Tuesday, December 27, 2011

სიჩქარე


თუ ვინმე დაინტერესდება და დათვლის, რომელ ფრაზას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე ხშირად, ისეთ საფირმო სიტყვაკაზმულთა გვერდით, როგორიცაა “ნურას უკაცრავად”, “პირველად საქართველოში” და სხვა, აუცილებლად იქნება ფრაზა “ჩვენ გვეჩქარება.”

საით მიგვეჩქარება და რატომ, ამის დაზუსტებაზე მაინც და მაინც თავს არ იკლავს, თუმცა ერთი-ორჯერ განმარტა კიდეც: საქართველო ჩამორჩა მოწინავე ქვეყნებს და თუ კარგი ცხოვრება გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავეწიოთო. რასაც სხვა ქვეყნები ათწლეულებს მოუნდნენ, ჩვენ ერთ-ორ, მაქსიმუმ ხუთ წელიწადში უნდა გავიაროთო.  ამიტომაც გვეჩქარება თურმე.

ასეთი დამოკიდებულება აშკარად წააგავს ხრუშჩოვისეულ ლოზუნგს “დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!” თუმცა საბჭოთა კავშირში ხუთწლედის გეგმებს მაინც ადგენდნენ, ყოველთვის გადაჭარბებით რომ სრულდებოდა და ერთხელ ოთხ წელიწადშიც კი მოათავეს, ჩვენ კი საერთოდ არაფერს არ ვგეგმავთ. უბრალოდ გვეჩქარება. თან ძალიან. შეიძლება ამიტომაც არავინ გვეუბნება, ვთქვათ, იმ ნანინანატრ 2015 წელს, პრეზიდენტი რომ ლამის ახდენილი ოცნებების მიჯნად გვისახავს, დაახლოებით რა ეკონომიკურ ნიშნულებზე ვვარაუდობთ გასვლას. კონკრეტიკა ცუდად აქვს დაცდილი. 2007 წელს ხომ დაპირდა ხალხს, ორ წელიწადში პენსია ასი დოლარი გექნებათო და ოთხი წლის შემდეგ ას ლარამდე ძლივს აქაჩა. ჰოდა, რა საჭიროა ციფრების რახუნი? უბრალოდ ჯობია თქვა რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველაფრის მოსწრება რომ გვინდა, იმიტომაც გვეჩქარება.   



თავის დროზე, როდესაც ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის საპარლამენტო უმრავლესობაში ვიყავი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ პრივატულ საუბარში მარტივად იანგარიშა, ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის პირობებში როდის მიაღწევდა ჩვენი ერთობლივი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ვთქვათ ბელგიის ან დანიის მაჩვენებლებს. აღმოჩნდა, რომ ამისთვის დაახლოებით ერთი საუკუნემდეა საჭირო, ხოლო ბალტიის ქვეყნებს რომ დავეწიოთ, ოცი-ოცდახუთი წელი მაინც გვინდა. მე გულწრფელად შევიცხადე, რა ამბავია ამდენი ხანი თქო და ვამტკიცებდი, მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ნუ ვიმსჯელებთ, ხალხმა რომ მკვეთრი და თვისობრივი გაუმჯობესება იგრძნოს, ხუთი წელიც საკმარისია მეთქი.

ახლა, რატომ გავიხსენე ეს ამბავი? ჯერ ერთი, თავად ბ-ნი ბენდუქიძე რუსულ პრესაში ინტერვიუების დროს ხშირად იხსენებს ხოლმე ამ შემთხვევას:: აი, დღევანდელი ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუთხარი, ევროკავშირის დონის მისაღწევად დიდი დრო დაგვჭირდება თქო და ის მიმტკიცებდა, ხუთი წელიც გვეყოფაო. თავი დავანებოთ იმას, რომ  ტენდენციურია და ფაქტს ამახინჯებს, მე სხვა რამ მაინტერესებს. ამ ჩვენს პრეზიდენტს რომ სულ სადღაც ეჩქარება და ანაკლიის იბიცად გადაქცევას გაის ამ დროისთვის აპირებს, ეს ვითომ ჭკვიანურია? მაგრამ პრეზიდენტის მიმართ საყვედური დაგცდეს, არაა ადვილი საქმე. რომ  აიღოს და კუტუზკაში გიკრას თავი, მერე რა გინდა რომ ჰქნა? მიზეზს ვერ იპოვის, ხალხი აღშფოთდება ეგ როგორ გაბედეთო თუ რა? ის კი არა, შეიძლება ტაშიც დაუკრან.   

