Tuesday, May 14, 2013

სახადი № 5 (ოპტიმისტური ტრაგედია პროლოგით და ეპილოგით)


პროლოგი

თუ არ ვცდები, ზაზა ფირალიშვილის ერთი ძველი სტატიის სათაური იყო “დაბრუნება ისტორიაში.“ ავტორი, თავის მხრივ მერაბ მამარდაშვილს დაესესხა, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა თუნდაც იმიტომაა აუცილებელი, რომ ჩვენი თავი დავინახოთ, გავარკვიოთ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ.

ოცი წლის წინ ჩვენ დავბრუნდით ისტორიაში და დავინახეთ ჩვენი თავი. დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩით ნანახით, მაგრამ თუკი ისტორიის ყველაზე დიდი გაკვეთილი ისაა, რომ ამ გაკვეთილს არავინ სწავლობს, საქართველოს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის. მთელი ჩვენი უახლესი ისტორია სწორედაც რომ ერთგვარი განსწავლის პერიოდია, გარკვეულ ილუზიებთან დამშვიდობების წლები. უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ სახიფათო ილუზიებთან და საკმაოდ მძიმე დამშვიდობების.


და ყოველი მათგანი იყო არა მარტო ილუზია, არამედ ერთგვარი სახადიც, ავადმყოფობა, რომელიც არცთუ სასიამოვნო გადასატანია, მაგრამ გადატანის შემდეგ იმუნიტეტს გიმუშავებს და მეორედ უკვე აღარ შეგეყრება. ვერ ვიტყვი, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ეს იმუნიტეტი მთელ საზოგადოებას გამოუმუშავდა, მაგრამ პოლიტიკურად აქტიურ ნაწილში, იმ წრეებში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ხორციელდება,  ამგვარი ტენდენცია აშკარაა.

ამ თვალთახედვით საქართველოს ისტორია პერმანენტული ავადმყოფობა–გამოჯანმრთელების ისტორიაა, ოღონდ გამოჯანმრთელების პერიოდი ძალიან ხანმოკლეა ხოლმე. თან გადატანილ სახადს გართულებებიც ჩვევია და მანკიერი ეფექტებიც.

სახადი 1. ეთნოცენტრული.

პირველად იყო ზვიადი, უფრო ზუსტად ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, რომელმაც ეროვნული  მოძრაობის პერიოდში ვულკანივით ამოხეთქა და ისეთი ამაზრზენი სახით წარსდგა ჩვენს წინაშე, კინაღამ სრულ ნიჰილიზმში გადაისროლა მთელი მოაზროვნე საზოგადოება. აქ არ იყო არაფერი ახალი. ათწლეულების მანძილზე იკვებებოდა ქართული ნაციონალიზმი იმ მითით, რომ არაქართველები შეგნებულად ცდილობენ ფეხი მოიკიდონ ჩვენს მიწა–წყალზე, ნელ–ნელა შეგვავიწროვონ და განგვდევნონ. ეს მიეწერებოდა არა მარტო კრემლის ფარულ ზრახვებს, არამედ თვით არაქართულ ეთნოსებსაც, რომლებიც დემოგრაფიული ანექსიისთვის გამზადებულ ზომბებად იყვნენ წარმოდგენილები. მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები იმდენია შექმნილი, ამ თემაზე, რომ მთელი ანთოლოგიაც კი შეიძლება შეადგინო, მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნებიდან“ დაწყებული და მუხრან მაჭავარიანის ლექსებით დამთავრებული (“გუგულის კვერცხი ესოდენ უხვად ჯერ არ ყოფილა ჩვენში“  და ა..).

მოკლედ ეს ინფექციური დაავადება კარგა ხანია გვჭირდა, ოღონდ შედარებით მიყუჩებულ მდგომარეობაში. დამოუკიდებლობის მათრობელა ჰაერმა მხოლოდ მისი აქტივიზირება მოახდინა. აქტივიზირებული მითი კი ძალიან მახინჯი გამოდგა. ის გამოიხატა ბორჯომის რაიონიდან ოსი მოსახლეობის მასიურ გამოსახლებაში, ეთნიკური ნიშნით ხალხის სამსახურებიდან დათხოვნასა თუ საშინლად შეურაცხმყოფელი ეპითეტების რახარუხში ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან.


