Tuesday, December 27, 2011

სიჩქარე


თუ ვინმე დაინტერესდება და დათვლის, რომელ ფრაზას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე ხშირად, ისეთ საფირმო სიტყვაკაზმულთა გვერდით, როგორიცაა “ნურას უკაცრავად”, “პირველად საქართველოში” და სხვა, აუცილებლად იქნება ფრაზა “ჩვენ გვეჩქარება.”

საით მიგვეჩქარება და რატომ, ამის დაზუსტებაზე მაინც და მაინც თავს არ იკლავს, თუმცა ერთი-ორჯერ განმარტა კიდეც: საქართველო ჩამორჩა მოწინავე ქვეყნებს და თუ კარგი ცხოვრება გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავეწიოთო. რასაც სხვა ქვეყნები ათწლეულებს მოუნდნენ, ჩვენ ერთ-ორ, მაქსიმუმ ხუთ წელიწადში უნდა გავიაროთო.  ამიტომაც გვეჩქარება თურმე.

ასეთი დამოკიდებულება აშკარად წააგავს ხრუშჩოვისეულ ლოზუნგს “დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს!” თუმცა საბჭოთა კავშირში ხუთწლედის გეგმებს მაინც ადგენდნენ, ყოველთვის გადაჭარბებით რომ სრულდებოდა და ერთხელ ოთხ წელიწადშიც კი მოათავეს, ჩვენ კი საერთოდ არაფერს არ ვგეგმავთ. უბრალოდ გვეჩქარება. თან ძალიან. შეიძლება ამიტომაც არავინ გვეუბნება, ვთქვათ, იმ ნანინანატრ 2015 წელს, პრეზიდენტი რომ ლამის ახდენილი ოცნებების მიჯნად გვისახავს, დაახლოებით რა ეკონომიკურ ნიშნულებზე ვვარაუდობთ გასვლას. კონკრეტიკა ცუდად აქვს დაცდილი. 2007 წელს ხომ დაპირდა ხალხს, ორ წელიწადში პენსია ასი დოლარი გექნებათო და ოთხი წლის შემდეგ ას ლარამდე ძლივს აქაჩა. ჰოდა, რა საჭიროა ციფრების რახუნი? უბრალოდ ჯობია თქვა რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ყველაფრის მოსწრება რომ გვინდა, იმიტომაც გვეჩქარება.   



თავის დროზე, როდესაც ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის საპარლამენტო უმრავლესობაში ვიყავი, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, კახა ბენდუქიძემ პრივატულ საუბარში მარტივად იანგარიშა, ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის პირობებში როდის მიაღწევდა ჩვენი ერთობლივი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, ვთქვათ ბელგიის ან დანიის მაჩვენებლებს. აღმოჩნდა, რომ ამისთვის დაახლოებით ერთი საუკუნემდეა საჭირო, ხოლო ბალტიის ქვეყნებს რომ დავეწიოთ, ოცი-ოცდახუთი წელი მაინც გვინდა. მე გულწრფელად შევიცხადე, რა ამბავია ამდენი ხანი თქო და ვამტკიცებდი, მარტო მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ნუ ვიმსჯელებთ, ხალხმა რომ მკვეთრი და თვისობრივი გაუმჯობესება იგრძნოს, ხუთი წელიც საკმარისია მეთქი.

ახლა, რატომ გავიხსენე ეს ამბავი? ჯერ ერთი, თავად ბ-ნი ბენდუქიძე რუსულ პრესაში ინტერვიუების დროს ხშირად იხსენებს ხოლმე ამ შემთხვევას:: აი, დღევანდელი ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუთხარი, ევროკავშირის დონის მისაღწევად დიდი დრო დაგვჭირდება თქო და ის მიმტკიცებდა, ხუთი წელიც გვეყოფაო. თავი დავანებოთ იმას, რომ  ტენდენციურია და ფაქტს ამახინჯებს, მე სხვა რამ მაინტერესებს. ამ ჩვენს პრეზიდენტს რომ სულ სადღაც ეჩქარება და ანაკლიის იბიცად გადაქცევას გაის ამ დროისთვის აპირებს, ეს ვითომ ჭკვიანურია? მაგრამ პრეზიდენტის მიმართ საყვედური დაგცდეს, არაა ადვილი საქმე. რომ  აიღოს და კუტუზკაში გიკრას თავი, მერე რა გინდა რომ ჰქნა? მიზეზს ვერ იპოვის, ხალხი აღშფოთდება ეგ როგორ გაბედეთო თუ რა? ის კი არა, შეიძლება ტაშიც დაუკრან.   

