, რომელიც წმინდა
წყლის ნიჰილიზმში გადაიზარდა, მათთვის „ქართული“ და „ნეგატიური“ პრაქტიკულად
სინონიმებად იქცა.
კრიმინალური
რომანტიზმის დისკრედიტაციამ გამოიწვია იმ მორალურ ღირებულებებში ეჭვის შეტანა,
რომელიც დეფორმირებული სახით ფიგურირებდა ე. წ. ქურდულ გაგებაში, მაგრამ წარმოადგენდა და წარმოადგენს საერთოდ
ადამიანური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ნორმებს. მაგალითად, ერთ-ერთი
თანამედროვე ქართველი ლიბერალი (რომელიც დღემდე თანამდებობის პირია) სრულიად
სერიოზულად უმტკიცებდა უმცროსკლასელებს, რომ ნამდვილი მოქალაქე ისაა, ვინც
კორუმპირებულ მშობელს პოლიციაში „ჩაუშვებს.“ ასეთი განწყობა გარკვეულწილად
ეხმიანებოდა ზემოაღნიშნულ იდენტობის კრიზისსაც, რადგან ქართულ კულტურაში მეგობრულ
და ნათესაურ არაფორმალურ ურთიერთობებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.
ნომენკლატურის
დისკრედიტაციამ კი შვა ეიჯიზმი, როცა მთელი საშუალო და უფროსი თაობა ჩაითვალა
ტოტალიტარული მენტალიტეტისგან განუკურნებლად. უნდა ითქვას, რომ ამგვარი შეხედულებების
დამკვიდრებას უფროსი თაობის ლიბერალებმაც საკმაოდ შეუწყვეს ხელი. ისინი ზედმეტად
თვითკრიტიკულები იყვნენ და მწვავედ აღიქვამდნენ საკუთარ მიბმულობას საბჭოთა
წარსულთან. აქედან გამომდინარე, მთელი ფსონი ახალგაზრდა თაობაზე დაიდო, რომელიც
აშკარად არ აღმოჩნდა (და ვერც აღმოჩნდებოდა) მზად ასეთი ტვირთისთვის. ძველი
ლიბერალები მხოლოდ მაშინ შეშფოთდნენ, როცა დაინახეს თუ როგორ ხორციელდებოდა მათივე
თეორიები პრაქტიკაში. ტიპიური შემთხვევაა (დაახლოებით იგივე მოუვიდა ჰერბერტ
მარკუზეს 1968 წლის პარიზის ბუნტის
შემდეგ), თუმცა, არც დიდად სანუგეშო.
სახადი №5.
და ეს
ყველაფერი ერთად შეიწოვა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ფორმალურად დემოკრატიაზე
და ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. ისინი ამას სულაც არ აღიქვამდნენ
რაღაც ნაკლად, არამედ გულწრფელად მიაჩნდათ ლიბერალური მსოფლმხედველობის ორგანულ
ნაწილად. ამიტომაც მოხდა, რომ
ხელისუფლება, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამხდარიყო დემოკრატიული ქართული
სახელმწიფოს დამფუძნებელი, თვითონ აღმოჩნდა კიდევ ერთი სახადი.
ამგვარი
„ნიჰილისტური ლიბერალიზმის“ დამკვიდრების მცდელობა. რაც სხვა არაფერი იყო თუ არა კულტურული
რევოლუცია, რომელიც გულისხმობდა პროგრესული სახელისუფლო გუნდის მიერ ბნელი და
ჩამორჩენილი მასის აღზრდა–გადამზადებას, უბრალოდ შეუძლებელია კრახით არ
დამთავრებულიყო.
ეს
არაა გასაკვირი და აქ მმართველი გუნდის არაკომპეტენტურობა მხოლოდ ერთი მიზეზია.
მთავარი სხვაა: კულტურული ნიჰილიზმი გამორიცხავს პოზიტიურ ქმნადობას. ნიჰილიზმი
მთლიანად დესტრუქციულია და რასაც ანგრევს, იმის სანაცვლოდ ვერაფერს გვთავაზობს.