რაოდენ უარყოფითადაც არ უნდა შევაფასოთ 1991–92 წლების საშობაო გადატრიალება (და ცხადია, უარყოფითად უნდა შევაფასოთ), შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ეს კოშმარი ფაქტობრივად გამსახურდიას ხელისუფლებასთან ერთად დამთავრდა. არანაირი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დივიდენდების მომტანი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი მას შემდეგ აღარ არის. ერთხანს პირადობის მოწმობაში ეროვნების აღნიშვნა და მიწაზე კერძო საკუთრების  არაქართველებისთვის დაკანონება რჩებოდა უკანასკნელ ბასტიონებად,  მაგრამ ეს ორი ბასტიონიც ისე დაეცა, სერიოზული რყევები არ გამოუწვევია. დღეს მხოლოდ მარგინალური ჯგუფები თუ ოპერირებენ იმ სქემებით, ოდესღაც ეროვნულობისა და ქართველობის უცილობელ ატრიბუტად რომ ითვლებოდა. ეთნიკურ დაპირისპირებაზე აპელირება გახდა არაპოპულარული და პრინციპულად მიუღებელი.

კონტრარგუმენტის სახით ვიღაცამ შესაძლოა აფხაზეთის ომი და ცხინვალის რეგიონში განვითარებული მოვლენები გაიხსენოს, მაგრამ აქ უფრო პოლიტიკური ფაქტორები მოქმედებდა, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებას, რაც გამსახურდიას დროს მოხდა და დიდწილად იყო გაპირობებული ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სტერეოტიპებით.

მოკლედ,  ეთნოცენტრული ნაციონალიზმის სახადი მძიმე დანაკარგებით, მაგრამ  მაინც მოვიხადეთ, თუმცა, საბჭოთა პერიოდში შეყრილი ინფექციური დაავადებების ნუსხა ამით არ ამოწურულა.

სახადი 2. ქურდული.

შემდეგი სახადი, რომელმაც გამსახურდიას დამხობის შემდეგ უაღრესად მწვავე და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმა მიიღო, იყო კრიმინალური რომანტიზმის მითი.

ეს მითიც დიდი ხნის განმავლობაში იძერწებოდა ჩვენს ცნობიერებაში. მართალია,  „კეთილშობილი ყაჩაღის“  სტერეოტიპი მარტო ქართული კულტურისთვის არაა დამახასიათებელი, მაგრამ ეს ვერაფერი შვებაა. ლეგენდებს „ინტელექტუალ ქურდებზე“ ,„მაგარ მომპარავ ტიპებზე“ თუ უბრალოდ „კაი ბიჭებზე“  ქართულ-საბჭოურ მითოპოეტურ სამყაროში საპატიო ადგილი ეკავა. კრიმინალური რომანტიზმი აღიქმებოდა სიყალბით სავსე საბჭოური რეალობის ალტერნატივად და ცოტა ვინმე თუ ფიქრობდა, რომ ეს ალტერნატივა კი არ იყო, არამედ ამ რეალობის ნაწილი.


მაგრამ ჯაბა იოსელიანმა და მხედრიონმა შეძლო ის, რასაც ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეძლებდა. კრიმინალური რომანტიზმი  რეკორდულად მოკლე დროში იქნა დისკრედიტირებული. თანამედროვე დათა თუთაშხიებს და არსენა ოძელაშვილებს ლიტერატურული არქეტიპების კეთილშობილებისა არაფერი ეცხოთ, ქურდებზე ხომ საერთოდ აღარც ღირს სიტყვის დაძვრა. ძალმომრეობის და უსამართლობის შემხედვარე ქართული საზოგადოება შეუძლებელია დარჩენილიყო ძველი ილუზიების ტყვეობაში. კრიმინალური რომანტიზმი მორალურად სწორედ იმ პერიოდში მოკვდა. დღეს სააკაშვილი ტყუილად წარმოადგენს ქურდული სამყაროს განადგურებას დიდ ჰეროიკულ ქმედებად - ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო, თან საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი. ქურდული მაგიისგან განხიბვლა გაცილებით ადრე მოხდა.