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თვით ხელისუფლების წიაღში ვინც იცის, “გვეჩქარება გვეჩქარებას” ძახილით რომ არაფერი გამოვა, ისიც ხმას ვერ ამოიღებს. თორემ რა პრობლემაა? აიღე ზრდის ტემპის მაჩვენებელი (თუნდაც მაქსიმალურად მაღალი) და გადაიანგარიშე წლებზე. მერე გინდა სინგაპურს შეედარე, გინდა შვეიცარიას და გინდა ლიტვას. სად აღმოჩნდები 2015 წლისთვის, იმასაც დაინახავ.

ისე, ქვეყნის ისტორიული განვითარება, მართლაც ერთგვარ “გონკაობად” რომ წარმოვიდგინოთ, სადაც ვიღაცას ხუთ წელიწადში შეუძლია საუკუნეების გარბენა, მაინც გაუგებარი რჩება რა აუცილებელია  ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა დაუმთავრებელი შენობის დამთავრებული ნაწილის გახსნა, ან ჯერაც არაშენებული ხიდის აშენებულად გამოცხადება, ან მიწაში ჩაფლულ გაზის ბალონზე ცეეცხლის აბრიალება, ვითომ ბუნებრივი აირის მილი იყოს გაყვანილი. არადა სააკაშვილის სიჩქარე ძირითადად სწორედ ასეთ ღონისძიებებში გამოიხატება, გახსნილი საწარმოები, რომლებიც ერთ-ორ კვირაში ისევ იხურება (ერთხელ დაავიწყდა მგონი და წინა წელს გახსნილი მეორე წელსაც გახნა), გადაღებილი ფასადის წინ ლენტების გაჭრა, როცა უკანა პლანზე მუშებად გადაცმული სოდელები და კუდელები ფუსფუსებენ და უხერხულად ურაკუნებენ ჩაქუჩს ფიცარზე. თითქოს და რაში უნდა ჭირდებოდეს ასეთი მასკარადი? .



ამგვარი სულსწრაფობის ლოგიკური ახსნა თეორიულადაც კი შეუძლებელია, თუკი იმ მოსაზრებიდან ამოვალთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეალურად ცდილობს ქვეყნის განვითარებას, თუნდაც ნაჩქარევად და გაუაზრებლად. რა დიდი სიბრძნე იმის მიხვედრას უნდა, რომ  პოტიომკინის სოფლების ეროვნულ-მოდერნიზებული ვარიაციებით ეკონომიკა ვერ განვითარდება? მაშ, რაშია საქმე? პროპაგანდა და ე. წ. პიარი? ცხადია, ასეთ ღონისძიებებს აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება, მაგრამ საქართველო მაინც პატარა ქვეყანაა და როცა საზეიმოდ გახსნილ საფეხმავლო ხიდს მეორე დღესვე დაშლიან და რაც დარჩება, იმას ორ კვირაში ადიდებული წყალი წაიღებს,  ეს პროპაგანდა კი არა ანტიპროპაგანდა უფროა. ასეთი ფაქტი ხომ არ იმალება და ხიდის ამბავი ყველასთვის ცნობილი ხდება. რაც მთავარია, სახელისუფლო ტელევიზიებით საშუალო სტატისტიკური მაყურებელი ისედაც ინტენსიურად იტვირთება ყოველდღიური წარმატებების საინფორმაციო ნაკადით და თითქოს აუშენებლის აშენებულად გამოცხადების არანაირი  საჭიროება არ არსებობს.

ამიტომ ვფიქრობ, ამ  შემთხვევაში პროპაგანდა არ არის მთავარი. ჩემის ღრმა რწმენით აქ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. კერძოდ პიროვნულთან.

საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, მიხეილ სააკაშვილი არის ტიპიური მარგინალი, ანუ ტრადიციულ იდენტობასთან, არსებულ სოციოკულტურულ რეალობასთან შინაგანად დაპირისპირებული პიროვნება. მარგინალი კი ვერ იტანს მდგრად და სტაბილურ გარემოს. ის ყოველთვის უცხო სხეულად გრძნობს თავს ასეთ გარემოში, და თუკი ჩვეულებრივ პირობებში იძულებულია ასე თუ ისე მოერგოს სიტუაციას, რათა დაძლიოს საკუთარი გაუცხოება, ძალაუფლების მოპოვების შემთხვევაში ის გარემოს შეცვლას და თავის თავზე მორგებას უფრო  ცდილობს.  ამიტომ მარგინალები ადვილად იქმნიან რეფორმატორის იმიჯს, თუმცა, ცვლილებები, რომელსაც ისინი ესწრაფვიან, როგორც წესი, თვითმიზნურია და საბოლოო შედეგი არასდროს არაა ცხადად წარმოდგენილი. მათთვის მთავარია არსებულის შეცვლა და არა რაიმე ახლის დამკვიდრება,  ესაა ცვლილებები ცვლილებებისთვის, ცარიელი დესტრუქცია, რაღაც ტროცკისეული პერმანენტული რევოლუციის მსგავსი, როდესაც ყოველი მიღწეული შედეგი კვლავ მომენტალურად უნდა დაექემდებაროს გარდაქმნას. საკმარისია გაჩერდე და ქაოსიდან რაღაც მდგრადი წესრიგის ფორმირება იწყება. მდგრადი წესრიგი კი არასდროს არ არის ისეთი, სადაც მარგინალი თავს კარგად იგრძნობს, ის ყველანაირ წესრიგში, ყველანაირ მყარ სისტემაში უცხო სხეულად რჩება.

ის, რომ ტრეინინგ-ვორქშოფებზე დაზეპირებული გაიდლაინებით მოფიქრალი (“მოაზროვნე” რომ დავწერო, ხელი არ მიბრუნდება. დ.ზ)  კლერკები ამ განწირულის სულისკვეთებას რეფორმატორულ შემართებად მიიჩნევენ, კიდევ ცალკე პრობლემაა და არა მარტო ქართული, თუმცა, ეს სულ სხვა თემაა. ჩვენს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სიჩქარე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის საარსებო მოთხოვნილებაა და არა ტაქტიკის ელემენტი.

მარგინალები, თუკი მათ მართვის ბერკეტები აქვთ ხელში, ყოველთვის ჩქარობენ, ნებისმიერი დაყოვნება  მდგრადი გარემოს საფრთხესთანა ასოცირებული და ამდენად, პრინციპულად მიუღებელია. ასევე მიუღებელია რაიმეს საფუძვლიანად მოფიქრება და გაანალიზება, რადგან ესეც ერთგვარი დაყოვნებაა, თან ამ დროს აუცილებლად ხდება გადაწყვეტილების მიმღებთა წრის გაზრდა, მარგინალები კი ყოველთვის უმცირესობას შეადგენენ, რაც მეტია იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც რამე უნდა დაეკითხო, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მარგინალთა შეხედულებები უსიტყვოდ გაზიარებული იქნება. ამიტომაც ეჩქარებათ.   


და თუკი მარგინალური ფსიქოტიპი ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ქოლერიკული ტემპერამენტით გამოირჩევა, მისი სულსწრაფობა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბებს. მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ასეთი შემთხვევაა. გარდა იმისა რომ მარგინალია, ის არის უკიდურესობებისკენ მიდრეკილი ექსტრემალი, რომელსაც მუდმივად სჭირდება ადრენალინი, ემოციურად აღგზნებულ მდგომარეობაში ყოფნა.


გაიხსენეთ მისი ნებისმიერი გამოსვლა. თუ წინასწარ დაწერილ ტექსტს არ კითხულობს, ის ყოველთვის ვიღაცას ებრძვის, ვიღაცას უბრაზდება, იქნება ეს პუტინი, გოგი გვახარია თუ 22 წლის ანუკი ფეისბუქიდან. ყოველი მისი გამოსვლის  პათოსი ისეთია, თითქოს სწორედ ახლა, ამ წუთას იწყება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის.