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თვით ხელისუფლების წიაღში ვინც იცის, “გვეჩქარება გვეჩქარებას” ძახილით რომ არაფერი გამოვა, ისიც ხმას ვერ ამოიღებს. თორემ რა პრობლემაა? აიღე ზრდის ტემპის მაჩვენებელი (თუნდაც მაქსიმალურად მაღალი) და გადაიანგარიშე წლებზე. მერე გინდა სინგაპურს შეედარე, გინდა შვეიცარიას და გინდა ლიტვას. სად აღმოჩნდები 2015 წლისთვის, იმასაც დაინახავ.

ისე, ქვეყნის ისტორიული განვითარება, მართლაც ერთგვარ “გონკაობად” რომ წარმოვიდგინოთ, სადაც ვიღაცას ხუთ წელიწადში შეუძლია საუკუნეების გარბენა, მაინც გაუგებარი რჩება რა აუცილებელია  ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა დაუმთავრებელი შენობის დამთავრებული ნაწილის გახსნა, ან ჯერაც არაშენებული ხიდის აშენებულად გამოცხადება, ან მიწაში ჩაფლულ გაზის ბალონზე ცეეცხლის აბრიალება, ვითომ ბუნებრივი აირის მილი იყოს გაყვანილი. არადა სააკაშვილის სიჩქარე ძირითადად სწორედ ასეთ ღონისძიებებში გამოიხატება, გახსნილი საწარმოები, რომლებიც ერთ-ორ კვირაში ისევ იხურება (ერთხელ დაავიწყდა მგონი და წინა წელს გახსნილი მეორე წელსაც გახნა), გადაღებილი ფასადის წინ ლენტების გაჭრა, როცა უკანა პლანზე მუშებად გადაცმული სოდელები და კუდელები ფუსფუსებენ და უხერხულად ურაკუნებენ ჩაქუჩს ფიცარზე. თითქოს და რაში უნდა ჭირდებოდეს ასეთი მასკარადი? .



ამგვარი სულსწრაფობის ლოგიკური ახსნა თეორიულადაც კი შეუძლებელია, თუკი იმ მოსაზრებიდან ამოვალთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად ცდილობს ქვეყნის განვითარებას, თუნდაც ნაჩქარევად და გაუაზრებლად. რა დიდი სიბრძნე იმის მიხვედრას უნდა, რომ  პოტიომკინის სოფლების ეროვნულ-მოდერნიზებული ვარიაციებით ეკონომიკა ვერ განვითარდება? მაშ, რაშია საქმე? პროპაგანდა და ე. წ. პიარი? ცხადია, ასეთ ღონისძიებებს აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება, მაგრამ საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა და როცა საზეიმოდ გახსნილ საფეხმავლო ხიდს მეორე დღესვე დაშლიან და რაც დარჩება, იმას ორ კვირაში ადიდებული წყალი წაიღებს,  ეს პროპაგანდა კი არა ანტიპროპაგანდა უფროა. ასეთი ფაქტი ხომ არ იმალება და ხიდის ამბავი ყველასთვის ცნობილი ხდება. რაც მთავარია, სახელისუფლო ტელევიზიებით საშუალო სტატისტიკური მაყურებელი ისედაც ინტენსიურად იტვირთება ყოველდღიური წარმატებების საინფორმაციო ნაკადით და თითქოს აუშენებლის აშენებულად გამოცხადების არანაირი  საჭიროება არ არსებობს.

ამიტომ ვფიქრობ, ამ  შემთხვევაში პროპაგანდა არ არის მთავარი. ჩემის ღრმა რწმენით აქ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. კერძოდ პიროვნულთან.

საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილი არის ტიპიური მარგინალი, ანუ ტრადიციულ იდენტობასთან, არსებულ სოციოკულტურულ რეალობასთან შინაგანად დაპირისპირებული პიროვნება. მარგინალი კი ვერ იტანს მდგრად და სტაბილურ გარემოს. ის ყოველთვის უცხო სხეულად გრძნობს თავს ასეთ გარემოში, და თუკი ჩვეულებრივ პირობებში იძულებულია ასე თუ ისე მოერგოს სიტუაციას, რათა დაძლიოს საკუთარი გაუცხოება, ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში ის გარემოს შეცვლას და თავის თავზე მორგებას უფრო  ცდილობს.  ამიტომ მარგინალები ადვილად იქმნიან რეფორმატორის იმიჯს, თუმცა, ცვლილებები, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, როგორც წესი, თვითმიზნურია და საბოლოო შედეგი არასდროს არაა ცხადად წარმოდგენილი. მათთვის მთავარია არსებულის შეცვლა და არა რაიმე ახლის დამკვიდრება,  ესაა ცვლილებები ცვლილებებისთვის, ცარიელი დესტრუქცია, რაღაც ტროცკისეული პერმანენტული რევოლუციის მსგავსი, როდესაც ყოველი მიღწეული შედეგი კვლავ მომენტალურად უნდა დაექემდებაროს გარდაქმნას. საკმარისია გაჩერდე და ქაოსიდან რაღაც მდგრადი წესრიგის ფორმირება იწყება. მდგრადი წესრიგი კი არასდროს არ არის ისეთი, სადაც მარგინალი თავს კარგად იგრძნობს, ის ყველანაირ წესრიგში, ყველანაირ მყარ სისტემაში უცხო სხეულად რჩება.

ის, რომ ტრეინინგ-ვორქშოფებზე დაზეპირებული გაიდლაინებით მოფიქრალი (“მოაზროვნე” რომ დავწერო, ხელი არ მიბრუნდება. დ.ზ)  კლერკები ამ განწირულის სულისკვეთებას რეფორმატორულ შემართებად მიიჩნევენ, კიდევ ცალკე პრობლემაა და არა მარტო ქართული, თუმცა, ეს სულ სხვა თემაა. ჩვენს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიჩქარე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის საარსებო მოთხოვნილებაა და არა ტაქტიკის ელემენტი.

მარგინალები, თუკი მათ მართვის ბერკეტები აქვთ ხელში, ყოველთვის ჩქარობენ, ნებისმიერი დაყოვნება  მდგრადი გარემოს საფრთხესთანა ასოცირებული და ამდენად, პრინციპულად მიუღებელია. ასევე მიუღებელია რაიმეს საფუძვლიანად მოფიქრება და გაანალიზება, რადგან ესეც ერთგვარი დაყოვნებაა, თან ამ დროს აუცილებლად ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა წრის გაზრდა, მარგინალები კი ყოველთვის უმცირესობას შეადგენენ, რაც მეტია იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც რამე უნდა დაეკითხო, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მარგინალთა შეხედულებები უსიტყვოდ გაზიარებული იქნება. ამიტომაც ეჩქარებათ.   


და თუკი მარგინალური ფსიქოტიპი ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ქოლერიკული ტემპერამენტით გამოირჩევა, მისი სულსწრაფობა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებს. მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ასეთი შემთხვევაა. გარდა იმისა რომ მარგინალია, ის არის უკიდურესობებისკენ მიდრეკილი ექსტრემალი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ადრენალინი, ემოციურად აღგზნებულ მდგომარეობაში ყოფნა.


გაიხსენეთ მისი ნებისმიერი გამოსვლა. თუ წინასწარ დაწერილ ტექსტს არ კითხულობს, ის ყოველთვის ვიღაცას ებრძვის, ვიღაცას უბრაზდება, იქნება ეს პუტინი, გოგი გვახარია თუ 22 წლის ანუკი ფეისბუქიდან. ყოველი მისი გამოსვლის  პათოსი ისეთია, თითქოს სწორედ ახლა, ამ წუთას იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.