სახადი 3. ინტელიგენტური.

შევარდნაძის მმართველობის დროს დასრულდა კიდევ ერთი დიდი ილუზია – მითი ქართულ ინტელიგენციაზე. ამ სოციალურმა ფენამ, რომელიც საბჭოთა პერიოდში ქვეყნის უდიდეს მორალურ და ინტელექტუალურ ავტორიტეტს წარმოადგენდა. 90-იან წლებში ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა. ეს ცხადია, არ ნიშნავს, რომ კარგ ხელოვანს თუ მეცნიერს არავინ აფასებდეს  მისი პროფესიული საქმიანობის გამო, მაგრამ ინტელიგენციამ დაჰკარგა პოლიტიკური ავტორიტეტი, ერის ლიდერისა და წინამძღოლის მისია. თუკი ადრე, ქვეყნის მოწყობის საკითხებზე მწერალს პირდაპირ მოეთხოვებოდა პოლიტიკური ლიდერობა და როცა თავს არიდებდნენ ამ საქმეს, ყველა მიტინგზე ისმოდა, სად არიან ქართველი მწერლებიო, ეს სოციალური როლი ინტელიგენციამ დაჰკარგა, სხვა სოციალური როლი კი არც ჰქონია.

90-იანი წლების ბოლოსთვის ინტელიგენციის გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე პრაქტიკულად ნულამდე დავიდა, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე მუდმივად ცდილობდა ნომენკლატურული ინტელიგენციის აქტივიზირებას. რუსთავი-2-ის ჟურნალისტები  და არასამთავრობო სექტორის „ცნობილი სახეები“ გაცილებით ქმედით ზემოქმედებას ახდენდნენ მიმდინარე პროცესებზე, ვიდრე პრეზიდენტთან დაახლოებული მეცნიერები თუ .პოეტები. პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში ასეთი რამ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.


ისიც უნდა ვთქვა, რომ ინტელიგენციის, როგორც გავლენიანი სოციალური ფენომენის მნიშვნელობა ბოლო დროს უკიდურესადაა გაზვიადებული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ. ამის ნათელი მაგალითი იყო სააკაშვილის  რეკლამირებული ვიზიტები გურამ დოჩანაშვილთან და მუხრან მაჭავარიანთან, ასევე ძველი ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხშირი სტუმრობები „მაესტროს“ საკანში. სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური სარგებელი ინტელიგენციის სოციალური როლის რეანიმირების მცდელობას არ მოაქვს. ამას ადასტურებს ყველა სოციოლოგიური კვლევა, რაც კი საქართველოში ჩატარებულა.  პოლიტიკოსებს ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ არავის აღარ მოსდის თავში მათ მოუწოდოს, რომელიმე ხელოვანს ან მეცნიერს დაუჯერეთო.

და ეს სწორია, რადგან იყო კულტურული ადამიანი, კარგი რეჟისორი ან ფიზიკოსი, სულაც არ ნიშნავს ერის ლიდერობას. მითი ინტელიგენციის წინამძღოლობაზე წარსულს ჩაბარდა, ინტელიგენციამ ვერ შეძლო იმ მოლოდინების გამართლება, რასაც საზოგადოება მათზე ამყარებდა. პატიოსანი ინტელიგენტები ჩუმად იყვნენ, ამ ფენის ნომენკლატურულმა წარმომადგენლებმა კი იმდენჯერ წარმოაჩინეს თავი რეტროგრადებად და ხელისუფლების უპრინციპო მხარდამჭერებად, რომ იმ სოციალური კაპიტალის ნარჩენებიც გაფლანგეს, რაც შემორჩენილი ჰქონდათ.