სააკაშვილი ვერ ჩერდება, იმიტომ რომ სხვაგვარად არ ძალუძს. ის წამდაუწუმ მოძრაობს, დადის ერთი ქალაქიდან მეორეში, ხან სად მიფრინავს, ხან სად. დილით რომ თათბირს ატარებს პრეზიდენტის სასახლეში, შუადღეს ყვარელში საკუთარ ვენახს ათვალიერებინებს ვინმეს, საღამოს მესტიაში თხილამურებით სრიალებს, შუაღამეს კი ბათუმის რომელიმე ბარში ატარებს დროს..სხვათა შორის მარტო საქართველოში არ იქცევა ასე. როდესაც საზღვარგარეთაა წასული, ხშირად მისი პრესცენტრიც კი ვერ გვეუბნება სადაა და რას აკეთებს.

მას არ შეუძლია შეეგუოს, რომ როდესაც ის საქართველოშია,  არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ამიტომ თუ რამე არ ხდება, ის თვითონ ჰქმნის მოვლენას, თხზავს, იგონებს, სპექტაკლებს დგამს. ყოველი ასეთი სპექტაკლი არის ნარკოტიკის ინექციაა. მიზანი - მისი პიროვნული “კაიფი” და არა რაიმე სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკური განზრახულობა. ეს უკანასკნელი მხოლოდ შესაფუთი მასალაა, რაც ტელევიზიებმა უნდა უზრუნველყონ. აბა, ეგრე მეკაიფება და იმიტომ ვაკეთებო, ხომ არ იტყვის?

ამიტომაცაა, რომ მას ყოველთვის ეჩქარება. ეს ხომ მისი ცხოვრების წესია, მისი შინაგანი რიტმიკა, მისი
modus vivendi. ამიტომაც არ (ვერ) მთავრდება საქართველოში რევოლუციური ციებ-ცხელება. 

თუკი სააკაშვილის მმართველობის დასაწყისში მისი შტურმავიკული სულსწრაფობა ბევრისთვის ახალი ხელმძღვანელობის გამოუცდელობისა და რეფორმატორული ენთუზიაზმის ბიწიერ ეფექტად აღიქმებოდა, ვარდების რევოლუციიდან  რვა წლის შემდეგ ასეთი გაუთავებელი ფართხა-ფურთხი უკვე ალალი კეთილისმყოფელებისთვისაც კი მომაბეზრებელია. თუმცა, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ სააკაშვილი ოდესმე დაღვინდება და მისი მმართველობის სტილიც უფრო დინჯი და გააზრებული გახდება. მწარედ ცდება. სანამ სააკაშვილი ხელისუფლების სათავეშია, ეს არასდროს არ დამთავრდება. მით უმეტეს, რომ მისი უახლოესი გარემოცვაც მარგინალური ტიპაჟებითაა სავსე, რომლებისთვისაც სიჩქარის გადაჭარბება მაინც უფრო ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ნელა სიარული.

დასკვნები, როგორც იტყვიან, თავად გააკეთეთ.


კარგები და ცუდები


ცხოვრება რომ შავ-თეთრი კინო არ არის, ვიცით, მაგრამ ადამიანების კარგებად და ცუდებად დაყოფა მაინც გვჩვევია.და არა მარტო ადამიანების...

ეტყობა ეს რაღაც ძალიან ბუნებრივი რამ არის, რაღაც არაცნობიერ-არქეტიპული სიღრმეებიდან წამოსული. ბავშვებს უყვართ ზღაპრები, სადაც კარგებსა და ცუდებს შორის მკაფიო მიჯნაა გავლებული და არც მოზრდილებშია ნაკლებად პოპულარული ისეთი ფილმები და წიგნები, სადაც კარგები ყოველთვის ამარცხებენ ცუდებს.

ისიც ბუნებრივია, რომ ყველას უნდა თვითონაც კარგებს შორის იყოს და არა ცუდებში. ყველაზე გარყვნილი და გათახსირებული  ბოროტმოქმედიც კი რაღაც გამართლებას უძებნის საკუთარ ქმედებებს. სხვანაირად შეუძლებელია. არავის არ ძალუძს მუდმივად ატარებდეს საკუთარი ცუდობის ტვირთს. თუმცა, ეს ეხება წმინდა პიროვნულ მომენტს, რადგან ნებისმიერმა ასეთმა ტიპმა იცის, რომ ის ცუდების კატეგორიას მიეკუთვნება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ასეთმა ტიპმა იცის, რომ ის ცუდების მხარესაა, ოღონდ ცდილობს რაციონალური ახსნა მოძებნოს, თუ რატომ აღმოჩნდა ამ მხარეს - არ გაუმართლა, მშობლებმა ვერ აღზარდეს, უსამართლოდ დაჩაგრეს და გაბოროტდა და ა. შ., თორემ ისე სულაც არაა ცუდი...