სააკაშვილი ვერ ჩერდება, იმიტომ რომ სხვაგვარად არ ძალუძს. ის წამდაუწუმ მოძრაობს, დადის ერთი ქალაქიდან მეორეში, ხან სად მიფრინავს, ხან სად. დილით რომ თათბირს ატარებს პრეზიდენტის სასახლეში, შუადღეს ყვარელში საკუთარ ვენახს ათვალიერებინებს ვინმეს, საღამოს მესტიაში თხილამურებით სრიალებს, შუაღამეს კი ბათუმის რომელიმე ბარში ატარებს დროს..სხვათა შორის მარტო საქართველოში არ იქცევა ასე. როდესაც საზღვარგარეთაა წასული, ხშირად მისი პრესცენტრიც კი ვერ გვეუბნება სადაა და რას აკეთებს.

მას არ შეუძლია შეეგუოს, რომ როდესაც ის საქართველოშია,  არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამიტომ თუ რამე არ ხდება, ის თვითონ ჰქმნის მოვლენას, თხზავს, იგონებს, სპექტაკლებს დგამს. ყოველი ასეთი სპექტაკლი არის ნარკოტიკის ინექციაა. მიზანი - მისი პიროვნული “კაიფი” და არა რაიმე სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკური განზრახულობა. ეს უკანასკნელი მხოლოდ შესაფუთი მასალაა, რაც ტელევიზიებმა უნდა უზრუნველყონ. აბა, ეგრე მეკაიფება და იმიტომ ვაკეთებო, ხომ არ იტყვის?

ამიტომაცაა, რომ მას ყოველთვის ეჩქარება. ეს ხომ მისი ცხოვრების წესია, მისი შინაგანი რიტმიკა, მისი
modus vivendi. ამიტომაც არ (ვერ) მთავრდება საქართველოში რევოლუციური ციებ-ცხელება. 

თუკი სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში მისი შტურმავიკული სულსწრაფობა ბევრისთვის ახალი ხელმძღვანელობის გამოუცდელობისა და რეფორმატორული ენთუზიაზმის ბიწიერ ეფექტად აღიქმებოდა, ვარდების რევოლუციიდან  რვა წლის შემდეგ ასეთი გაუთავებელი ფართხა-ფურთხი უკვე ალალი კეთილისმყოფელებისთვისაც კი მომაბეზრებელია. თუმცა, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ სააკაშვილი ოდესმე დაღვინდება და მისი მმართველობის სტილიც უფრო დინჯი და გააზრებული გახდება. მწარედ ცდება. სანამ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეშია, ეს არასდროს არ დამთავრდება. მით უმეტეს, რომ მისი უახლოესი გარემოცვაც მარგინალური ტიპაჟებითაა სავსე, რომლებისთვისაც სიჩქარის გადაჭარბება მაინც უფრო ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ნელა სიარული.

დასკვნები, როგორც იტყვიან, თავად გააკეთეთ.


კარგები და ცუდები


ცხოვრება რომ შავ-თეთრი კინო არ არის, ვიცით, მაგრამ ადამიანების კარგებად და ცუდებად დაყოფა მაინც გვჩვევია.და არა მარტო ადამიანების...

ეტყობა ეს რაღაც ძალიან ბუნებრივი რამ არის, რაღაც არაცნობიერ-არქეტიპული სიღრმეებიდან წამოსული. ბავშვებს უყვართ ზღაპრები, სადაც კარგებსა და ცუდებს შორის მკაფიო მიჯნაა გავლებული და არც მოზრდილებშია ნაკლებად პოპულარული ისეთი ფილმები და წიგნები, სადაც კარგები ყოველთვის ამარცხებენ ცუდებს.

ისიც ბუნებრივია, რომ ყველას უნდა თვითონაც კარგებს შორის იყოს და არა ცუდებში. ყველაზე გარყვნილი და გათახსირებული  ბოროტმოქმედიც კი რაღაც გამართლებას უძებნის საკუთარ ქმედებებს. სხვანაირად შეუძლებელია. არავის არ ძალუძს მუდმივად ატარებდეს საკუთარი ცუდობის ტვირთს. თუმცა, ეს ეხება წმინდა პიროვნულ მომენტს, რადგან ნებისმიერმა ასეთმა ტიპმა იცის, რომ ის ცუდების კატეგორიას მიეკუთვნება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ასეთმა ტიპმა იცის, რომ ის ცუდების მხარესაა, ოღონდ ცდილობს რაციონალური ახსნა მოძებნოს, თუ რატომ აღმოჩნდა ამ მხარეს - არ გაუმართლა, მშობლებმა ვერ აღზარდეს, უსამართლოდ დაჩაგრეს და გაბოროტდა და ა. შ., თორემ ისე სულაც არაა ცუდი...