სახადი 4. ნომენკლატურული.

ორიოდ სიტყვით კიდევ ერთ, შედარებით მსუბუქ სახადზე.

თუკი ეთნოცენტრული ნაციონალიზმი, კრიმინალური რომანტიზმი და ინტელიგენციის პოლიტიკური ავტორიტეტი თითქმის მთლიანად იყო გაპირობებული ადრეულ ეპოქებში ჩამოყალიბებული სააზროვნო სტერეოტიპებით და თავისი ისტორიული ფესვები გააჩნდა, მითი კომუნისტური ნომენკლატურის პროფესიონალიზმის შესახებ პრაქტიკულად გამსახურდიას მმართველობის ხანაში იშვა.  ეს იყო  ერთგვარი უკურეაქცია კარვის ქალების, მედოლე პრეფექტების და სხვა არაკომპეტენტური კადრების აღზევებაზე. მათ ფონზე ძველი საბჭოთა ნომენკლატურა მართლაც ზესოლიდურად გამოიყურებოდა,

გამსახურდიას ხანმოკლე ზეობა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ბრალეულობის კომპლექსით დამძიმებული ნომენკლატურა, მთლიანად  გათავისუფლებულიყო ყოველგვარი მორალური პასუხისმგებლობისგან. შეუწყნარებლობის ისტერიული ატმოსფერო, არაკვალიფიციური კადრები, ხელისუფლების ოპონენტების მოღალატეებად, მტრებად და კრემლის აგენეტებად  შერაცხვა - დროზე უფრო კარგი მკურნალი აღმოჩნდა. ნომენკლატურის საზოგადოებრივი რეაბილიტაცია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ედუარდ შევარდნაძის მთავარი კონკურენტი ჯუმბერ პატიაშვილი გახდა. არადა როდესაც ზვიად გამსახურდია პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ორი ცეკას მდივნის სამომავლო კონკურენციას დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, ყველაზე შუმი ფანტაზიორიც ვერ წარმოიდგენდა.


მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას დამხობა თავის დროზე „ნომენკლატურულ რევანშად“ მოინათლა, სწორედ შევარდნაძის მმართველობამ დაამსხვრია კომუნისტური ნომენკლატურის პროფესიონალიზმის ახლადფეხადგმული მითი. როგორც კი მართვის სადავეები კვლავ ამ ხალხის ხელში აღმოჩნდა, მაშინვე ცხადი გახდა, რომ  ნომენკლატურა უფრო კორუფციული ურთიერთობების აწყობასა და წილში ჩაჯდომაში იყო დახელოვნებული, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების მართვაში.

ერთი შეხედვით ეს დიდი არაფერი სახადია, მაგრამ განსხვავებით ვთქვათ ბალტიისპირეთის ნომენკლატურისგან, ქართული ბიუროკრატია გაცილებით კორუმპირებული გახლდათ და ძალიან შორს იდგა სახელმწიფოებრიობისგან. ეს პრაქტიკამაც დაადასტურა და იმდენად დამაჯერებლად დაადასტურა, რომ  საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა მთელი პოსტკომუნისტური სივრცის მასშტაბით, სადაც ნომენკლატურის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დაეკავებინათ წამყვანი პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში.

უკუკავშირი

შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს, თუკი იგი სერიოზულად მოიწადინებდა ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას, საამისოდ თითქმის იდეალური პირობები დახვდა.

დისკრედიტირებული ეთნოცენტრიზმი, დისკრედიტირებული ქურდები, დისკრედიტირებული ნომენკლატურა და გავლენადაკარგული ინტელიგენცია -  ასეთ წინაპირობებს ნებისმიერი დემოკრატი ხელისუფალი ინატრებდა ნებისმიერ პოსტკომუნისტურ ქვეყანაში, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა სააკაშვილს იმ დროისათვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, უკეთესი სასტარტო პოზიცია მართლაც ძნელი წარმოსადგენია.