ამის თაობაზე შესანიშნავად თქვა 90–იანი წლების დასაწყისის პოეტური გაერთიანების,
“რეაქტიული კლუბის“ წევრმა, ამჟამად
საფრანგეთში მცხოვრებმა პაატა ქურდაძემ: “საკუთარი წარსულში საკუთარი თავის იდენტიფიცირების უნარსმოკლებული თაობა, ვერასოდეს ვერ შეძლებს ახალ ეპოქასთან იდენტიფიცირებას. ის ყოველთვის აცდენილი იქნება რეალობას: რადგან წარსული ისეთივე დროა, როგორც აწმყო და მომავალი. მისი გამოცალკევება და მტვრიან თაროზე შემოდება მეტაფიზიკურად არღვევს სამყაროს რომელშიც ცხოვრობ, და მას შეუძლებელს ხდის.“
ეს
სიტყვები ძალიან კარგად გამოხატავს იმას, რაც რიგით მეხუთე სახადი გახდა ქართული
საზოგადოებისთვის. ამიტომაც იყო, რომ, რასაც სააკაშვილის გუნდი მოდერნიზაციად და
რადიკალურ რეფორმებად ასაღებდა, რეალურად არასდროს გასცილებია რიტორიკის ფარგლებს.
ის პერსპექტივის განცდა, რაც ახალგაზრდა თაობას ამ რიტორიკამ და აგრესიული
ეიჯიზმის პოლიტიკამ გაუჩინა, მხოლოდ დროებითი ეფექტის მქონე აღმოჩნდა. არსებული
რეალობა იმდენად დაცილდა პროპაგანდისტულ პიარ–რეალობას, რომ სიტყვასა და საქმეს
შორის სხვაობა მეტად თვალშისაცემი გახდა.
მოკლედ,
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ წარსულის ტოტალური უარყოფით აწმყოც არ გწყალობს და მომავალიც
არა გაქვს. ცხადია, ეს არ ეხება ქართული
საზოგადოების უმრავლესობას, ანუ მის კონსერვატიულ ნაწილს, რომლისთვისაც ქართველი
ხუნვეიბინების ანტიკულტურული სულისკვეთება იმთავითვე მიუღებელი იყო, მაგრამ
მათთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ევროპული ტიპის დემოკრატიად წარმოუდგენია, სააკაშვილის
ხელისუფლება ძალიან კარგი გაკვეთილია,
მეექვსე სახადი. პრობლემა და პერსპექტივა
დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდეგ საქართველოში არსებულმა ყველა ხელისუფლებამ მოახდინა იმ მთავარი
მითის, მთავარი ილუზიის დისკრედიტირება, რაც მის იდეურ საძირკველს წარმოადგენდა.
გამსახურდიამ
– ეთნოცენტრული ნაციონალიზმის.
ჯაბა იოსელიანმა
– კრიმინალური რომანტიზმის.
ედუარდ
შევარდნაძემ – ინტელიგენციისა და ნომენკლატურის
პოლიტიკური ავტორიტეტის.
მიხეილ
სააკაშვილმა – ლიბერალიზმის ნიჰილისტური გაგებისა და კულტურული რევოლუციის.
კულტურული
რევოლუციის ჩავარდნამ შესაძლოა კონტრრევოლუციის ტალღა გამოიწვიოს და ამის ნიშნები უკვე
აშკარად არის.
მართალი
გითხრათ, ნაკლებად წარმომიდგენია ელიტარულ დონეზე ძველი კერპების აღორძინება, მაგრამ როგორც ჩანს ერთი სახადი
კიდევ წინ გვაქვს. ეს სახადი, ჩემის აზრით, იქნება (არსებითად უკვე არის კიდეც)
რელიგიური ნაციონალიზმი, რომელიც სხვადასხვა დოზით ეთნოცენტრიზმსაც მოიცავს,
კრიმინალურ რომანტიზმსაც და ინტელიგენციის სოციალურ როლსაც.