პოლიტიკურ სისტემებში დემოკრატია იმიტომაცაა სხვებზე ბევრად უკეთესი, რომ აქ ხელისუფლება არც კარგია და არც ცუდი. ყველა სხვა სისტემაში ხელისუფლებას გარკვეული მორალური დატვირთვაც აქვს. ამის მაგალითად მონარქიული წყობის საკრალურობის გახსენებაც იკმარებდა, როდესაც უპირველესი სიქველე მონარქის ერთგულებაა -  ვინცა მოკვდა მეფეთათვის, მათი სულნი ზეცად რბიან და ა. შ. სხვათა შორის არა მარტო ქრისტიანულ კულტურაშია ასე. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ მეფე (ხელისუფლება) იმთავითვე არის კარგი და მის წინააღმდეგ ვინც მიდის, ის ცუდია. მოგვიანებით, როდესაც ევროპაში ე. წ. ბურჟუაზიული რევოლუციების ტალღა დაიწყო, რევოლუციონერები პირველ რიგში სწორედ მორალური პოზიციიდან უპირისპირდებოდნენ მონარქიას, ანუ ისინი მიიჩნევდნენ, რომ მონარქის ინსტიტუტი ცუდია და ვინც მის შენარჩუნებას ცდილობს, ის ცუდების მხარესაა.

ახლა, რატომ წამოვიწყე ამაზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ ეს ფსიქოლოგიური ნიუანსი არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკაში, მის დამოკიდებულებაში ოპოზიციისა და საერთოდ განსხვავებული აზრის მიმართ.


ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში? 90-იანი  წლების რეფორმატორები და სამოქალაქო აქტივისტები: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი. ანუ ის ხალხი, რომლებიც შევარდნაძის პერიოდში ასოცირებული იყვნენ ისეთ თემებთან, როგორიცაა მასმედიის თავისუფლება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სამართლიანი სასამართლო,. პატიმრების უფლებები და ბევრი სხვა თემა, რაც ზოგადად ადამიანის უფლებების ცნებაში იგულისხმება. ეს იყო ხალხი, რომლებიც
იდენტიფიცირებას ახდენდნენ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან და საკუთარ თავს “კარგების” კატეგორიაში მოიაზრებდნენ.

მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ქმედებები სრულიად საპირისპირო იყო იმისა, რასაც ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები ჰქვია. სასამართლოს, ბიზნესის და მასმედიის კონტროლი, კრიტიკის აუტანლობა, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და რეპრესიული აპარატის პრივილეგირებული მდგომარეობა... პოლიციური სახელმწიფო ნამდვილად არ გახლდათ ის იდეალი, რისკენაც თითქოს ეს ხალხი ისწრაფოდა.


სხვანაირად რომ ვთქვათ, სააკაშვილი და მისი გუნდი თავად გახდა იმის ინიციატორი და განმახორციელებელი, რაც ადრე მათივე წარმოდგენებით მხოლოდ “ცუდების” საქმე იყო. მეორეს მხრივ, ისინი იმდენად მიჩვეულები იყვნენ “კარგების” ამპლუაში ყოფნას, იმდენად შეთვისებული ჰქონდათ მორალური უპირატესობის განცდა კორუმპირებულ ხელისუფლებისა და მისი რეტროგრადი მომხრეების მიმართ, რომ დღემდე არ ეთმობათ.

არ ეთმობათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორს გადაასწრეს მათ, ვისაც ოდესღაც ზემოდან და ამრეზით უყურებდნენ. იმდენად შორს, რომ  ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მართლაც წარმოუდგენელი იყო მკვლელების დასაცავად მთელი სახელისუფლო რესურსის მობილიზება მომხდარიყო, ტელევიზია სპეცრაზმს დაერბია, მიეღოთ კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელის შეგინებაზე დაგიჭერდნენ და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.