თუმცა, ძველი ილუზიებისგან გათავისუფლების საფასური გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც 90-იან წლებში გამოიზარდა და საქართველოშიც და საზღვარგარეთაც აღიქმებოდა ქვეყნის ლიბერალურ რესურსად. ამასთან, ეს იყო თაობა, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა ფასეულობათა გადაფასების მტკივნეული პროცესი. ცხადია, ამ პროცესს უკვალოდ არ ჩაუვლია, შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი პრაქტიკულად განასახიერებს მთელი იმ მანკიერი ეფექტების აკუმულირებულ ერთობას, რაც თან ახლდა წინა ოთხი სახადის მოხდას.

ეთნიკურ ნაციონალიზმის დისკრედიტაციის მანკიერი ეფექტი იყო  ნიჰილისტური დამოკიდებულება „ქართველობის“ ანუ ფაქტობრივად, ქართული კულტურის და ისტორიის მიმართ. რამდენადაც ქართული იდენტობა დიდწილად ასოცირდებოდა ეთნოცენტრიზმთან, გამსახურდიას მმართველობამ ახალგაზრდა თაობის ლიბერალურ ნაწილში გააჩინა სერიოზული კონსერნები  საერთოდ ქართული იდენტობის მიმართ, რომელიც წმინდა წყლის ნიჰილიზმში გადაიზარდა, მათთვის „ქართული“ და „ნეგატიური“ პრაქტიკულად სინონიმებად იქცა.   


კრიმინალური რომანტიზმის დისკრედიტაციამ გამოიწვია იმ მორალურ ღირებულებებში ეჭვის შეტანა, რომელიც დეფორმირებული სახით ფიგურირებდა ე. წ. ქურდულ გაგებაში, მაგრამ  წარმოადგენდა და წარმოადგენს საერთოდ ადამიანური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ნორმებს. მაგალითად, ერთ-ერთი თანამედროვე ქართველი ლიბერალი (რომელიც დღემდე თანამდებობის პირია) სრულიად სერიოზულად უმტკიცებდა უმცროსკლასელებს, რომ ნამდვილი მოქალაქე ისაა, ვინც კორუმპირებულ მშობელს პოლიციაში „ჩაუშვებს.“ ასეთი განწყობა გარკვეულწილად ეხმიანებოდა ზემოაღნიშნულ იდენტობის კრიზისსაც, რადგან ქართულ კულტურაში მეგობრულ და ნათესაურ არაფორმალურ ურთიერთობებს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა.

ნომენკლატურის დისკრედიტაციამ კი შვა ეიჯიზმი, როცა მთელი საშუალო და უფროსი თაობა ჩაითვალა ტოტალიტარული მენტალიტეტისგან განუკურნებლად. უნდა ითქვას, რომ ამგვარი შეხედულებების დამკვიდრებას უფროსი თაობის ლიბერალებმაც საკმაოდ შეუწყვეს ხელი. ისინი ზედმეტად თვითკრიტიკულები იყვნენ და მწვავედ აღიქვამდნენ საკუთარ მიბმულობას საბჭოთა წარსულთან. აქედან გამომდინარე, მთელი ფსონი ახალგაზრდა თაობაზე დაიდო, რომელიც აშკარად არ აღმოჩნდა (და ვერც აღმოჩნდებოდა) მზად ასეთი ტვირთისთვის. ძველი ლიბერალები მხოლოდ მაშინ შეშფოთდნენ, როცა დაინახეს თუ როგორ ხორციელდებოდა მათივე თეორიები პრაქტიკაში. ტიპიური შემთხვევაა (დაახლოებით იგივე მოუვიდა ჰერბერტ მარკუზეს 1968 წლის პარიზის  ბუნტის შემდეგ), თუმცა, არც დიდად სანუგეშო.

სახადი 5.