პოლიტიკურ სისტემებში დემოკრატია იმიტომაცაა სხვებზე ბევრად უკეთესი, რომ აქ ხელისუფლება არც კარგია და არც ცუდი. ყველა სხვა სისტემაში ხელისუფლებას გარკვეული მორალური დატვირთვაც აქვს. ამის მაგალითად მონარქიული წყობის საკრალურობის გახსენებაც იკმარებდა, როდესაც უპირველესი სიქველე მონარქის ერთგულებაა -  ვინცა მოკვდა მეფეთათვის, მათი სულნი ზეცად რბიან და ა. შ. სხვათა შორის არა მარტო ქრისტიანულ კულტურაშია ასე. მარტივ ენაზე ეს ნიშნავს, რომ მეფე (ხელისუფლება) იმთავითვე არის კარგი და მის წინააღმდეგ ვინც მიდის, ის ცუდია. მოგვიანებით, როდესაც ევროპაში ე. წ. ბურჟუაზიული რევოლუციების ტალღა დაიწყო, რევოლუციონერები პირველ რიგში სწორედ მორალური პოზიციიდან უპირისპირდებოდნენ მონარქიას, ანუ ისინი მიიჩნევდნენ, რომ მონარქის ინსტიტუტი ცუდია და ვინც მის შენარჩუნებას ცდილობს, ის ცუდების მხარესაა.

ახლა, რატომ წამოვიწყე ამაზე ლაპარაკი? იმიტომ, რომ ეს ფსიქოლოგიური ნიუანსი არცთუ უმნიშვნელო როლს თამაშობს საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკაში, მის დამოკიდებულებაში ოპოზიციისა და საერთოდ განსხვავებული აზრის მიმართ.


ვინ არიან დღეს ხელისუფლებაში? 90-იანი  წლების რეფორმატორები და სამოქალაქო აქტივისტები: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი. ანუ ის ხალხი, რომლებიც შევარდნაძის პერიოდში ასოცირებული იყვნენ ისეთ თემებთან, როგორიცაა მასმედიის თავისუფლება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, სამართლიანი სასამართლო,. პატიმრების უფლებები და ბევრი სხვა თემა, რაც ზოგადად ადამიანის უფლებების ცნებაში იგულისხმება. ეს იყო ხალხი, რომლებიც
იდენტიფიცირებას ახდენდნენ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან და საკუთარ თავს “კარგების” კატეგორიაში მოიაზრებდნენ.

მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი ქმედებები სრულიად საპირისპირო იყო იმისა, რასაც ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები ჰქვია. სასამართლოს, ბიზნესის და მასმედიის კონტროლი, კრიტიკის აუტანლობა, პოლიტიკურ ოპონენტთა დევნა და რეპრესიული აპარატის პრივილეგირებული მდგომარეობა... პოლიციური სახელმწიფო ნამდვილად არ გახლდათ ის იდეალი, რისკენაც თითქოს ეს ხალხი ისწრაფოდა.


სხვანაირად რომ ვთქვათ, სააკაშვილი და მისი გუნდი თავად გახდა იმის ინიციატორი და განმახორციელებელი, რაც ადრე მათივე წარმოდგენებით მხოლოდ “ცუდების” საქმე იყო. მეორეს მხრივ, ისინი იმდენად მიჩვეულები იყვნენ “კარგების” ამპლუაში ყოფნას, იმდენად შეთვისებული ჰქონდათ მორალური უპირატესობის განცდა კორუმპირებულ ხელისუფლებისა და მისი რეტროგრადი მომხრეების მიმართ, რომ დღემდე არ ეთმობათ.

არ ეთმობათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორს გადაასწრეს მათ, ვისაც ოდესღაც ზემოდან და ამრეზით უყურებდნენ. იმდენად შორს, რომ  ალბათ თვითონაც ვერ წარმოიდგენდნენ. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მართლაც წარმოუდგენელი იყო მკვლელების დასაცავად მთელი სახელისუფლო რესურსის მობილიზება მომხდარიყო, ტელევიზია სპეცრაზმს დაერბია, მიეღოთ კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელის შეგინებაზე დაგიჭერდნენ და ა.შ. ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს.