ქართული
რელიგიური ნაციონალიზმი ასევე 90-იანი წლების პირმშოა. მართალია, საბჭოთა პერიოდის
ისტორიული ნარატივი ქრისტიანობას
წარმოგვიდგენდა როგორც ქართველობის, ანუ ეროვნული იდენტობის ატრიბუტს,
მაგრამ ჯერ ერთი, ეს ეხებოდა მხოლოდ ფეოდალურ ეპოქას, თანაც იგულისხმებოდა ზოგადად
ქრისტიანობა და არა გამორჩეულად მართლმადიდებლური აღმსარებლობა. სადღეისოდ კი
სრულიად სხვა ვითარებაა. მართლმადიდებლობა საზოგადოებრივი ცნობიერების დონეზე უკვე
მიიჩნევა ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად. ეს დიდწილადაა გაპირობებული
ტრადიციული (ეთნოცენტრული) იდენტობის დისკრედიტაციითაც. ეთნოცენტრიზმის ჩანაცვლება
მარტივად მოხდა იდენტობის სხვა, ნაცნობი ატრიბუტით, ხოლო კულტურული რევოლუციის
აგრესიულმა და მარცხიანმა მცდელობამ კიდევ უფრო გააძლიერა რელიგიის ფაქტორი
იდენტობის აღქმაში.
სააკაშვილის
ხელისუფლებამ განვლილი წლების მანძილზე მთელი სახელისუფლო რესურსი მიახარჯა
საზოგადოებრივ ავტორიტეტებთან ბრძოლას და მათი „ჩარეცხვის“ მცდელობას. კულტურული
რევოლუციის შემოქმედნი ეტყობა სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ თუკი ყველა ტიპის
საზოგადოებრივ ავტორიტეტს მოსპობდნენ, მათ ადგილს ავტომატურად თვითონ დაიკავებდნენ.
რევოლუციური ძალისხმევა მიმართული იყო არა მარტო ტრადიციული და უკვე ფაქტობრივად
წარსულში დარჩენილი ავტორიტეტების (ინტელიგენცია), არამედ შევარდნაძის დროს
ჩასახული და ჯერ კიდევ სუსტი ინსტიტუტების - პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის
წინააღმდეგაც. ამ ძალისხმევის შედეგი კი ის იყო, რომ ხელისუფლების ავტორიტეტიც
დაეცა და უკიდურესად გაძლიერდა ეკლესია, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც სააკაშვილის
გუნდმა ვერაფერი დააკლო და დღეს ეკლესიის
მორალური ავტორიტეტი ისე მაღალია, როგორც არასდროს. ბუნებრივია, მოვლენათა
ამდაგვარმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობას.
და ეს იქნება
კიდევ ერთი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი, თუმცა, ავადმყოფობის
სიმძიმეც და გამოჯანმრთელების სტადიაც დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ
წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში
ეპილოგი
კარგად უნდა
გავიაზროთ ერთი მომენტი: დღეს სააკაშვილის მმართველობა საქართველოში არის სუფთა
ანაქრონიზმი. ამჟამინდელი პრეზიდენტი ისეთივე
პოლიტიკური ბანკროტია, როგორც შევარდნაძე იყო 2003 წლისთვის არანაირი
იდეური და მორალური საფუძველი ამ ხელისუფლების ზეობას საქართველოში დღეს არა აქვს.
მარტო რეპრესიული აპარატის ხარჯზე ძალაუფლების თვითმიზნური შენარჩუნება კი დიდხანს
ვერ მოხერხდება.
არის მხოლოდ
ორი ვარიანტი: ან პრეზიდენტი ეტაპობრივად,
დემოკრატიული პროცედურების მეტ-ნაკლები დაცვით დათმობს მართვის ბერკეტებს და ამ
შემთხვევაში რჩება რეალური ალბათობა პროდასავლური და ლიბერალური ხელისუფლების
მოსვლისა ქვეყნის სათავეში, ან ხელისუფლება მაინც შეიცვლება, ოღონდ რუსეთზე
ორიენტირებული ნაციონალისტური ძალებით, რომელთა მთავარი იდეური ბაზისი იქნება
სწორედ რელიგიური ნაციონალიზმი.