და ეს ყველაფერი ერთად შეიწოვა იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც ფორმალურად დემოკრატიაზე და ლიბერალურ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. ისინი ამას სულაც არ აღიქვამდნენ რაღაც ნაკლად, არამედ გულწრფელად მიაჩნდათ ლიბერალური მსოფლმხედველობის ორგანულ ნაწილად.  ამიტომაც მოხდა, რომ ხელისუფლება, რომელიც თავისუფლად შეიძლება გამხდარიყო დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი, თვითონ აღმოჩნდა კიდევ ერთი სახადი.

ამგვარი „ნიჰილისტური ლიბერალიზმის“ დამკვიდრების მცდელობა. რაც სხვა არაფერი იყო თუ არა კულტურული რევოლუცია, რომელიც გულისხმობდა პროგრესული სახელისუფლო გუნდის მიერ ბნელი და ჩამორჩენილი მასის აღზრდა–გადამზადებას, უბრალოდ შეუძლებელია კრახით არ დამთავრებულიყო.

ეს არაა გასაკვირი და აქ მმართველი გუნდის არაკომპეტენტურობა მხოლოდ ერთი მიზეზია. მთავარი სხვაა: კულტურული ნიჰილიზმი გამორიცხავს პოზიტიურ ქმნადობას. ნიჰილიზმი მთლიანად დესტრუქციულია და რასაც ანგრევს, იმის სანაცვლოდ ვერაფერს გვთავაზობს. ამის თაობაზე შესანიშნავად თქვა 90–იანი წლების დასაწყისის პოეტური გაერთიანების, “რეაქტიული კლუბის“  წევრმა, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებმა პაატა ქურდაძემ:  “საკუთარი წარსულში საკუთარი თავის იდენტიფიცირების უნარსმოკლებული თაობა, ვერასოდეს ვერ შეძლებს ახალ ეპოქასთან იდენტიფიცირებას. ის ყოველთვის აცდენილი იქნება რეალობას: რადგან წარსული ისეთივე დროა, როგორც აწმყო და მომავალი. მისი გამოცალკევება და მტვრიან თაროზე შემოდება მეტაფიზიკურად არღვევს სამყაროს რომელშიც ცხოვრობ, და მას შეუძლებელს ხდის.


ეს სიტყვები ძალიან კარგად გამოხატავს იმას, რაც რიგით მეხუთე სახადი გახდა ქართული საზოგადოებისთვის. ამიტომაც იყო, რომ, რასაც სააკაშვილის გუნდი მოდერნიზაციად და რადიკალურ რეფორმებად ასაღებდა, რეალურად არასდროს გასცილებია რიტორიკის ფარგლებს. ის პერსპექტივის განცდა, რაც ახალგაზრდა თაობას ამ რიტორიკამ და აგრესიული ეიჯიზმის პოლიტიკამ გაუჩინა, მხოლოდ დროებითი ეფექტის მქონე აღმოჩნდა. არსებული რეალობა იმდენად დაცილდა პროპაგანდისტულ პიარ–რეალობას, რომ სიტყვასა და საქმეს შორის სხვაობა მეტად თვალშისაცემი გახდა.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ წარსულის ტოტალური უარყოფით აწმყოც არ გწყალობს და მომავალიც არა გაქვს.  ცხადია, ეს არ ეხება ქართული საზოგადოების უმრავლესობას, ანუ მის კონსერვატიულ ნაწილს, რომლისთვისაც ქართველი ხუნვეიბინების ანტიკულტურული სულისკვეთება იმთავითვე მიუღებელი იყო, მაგრამ მათთვის, ვისაც საქართველოს მომავალი ევროპული ტიპის დემოკრატიად წარმოუდგენია, სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან კარგი გაკვეთილია,

                         მეექვსე სახადი. პრობლემა და პერსპექტივა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში არსებულმა ყველა ხელისუფლებამ მოახდინა იმ მთავარი მითის, მთავარი ილუზიის დისკრედიტირება, რაც მის იდეურ საძირკველს წარმოადგენდა.

გამსახურდიამ – ეთნოცენტრული ნაციონალიზმის.