და ის ხალხი, ვინც ადრე ასეთ ქმედებებზე გულწრფელად აღშფოთდებოდა და პირველი გავარდებოდა ქუჩაში პროტესტის გამოსახატად, ახლა თვითონ აკეთებს ამას და რაც მთავარია გაშმაგებით ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ ეს კარგია. ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლების ე. წ. ლიბერალ მხარდამჭერებს,  ახალ ინტელექტუალურ ნომენკლატურას, მათ, ვინც ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლება ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოა.

მთელი ამ სიტუაციის პარადოქსულობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ყოფილი უფლებადამცველები თავად გახდნენ უფლებადამრღვევები და მათი ადვოკატები, არამედ იმაში, რომ ეს ხალხი რახან უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოდა, სწორედ იმიტომ აჭარბებს წინამორბედებს უკანონობასა და უსამართლობაში.  

ცნობილია, რომ ე. წ. “გაფუჭებული ქურდი” ბევრად უფრო სასტიკი და დაუნდობელია ყოფილი ამფსონების მიმართ, ვიდრე ნებისმიერი პოლიციელი. აქაც დაახლოებით იგივე ამბავია. პლუს ეს არის ძალიან საშიში ხალხი, რადგან პატიოსნების და პრინციპულობის ყოველი გამოვლინება ოპონენტის მხრიდან მათთვის არის სერიოზული სულიერი დისკომფორტი. მათ არ შეუძლიათ ირონიულად შეხედონ იდეალისტებს, როგორც ბრეჟნევის დროის ნომენკლატურა უყურებდა დისიდენტებს - ზასტოის ხანის ნომენკლატურას არ ჰქონდა არავითარი ილუზია იმაზე, რომ ისინი კარგების კატეგორიაში არიან, ისინი საბჭოთა სახელმწიფოს მხოლოდ გარდუვალ ბოროტებად მიიჩნევდნენ, რომლის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არა აქვს. მათი მორალი მთლიანად პირადი ურთიერთობების სიბრტყეში იყო გადანაცვლებული (ოჯახი, მეგობრები) და არ მოიცავდა სამოქალაქო სფეროს. ისინი დისიდენტების მორალურ უპირატესობას შინაგანად აღიარებდნენ, 

ამ ხელისუფლების დამცველი კი არაფრის დიდებით არ აღიარებს ოპონენტის თუნდაც სამართლიან პოზიციას. ეს მათთვის მორალური თვითმკვლელობის ტოლფასია. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპონენტის გასვრა. მათთვის არის სრულიად აუტანელი, რომ მათი მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს წესიერი, პატიოსანი და პრინციპული ადამიანი. მათ უნდათ ისევ კარგები იყვნენ, მაგრამ რამდენადაც უკვე ცუდები არიან, ამის ერთადერთი მორალური გამართლება შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ვინც მათი წინააღმდეგია, ის უფრო ცუდია.


პირველი თაობის ბოლშევიკები ასევე მიჩვეულები იყვნენ, რომ ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლები, ანუ კარგები არიან და ვერაფრით შეეგუენ ცუდობას. ამის გამო ისინი უფრო ცუდები გახდნენ, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, თავიდანვე რომ ცუდებთან ყოფილიყვნენ იდენტიფიცირებულნი. როგორც ვთქვათ, ბრეჟნევის ნომენკლატურა, რომელსაც ასეთი მორალური განცდები არ  (აღარ) ტანჯავდა

ამ თვალსაზრისით 90-იანი წლების ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ და მათი ლიბერალი მხარდამჭერები ძალიან გვანან პირველი თაობის ბოლშევიკებს. ისინი ყველაზე დაუნდობლები და შეურიგებლები არიან და იქნებიან სწორედ მათ მიმართ, ვინც “არ გაცუდდა”, ხელისუფლების მორჩილი არ გახდა და ძველი ლიბერალურ-დემოკრატიული იდეალების ერთგული დარჩა  

კარგი იქნება ეს იმათაც გაითვალისწინონ, ვისაც ჯერ კიდევ რაღაც ილუზიები შერჩენია სახელისუფლო ლიბერალების დემოკრატიულობისა და ლიბერალობის თაობაზე. გაცუდებული კარგი ყოველთვის იმთავითვე ცუდზე უფრო ცუდად იქცევა..ასე იყო, ასე არის და ასე იქნება. ამიტომ უმალ კირკიტაძე გახდება ლორდი ექტონი, ვიდრე ეს ხალხი დაუბრუნდება ლიბერალურ ღირებულებებს


..