პირველ
შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიზაცია, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციების
ავტორიტეტის გაზრდა, ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დარეგულირება
სეკულარობის პრინციპით, არსებითად შეამცირებს იმ რისკებს, რაც რელიგიურ
ნაციონალიზმს ახლავს თან. მეორე შემთხვევაში კი ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ რას
ნიშნავს რელიგიური ნაციონალიზმი მის პრაქტიკულ განხორციელებაში. გარწმუნებთ ეს იქნება
არანაკლებ მძიმე კოშმარი, ვიდრე ეთნოცენტრული ნაციონალიზმის გამოვლინებები იყო,
შეიძლება უფრო მძიმეც.
იმ
ვითარებაში, როცა ურთულესი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე
პრეზიდენტი „მესტიის სიღნაღიზაციისა“ და მტკვარზე შუშის ხიდის გადებითაა დაკავებული,
მისი გარემოცვა კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს მართვის სადავეები, ხელისუფლების
კეთილი ნების იმედად ჩემი მტერი იყოს. აქ ყველაფერი დამოკიდებულია, ერთის მხრივ,
საერთაშორისო კონიუნქტურაზე (რომელსაც სააკაშვილის მმართველობა აშკარად ვერ ერგება)
და, რაც მთავარია, ქართულ საზოგადოების ძალისხმევაზე.
არ მინდა
ძალიან პესიმისტური პროგნოზი გავაკეთო და ამიტომ ოპტიმისტურად დავასრულებ; ასე
იქნება თუ ისე, მსუბუქი თუ მძიმე ფორმით, რელიგიური ნაციონალიზმის სახადი ჩვენ
მაინც არ აგვცდება. სახადი კი იმის სახადია, რომ ქვეყანა მას მოიხდის და კიდევ
ერთხელ, უკვე საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ისტორიისთვის
ძალიან მოკლე პერიოდში, ხუთი სხვადასხვა ტიპის სენი დაძლია ქართულმა ორგანიზმმა. დარწმუნებული
ვარ, მეექვსესაც დაძლევს. და ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი უსერიოზულესი ნაბიჯი
დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.
სწორედ ამ
ოპტიმისტურ ნოტაზე მინდა დავასრულო. ჩათვალეთ, რომ მარადიულ კითხვას “როდის
გვეშველება?“ ჩემდა თავად ძალიან
კონკრეტული პასუხი გავეცი.
სტატიას ძირითადად ვეთანხმები.ერთი ფაქტობრივი შეცდომაა."კაი ბიჭის" დეფინიცია გაქვს არეული.ჯაბას ქურდულ მენტალიტეტთან არანაირი კავშირი არ ქონდა.ისეთებს როგორიც ჯაბა იყო,ქურდების წრეში,ბოზებს ეძახოდნენ ოდითგანვე."კაი ბიჭი" კიდე,სულ არაა აუცილებელი,ქურდულთან ყოფილიყო დაკავშირებული.
ReplyDeleteმისაღები და ამომწურავი ანალიზია. ასევე, წარმატებული მცდელობაა სახადის(ების) ფაზებად (ეტაპებად) დალაგებისა. მაგრამ ნულოვანი(ენდემური და ქრონიკული სახადი) არაა განხილული, რომელმაც თავის მხრივ კიდეც განსაზღვრავრა ეს პათოლოგიები, პროგრსირება და უზრუნველყოფს ახალ სახადთა "აკიდების" პერსპექტივას.
ReplyDeleteძალზე ზუსტი და საჭირო ანალიზია. ზოგი მტკივნეულად აღიქვამს ამ სიმართლეს, მაგრამ მტკივნეული სიმართლე გვერჩივნოს მოტკბო სიცრუეს. აქ არ ჩანს ვისია ეს სტატია, მაგრამ, ვაქებ და მადლობას ვუხდი.