ჯაბა იოსელიანმა –  კრიმინალური რომანტიზმის.

ედუარდ შევარდნაძემ – ინტელიგენციისა და ნომენკლატურის  პოლიტიკური ავტორიტეტის.

მიხეილ სააკაშვილმა – ლიბერალიზმის ნიჰილისტური გაგებისა და კულტურული რევოლუციის. 

მაგრამ რამდენადაც სააკაშვილის გუნდის ნიჰილიზმი უფრო წინარე სტერეოტიპების მსხვრევის შედეგი იყო,  კულტურული რევოლუციის ჩავარდნამ შესაძლოა კონტრრევოლუციის ტალღა გამოიწვიოს და ამის ნიშნები უკვე აშკარად არის.

მართალი გითხრათ, ნაკლებად წარმომიდგენია ელიტარულ დონეზე ძველი კერპების  აღორძინება, მაგრამ როგორც ჩანს ერთი სახადი კიდევ წინ გვაქვს. ეს სახადი, ჩემის აზრით, იქნება (არსებითად უკვე არის კიდეც) რელიგიური ნაციონალიზმი, რომელიც სხვადასხვა დოზით ეთნოცენტრიზმსაც მოიცავს, კრიმინალურ რომანტიზმსაც და ინტელიგენციის სოციალურ როლსაც.

ქართული რელიგიური ნაციონალიზმი ასევე 90-იანი წლების პირმშოა. მართალია, საბჭოთა პერიოდის ისტორიული ნარატივი ქრისტიანობას  წარმოგვიდგენდა როგორც ქართველობის, ანუ ეროვნული იდენტობის ატრიბუტს, მაგრამ ჯერ ერთი, ეს ეხებოდა მხოლოდ ფეოდალურ ეპოქას, თანაც იგულისხმებოდა ზოგადად ქრისტიანობა და არა გამორჩეულად მართლმადიდებლური აღმსარებლობა. სადღეისოდ კი სრულიად სხვა ვითარებაა. მართლმადიდებლობა საზოგადოებრივი ცნობიერების დონეზე უკვე მიიჩნევა ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად. ეს დიდწილადაა გაპირობებული ტრადიციული (ეთნოცენტრული) იდენტობის დისკრედიტაციითაც. ეთნოცენტრიზმის ჩანაცვლება მარტივად მოხდა იდენტობის სხვა, ნაცნობი ატრიბუტით, ხოლო კულტურული რევოლუციის აგრესიულმა და მარცხიანმა მცდელობამ კიდევ უფრო გააძლიერა რელიგიის ფაქტორი იდენტობის აღქმაში.


სააკაშვილის ხელისუფლებამ განვლილი წლების მანძილზე მთელი სახელისუფლო რესურსი მიახარჯა საზოგადოებრივ ავტორიტეტებთან ბრძოლას და მათი „ჩარეცხვის“ მცდელობას. კულტურული რევოლუციის შემოქმედნი ეტყობა სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ თუკი ყველა ტიპის საზოგადოებრივ ავტორიტეტს მოსპობდნენ, მათ ადგილს ავტომატურად თვითონ დაიკავებდნენ. რევოლუციური ძალისხმევა მიმართული იყო არა მარტო ტრადიციული და უკვე ფაქტობრივად წარსულში დარჩენილი ავტორიტეტების (ინტელიგენცია), არამედ შევარდნაძის დროს ჩასახული და ჯერ კიდევ სუსტი ინსტიტუტების - პოლიტიკური პარტიების,  არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგაც. ამ ძალისხმევის შედეგი კი ის იყო, რომ ხელისუფლების ავტორიტეტიც დაეცა და უკიდურესად გაძლიერდა ეკლესია, ერთადერთი ინსტიტუცია, რომელსაც სააკაშვილის გუნდმა  ვერაფერი დააკლო და დღეს ეკლესიის მორალური ავტორიტეტი ისე მაღალია, როგორც არასდროს. ბუნებრივია, მოვლენათა ამდაგვარმა განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი რელიგიური ნაციონალიზმის აღმავლობას.