და ის ხალხი, ვინც ადრე ასეთ ქმედებებზე გულწრფელად აღშფოთდებოდა და პირველი გავარდებოდა ქუჩაში პროტესტის გამოსახატად, ახლა თვითონ აკეთებს ამას და რაც მთავარია გაშმაგებით ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ ეს კარგია. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების ე. წ. ლიბერალ მხარდამჭერებს,  ახალ ინტელექტუალურ ნომენკლატურას, მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოა.

მთელი ამ სიტუაციის პარადოქსულობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ყოფილი უფლებადამცველები თავად გახდნენ უფლებადამრღვევები და მათი ადვოკატები, არამედ იმაში, რომ ეს ხალხი რახან უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა, სწორედ იმიტომ აჭარბებს წინამორბედებს უკანონობასა და უსამართლობაში.  

ცნობილია, რომ ე. წ. “გაფუჭებული ქურდი” ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელია ყოფილი ამფსონების მიმართ, ვიდრე ნებისმიერი პოლიციელი. აქაც დაახლოებით იგივე ამბავია. პლუს ეს არის ძალიან საშიში ხალხი, რადგან პატიოსნების და პრინციპულობის ყოველი გამოვლინება ოპონენტის მხრიდან მათთვის არის სერიოზული სულიერი დისკომფორტი. მათ არ შეუძლიათ ირონიულად შეხედონ იდეალისტებს, როგორც ბრეჟნევის დროის ნომენკლატურა უყურებდა დისიდენტებს - ზასტოის ხანის ნომენკლატურას არ ჰქონდა არავითარი ილუზია იმაზე, რომ ისინი კარგების კატეგორიაში არიან, ისინი საბჭოთა სახელმწიფოს მხოლოდ გარდუვალ ბოროტებად მიიჩნევდნენ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არა აქვს. მათი მორალი მთლიანად პირადი ურთიერთობების სიბრტყეში იყო გადანაცვლებული (ოჯახი, მეგობრები) და არ მოიცავდა სამოქალაქო სფეროს. ისინი დისიდენტების მორალურ უპირატესობას შინაგანად აღიარებდნენ, 

ამ ხელისუფლების დამცველი კი არაფრის დიდებით არ აღიარებს ოპონენტის თუნდაც სამართლიან პოზიციას. ეს მათთვის მორალური თვითმკვლელობის ტოლფასია. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპონენტის გასვრა. მათთვის არის სრულიად აუტანელი, რომ მათი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს წესიერი, პატიოსანი და პრინციპული ადამიანი. მათ უნდათ ისევ კარგები იყვნენ, მაგრამ რამდენადაც უკვე ცუდები არიან, ამის ერთადერთი მორალური გამართლება შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ვინც მათი წინააღმდეგია, ის უფრო ცუდია.


პირველი თაობის ბოლშევიკები ასევე მიჩვეულები იყვნენ, რომ ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლები, ანუ კარგები არიან და ვერაფრით შეეგუენ ცუდობას. ამის გამო ისინი უფრო ცუდები გახდნენ, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, თავიდანვე რომ ცუდებთან ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებულნი. როგორც ვთქვათ, ბრეჟნევის ნომენკლატურა, რომელსაც ასეთი მორალური განცდები არ  (აღარ) ტანჯავდა

ამ თვალსაზრისით 90-იანი წლების ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მათი ლიბერალი მხარდამჭერები ძალიან გვანან პირველი თაობის ბოლშევიკებს. ისინი ყველაზე დაუნდობლები და შეურიგებლები არიან და იქნებიან სწორედ მათ მიმართ, ვინც “არ გაცუდდა”, ხელისუფლების მორჩილი არ გახდა და ძველი ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების ერთგული დარჩა  

კარგი იქნება ეს იმათაც გაითვალისწინონ, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც ილუზიები შერჩენია სახელისუფლო ლიბერალების დემოკრატიულობისა და ლიბერალობის თაობაზე. გაცუდებული კარგი ყოველთვის იმთავითვე ცუდზე უფრო ცუდად იქცევა..ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ამიტომ უმალ კირკიტაძე გახდება ლორდი ექტონი, ვიდრე ეს ხალხი დაუბრუნდება ლიბერალურ ღირებულებებს


..