ReplyDeleteმარადიული კითხვა იმიტომაა მარადიული რომ, პასუხი, თან ერთმნიშვნელოვანი უბრალოდ არ არსებობს, ეს რაღაც პერპეტიუმ მობილესავითაა..ვაფასებ ავტორის გარჯას ასე დაყოფა–დააკონკრეტებისთვის ჩვენი უახლესი ისტორიის მაგრამ, შეფასებები ძალზე რადკალური და დააკონკრეტებულია, თან როგორც უალტერნატივოდაა წარმოდგენილი (შეფასებები)). მაგ. იგივე ეთნოცენტრული ნაციონაალიზმი, გარკვეული და სამაო დოზით აუცილებელია მცირერიცხვოვანი ერის ფიზიკურად გაქრობის დასააცავად..ასევე რელიგიაც... და ბევრი რამ აქ ჩამუქებულია..ერთადერთი სააკიანის აბსოლიტურად
ReplyDeleteუაზრო და უპერსპექტივო "ხანაა" მეტ–ნაკლებათ ღირებულად შეფასებული. ...და ეს "სახადები" აუცილებელია ყველა ერის განვითარებისათვის, როგორაც მძიმე არ უნდა იყოს
This comment has been removed by a blog administrator.
ReplyDeletehttps://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=a-QVlAGA_Cs
ReplyDeleteMagaria! Kochag Davit!
ReplyDeleteდღესაც იმ "უტკას" იმეორებდე: "ვიღაცამ შესაძლოა აფხაზეთის ომი და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები გაიხსენოს, მაგრამ აქ უფრო პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდა, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებას, რაც გამსახურდიას დროს მოხდა და დიდწილად იყო გაპირობებული ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სტერეოტიპებით." ... ეს არც უვიცობაა და არც შეცდომა ეს გააზრებული დეზინფორმაციაა. ფაქტობრივი მასალა კი, რაც პარლამენტის არქივშიც არის დაცული, ადასტურებს, რომ
ReplyDelete"...რაც შეეხება საკითხის ფორმალურ-იურიდიულ მხარეს: ოლქი თავად ავტონომიის საოლქო საბჭომ გააუქმა, როდესაც ორი, ურთიერთგამომრიცხავი დადგენილება მიიღო, ჯერ – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ” (1989 წლის 10 ნოემბერი) და შემდეგ – „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ” (1990 წლის 20 სექტემბერი), რასაც „სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციაც” მოაყოლა. სრულიად დემორალიზებული კომუნისტური რეჟიმი, რომელმაც ამ საკითხზე სესიის მოწვევაც კი ვერ მოახერხა, ამ უკანონო გადაწყვეტილებებს პრეზიდიუმის დადგენილებით გამოეხმაურა..." [მერაბ კიკნაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის]
http://geosons.blogspot.com/2013/05/blog-post.html
ReplyDeleteასე რომ V კოლონა "ალალ თქვენზე" :D
ReplyDelete"ერთი მყარად დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, უზენაესი საბჭოს მიერ „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება” იქ დაწყებული ომის ლამის უმთავრეს მიზეზად განიხილება. დღემდე გაოცებას იწვევს ის მზადყოფნა, რომლითაც მოსკოვის მიერ შემუშავებული ეს იაფფასიანი პროპაგანდისტული ფანდი – ოსური „ელიტის” კვალდაკვალ – ქართულმა მეხუთე კოლონამაც აიტაცა. [მერაბ კიკნაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის]
განცვიფრებული ვარ!როგორ ბედავთ ამის დაწერას:
ReplyDeleteსახადი №1. ეთნოცენტრული.