და ეს იქნება კიდევ ერთი ძნელად და მტკივნეულად მოსაშორებელი სახადი, თუმცა, ავადმყოფობის სიმძიმეც და გამოჯანმრთელების სტადიაც დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები საქართველოში

ეპილოგი

კარგად უნდა გავიაზროთ ერთი მომენტი: დღეს სააკაშვილის მმართველობა საქართველოში არის სუფთა ანაქრონიზმი. ამჟამინდელი პრეზიდენტი ისეთივე  პოლიტიკური ბანკროტია, როგორც შევარდნაძე იყო 2003 წლისთვის არანაირი იდეური და მორალური საფუძველი ამ ხელისუფლების ზეობას საქართველოში დღეს არა აქვს. მარტო რეპრესიული აპარატის ხარჯზე ძალაუფლების თვითმიზნური შენარჩუნება კი დიდხანს ვერ მოხერხდება.

არის მხოლოდ ორი ვარიანტი:  ან პრეზიდენტი ეტაპობრივად, დემოკრატიული პროცედურების მეტ-ნაკლები დაცვით დათმობს მართვის ბერკეტებს და ამ შემთხვევაში რჩება რეალური ალბათობა პროდასავლური და ლიბერალური ხელისუფლების მოსვლისა ქვეყნის სათავეში, ან ხელისუფლება მაინც შეიცვლება, ოღონდ რუსეთზე ორიენტირებული ნაციონალისტური ძალებით, რომელთა მთავარი იდეური ბაზისი იქნება სწორედ რელიგიური ნაციონალიზმი.

პირველ შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიზაცია, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუციების ავტორიტეტის გაზრდა, ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დარეგულირება სეკულარობის პრინციპით, არსებითად შეამცირებს იმ რისკებს, რაც რელიგიურ ნაციონალიზმს ახლავს თან. მეორე შემთხვევაში კი ჩვენ ყველა ვიხილავთ, თუ რას ნიშნავს რელიგიური ნაციონალიზმი მის პრაქტიკულ განხორციელებაში. გარწმუნებთ ეს იქნება არანაკლებ მძიმე კოშმარი, ვიდრე ეთნოცენტრული ნაციონალიზმის გამოვლინებები იყო, შეიძლება უფრო მძიმეც.

იმ ვითარებაში, როცა ურთულესი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე პრეზიდენტი „მესტიის სიღნაღიზაციისა“ და მტკვარზე შუშის ხიდის გადებითაა დაკავებული, მისი გარემოცვა კი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს მართვის სადავეები, ხელისუფლების კეთილი ნების იმედად ჩემი მტერი იყოს. აქ ყველაფერი დამოკიდებულია, ერთის მხრივ, საერთაშორისო კონიუნქტურაზე (რომელსაც სააკაშვილის მმართველობა აშკარად ვერ ერგება) და, რაც მთავარია, ქართულ საზოგადოების ძალისხმევაზე.

არ მინდა ძალიან პესიმისტური პროგნოზი გავაკეთო და ამიტომ ოპტიმისტურად დავასრულებ; ასე იქნება თუ ისე, მსუბუქი თუ მძიმე ფორმით, რელიგიური ნაციონალიზმის სახადი ჩვენ მაინც არ აგვცდება. სახადი კი იმის სახადია, რომ ქვეყანა მას მოიხდის და კიდევ ერთხელ, უკვე საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ისტორიისთვის ძალიან მოკლე პერიოდში, ხუთი სხვადასხვა ტიპის სენი დაძლია ქართულმა ორგანიზმმა. დარწმუნებული ვარ, მეექვსესაც დაძლევს. და ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი უსერიოზულესი ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.   

სწორედ ამ ოპტიმისტურ ნოტაზე მინდა დავასრულო. ჩათვალეთ, რომ მარადიულ კითხვას “როდის გვეშველება?“  ჩემდა თავად ძალიან კონკრეტული პასუხი გავეცი.