"პირველად იყო ზვიადი, უფრო ზუსტად ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და ისეთი ამაზრზენი სახით წარსდგა ჩვენს წინაშე, კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება. აქ არ იყო არაფერი ახალი. ათწლეულების მანძილზე იკვებებოდა ქართული ნაციონალიზმი იმ მითით, რომ არაქართველები შეგნებულად ცდილობენ ფეხი მოიკიდონ ჩვენს მიწა–წყალზე, ნელ–ნელა შეგვავიწროვონ და განგვდევნონ. ეს მიეწერებოდა არა მარტო კრემლის ფარულ ზრახვებს, არამედ თვით არაქართულ ეთნოსებსაც, რომლებიც დემოგრაფიული ანექსიისთვის გამზადებულ ზომბებად იყვნენ წარმოდგენილები. მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია შექმნილი, ამ თემაზე, რომ მთელი ანთოლოგიაც კი შეიძლება შეადგინო, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებიდან“ დაწყებული და მუხრან მაჭავარიანის ლექსებით დამთავრებული (“გუგულის კვერცხი ესოდენ უხვად ჯერ არ ყოფილა ჩვენში“ და ა. შ.)."
"კონტრარგუმენტის სახით ვიღაცამ შესაძლოა აფხაზეთის ომი და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები გაიხსენოს, მაგრამ აქ უფრო პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდა, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებას, რაც გამსახურდიას დროს მოხდა და დიდწილად იყო გაპირობებული ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სტერეოტიპებით.
მოკლედ, ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სახადი მძიმე დანაკარგებით, მაგრამ მაინც მოვიხადეთ, თუმცა, საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ ამოწურულა."
სწორედ თქვენ ყოფილხართ: "საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებებით"შეპყრობილი!მთავარი დაავადების სახელია:ლ ი ბ ე რ ა ს ტ ო ბ ა. გირჩევთ გულისყურით წაიკითხოთ ილიას "ქვათა ღაღადი",და არა მხოლოდ ეს.მთელი ქართული ლიტერატურა,რომელიც გამსჭვალულია მამულისშვილობით და კაცთმოყვარეობით,და ამავე დროს ფაქტობრივი სიზუსტით გადმოსცემენ ეპოქის რეალიებს. ამ ინფექციურ დაავადებას დიდი ქართველი,ოთარ ჭილაძე "მონობაში შეძენილ ბედოვლათობას"უწოდებს ესსეში "წინ მარადისობაა".აი ვრცელი ამონარიდი:
" ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას კი არ ვცდილობთ, ახლებს ვამატებთ. ასე კი, ჩემი აზრით, იმ უბრალო მიზეზის გამო ვიქცევით. ჯერ ისიც რომ ვერ გაგვირკვევია ვერც მწერლებს და ვერც თქვენ, ჟურნალისტებს, ეს შეცდომები მართლა შეცდომებია, ანუ მართლა ჩვენი უმწიფარობის, უვიცობისა და უწვრთნელობის შედეგია, თუ შეგნებული, წინასწარ დაგეგმილ-დამუშავებული პროექტის მეთოდური, თანამიმდევრული განხორციელება დროსა და სივრცეში. ყოველშემთხვევაში, ნამდვილად არსებობს ამგვარი ეჭვის საფუძველი, მით უფრო მწერლისთვის, რადგან მწერალმა თვითონაც არ იცის, რეალობაა მისთვის მთავარი, თუ წარმოდგენილი. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისთვის არაფერია წარმოუდგენელი და, ამავე დროს, ყველაფერი დასაშვებია, რისი წარმოდგენაც შეიძლება. და მაინც, ამ ბოლო დროს, ბევრი ისეთი რამ მოხდა ჩვენში, რისი წარმოდგენაც კი დაუშვებლად მიმაჩნია, თუკი არ გავითვალისწინებთ ზემოთ უკვე ნახსენებ ბედოვლათობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ დავით აღმაშენებლის ძეგლის გატანას ქალაქიდან, რამდენადაც, დავით აღმაშენებლის ძეგლი ყველა ნორმალური ქართველისთვის (და არაქართველისთვისაც), უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ერთიანობისა და პოლიტიკური კურსის ვიზუალური განსახიერებაა, ყოველწამიერი შეხსენებაა ყველა ჩვენგანისთვის ჩვენი მეობისა, ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულებისა. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა ამჯერად ვერ გამოიჩინა მისთვის დამახასიათებელი გონიერება, ვერ აუღო ალღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ერთხელ კიდევ დაისაჯა, ჩვენში რომ ვთქვათ, სამართლიანად, რადგან არც უკითხავს, რა ხდება, რატომ ხდებაო, როცა მის დიდებულ მეფეს, უკანონოდ შემოპარულ მიგრანტივით, უბოდიშოდ აძევებდნენ საკუთარ სატახტო ქალაქიდან. ასევე არ შეშფოთებულა, როცა პარლამენტმა ერთხელ უკვე მისგანვე გაუქმებული «სამხრეთ ოსეთი» აღადგინა, რაც პოლიტიკურ ენაზე უცხო სახელმწიფოს არსებობის აღიარებაა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. ასევე არ შეშფოთებულა, როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, რაც იგივე «სამხრეთ ოსეთობას» ნიშნავს და იმათ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, ვისაც ამჟამად ეკუთვნის აფხაზეთი. ძნელი სათქმელია, რატომ მოხდა ასე. ხალხი, რომელსაც ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უჩლუნგდება, ბიოლოგიურ სიცოცხლეს, მართალია, აგრძელებს, მაგრამ კი არ მრავლდება, სხვა ხალხებში ითქვიფება, ილექება… საკუთარს კი არ ქმნის, სხვათა შექმნილს იმეორებს, ხოლო სხვა კულტურის მექანიკური გამეორება ერის თვითმკვლელობას ნიშნავს და, ბუნებრივია, აღარ არის საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. იმედი მაქვს, ჯერ კიდევ არ მივსულვართ აქამდე, მაგრამ შეიძლება მალე მივიდეთ, თუკი არც ამჯერად მოვეგებით გონს, არც ამჯერად ამოვიღებთ ხმას, არც ამჯერად გამოვიღებთ ხელს, თუნდაც განათლებისა და კულტურის სამინისტროების მიერ გამოტანილი და ქვეყნისთვის აშკარად არასახარბიელო გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ. მე მგონი, მთლად დალაგებულად ვერ ვპასუხობ თქვენს შეკითხვას, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, განა უკეთესის მოლოდინი არ მალაპარაკებს ამდენს?! დიახ, ერთხელ კიდევ ვადასტურებ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც შემრჩა უკეთესის მოლოდინი. ქართული ფენომენი იმდენად უნიკალურია, მისი გაქრობა, მხოლოდ და მხოლოდ, ვიღაცის ნება-სურვილით, ვინც არ უნდა იყოს ის ვიღაცა, რასაკვირველია, გარდა უფლისა, ყოვლად შეუძლებელია. ყოვლად დაუშვებელიც. ასე რომ არ მწამდეს, მაშინ ხომ არც ჩვენი დღევანდელი საუბარი შედგებოდა…"
ReplyDeleteჰოდა საკითხავია:" როცა პარლამენტმა ერთხელ უკვე მისგანვე გაუქმებული «სამხრეთ ოსეთი» აღადგინა, რაც პოლიტიკურ ენაზე უცხო სახელმწიფოს არსებობის აღიარებაა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე. ასევე არ შეშფოთებულა, როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, რაც იგივე «სამხრეთ ოსეთობას» ნიშნავს და იმათ სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯია, ვისაც ამჟამად ეკუთვნის აფხაზეთი."-თქვენც დაუჭირეთ ამას მხარი?!-თქვენი ნააზრევიდან ასე ჩანს!!
ReplyDeleteგანა,"მონობაში შეძენილი ბედოვლათობის" გამოვლინება არ არის,სამშობლოს სიყვარულისთვის წამებით მოკლული,მიხეილ ჯავახიშვილის "ეთნოცენტრულ ნაციონალისტად"შერაცხვა?! ამ რწმენით საშიშიც არის თქვენი მოღვაწეობა განათლების სამინისტროში;ვინძლო მთელი ქართული ლიტერატურა "ეთნოცენტრულ ნაციონალიზმით დასნებოვნებულათ" არ ჩათვალოთ....
აი რას ფიქრობს "გოდრის ნაშიერი" ოთარ ჭილაძის რომანიდან:-"გოდორი"
"სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. “სამშობლო, დედის ძუძუი” ეტო ვზდორ! ვზდორ! და კიდევ ერთხელ ვზდორ!
სამშობლო იქ არის, სადაც უკეთესად გრძნობს კაცი თავს და არა იქ, სადაც მამა-პაპის ცოდვების გამო ადვილი შესაძლებელია, შენ წაგაცალონ თავი.
ქართველებს რომ გულში უდევთ ის საქართველო აღარ არსებობს…"
და მწერლის გულიდან ამოხეთქილი;- “აუცილებელია ყველამ, სრულიად საქართველომ, სასწრაფოდ მოიშალოს მუცელი… გაიკეთოს აბორტი – დაუნდობლად, დაუნანებლად… თუკი მართლა აპირებს გადარჩენას”.
ბოლოს,გაგიმეორებთ;ხელახლა,გულისყურით წაიკითხეთ ილიას "ქვათა ღაღადი".ნახეთ როგორ განასხვავებს ის "ლიბერალიზმს"და"ლიბერასტებს"..
P.S.მომიტევეთ პირდაპირობა,...ძალიან ავღშფოთდი
ქ-ნო მარინა, აღშფოთება თქვენი ნებაა, მაგრამ კონკრეტულად რაზე აღშფოთდით, იმის გადმოცემასაც თუ მოახერხებთ ცოტა გასაგებ ენაზე, მადლობელი დაგრჩებით. არ გამოგეხმაურებოდით, მაგრამ ამდენი გიწერიათ და მიუხედავად ამისა, მაინც ვერ მივხვდი რა პრეტენზია გაქვთ.
ReplyDeleteბ-ნო დავით,გამამხიარულეთ.(იუმორი კარგი გაქვთ)
Delete..ბოდიში,მოგაცდინეთ.
კარგი სტატიაა იმ თვალსაზრისითაც, რომ დროულია. საინტერესოა მხოლოდ, "ოცნების" ჭრელი სახადი, სადაც ნომენკლატურული, ინტელიგენციის, კრიმინალური და ლიბერალური ნაშთებია შეწოვილ-ათქვეფილი, რატომ არ მოხვდა კლასიფიკაციაში :) მაინტერესებს ბატონი დავითის აზრი, ბელადობის სახადს როდის მოიხდის ჩვენი ერი.
ReplyDeleteქ-ნო მარინა ეგ თუ იცით რა თქვით?- როცა სვანეთის აფხაზეთს, სადაც ქართველის გარდა, არასოდეს უცხოვრია სხვა ეთნოსის წარმომადგენელს, ზემო აფხაზეთს არქმევდნენ, ესეიგი აფხაზეთში ქართველები ესე უნდა მოვიხსენიოთ-აფხაზეთში მცხოვრები ქართველები, ესე?კოდორის ზემო აფხაზეთად დარქმევა იყო შეცდომა მაგრამ არა იმ მოტივიტ რომ იქ ყველა ქართველები ცხოვრობდნენ..აფხაზეთი იყო საქართველო და იქ მცხოვრები აფხაზიც იყო ქართველი, როგორც გურული, როგორც მეგრელი სამეგრელოში..უნდა ვისწავლოთ სწორი ინტერპრეტეცია, უკვე დროა გამოვასწოროთ შეცდომები. :აფხაზეთში მცხოვრები არა ქართველები' აი ესენი კი არიან არა ქართულად ანუ აფსუად მოლაპარეკე სხვა ეთნოსი
ReplyDelete