Friday, August 5, 2011

გაიტანეთ საქართველო!

ძალიან წვალობს ჩვენი ხელისუფლება, ძალიან...

რას არ ჩალიჩობს, რომ როგორმე ეს ჩამორჩენილი, საბჭოთა კავშირში ჩარჩენილი ხალხი კარჩაკეტილი ცხოვრებიდან მზეზე გამოიყვანოს, მაგრამ ამაოდ. არ უნდათ ამ გრუზინ-გურჯებს ცივილიზაცია და მოდერნიზაცია, თვალი მაინც რუსეთისკენ გაურბით. არადა მტერია ეს რუსეთი, თან ორმოც კილომეტრშია უკვე. 

მართალია, ჩვენ ვებრძვით რუსეთს ინგლისურით - რესტორნებში რუსულად მღერა ავკრძალეთ, ფილმებს სუბტიტრებით ვუშვებთ, ვითხოვთ, რომ გრუზიას ნაცვლად ჯორჯია დაგვიძახონ, ათი ათასი ინგლისურენოვანი განმანათლებელიც ჩამოგვყავს, მაგრამ ეს აშკარად არაა საკმარისი. სანამ ეს შეუგნებელი ხალხი მიხვდება, რომ ტრანსპორტის გაძვირება იმიტომაა კარგი, რომ მთელ ევროპაში ძვირია და ის დრო წავიდა, საბჭოთა კავშირის ბიუჯეტს რომ ხრავდნენ უზრუნველად, მანამდე ბევრი წყალი ჩაივლის. შორია სინგაპურამდე. 

ჩვენ კი სადა გვაქვს ამდენი დრო? გვეჩქარება. ამიტომ საჭიროა რაც შეიძლება რადიკალური რეფორმა. ხელისუფლებას არ უნდა შეეშინდეს მკვეთრი და არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება. ბოლო-ბოლო მისი რა მიდის? ფული მოაკლდებთ, ძალაუფლება თუ ჯამრთელობა? თუ ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამს და აგერაა ვანო. 

აქედან გამომდინარე, მაქვს იდეა. ერთი შეხედვით ძალიან რადიკალური, მაგრამ მისი განხორციელება ერთბაშად წყვეტს რამდენიმე პრობლემას: ანეიტრალებს რუსეთის აგრესიის საფრთხეს, უმტკივნეულოდ აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, უზრუნველყოფს ინგლისურენოვან გარემოს (რაც აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ფორსირებული შესწავლისთვის), და უაღრესად ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის ევროატლანტიკურ სივრცეში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციისთვის.

ამისთანა რა არისო, იკითხავს დაინტრიგებული მკითხველი. ტექნიკური თვალსაზრისით არც არაფერი. ხომ გავიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში? გაგვაქვს პარლამენტი ქუთაისში? ჰოდა რა მოხდება მთელი ქვეყანაც რომ გავიტანოთ სადმე, უფრო კარგ ადგილას? მართალია ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ მერე რა? ხომ ვართ ყველაზე მაგარი რეფორმატორები მსოფლიო ბანკის აზრით? ჰოდა გავაკეთოთ, პირველად მსოფლიოში! 

ეს არც ისე ძნელი საქმეა, როგორც გაუცნობიერებელ ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს. მხოლოდ ორი ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური ნებაა საჭირო. 

მოკლედ, გეგმა ასეთია: ახალი საქართველოსთვის უნდა შეირჩეს ადგილი. მაინც და მაინც კლიმატურმა ცვლილებებმა და სხვა გეოგრაფიულმა ნიუანსებმა რომ არ შეგვიშალოს ხელი ადაპტაციაში, სასურველია ეს ადგილი იყოს იმავე განედზე. ამისთვის კი პრაქტიკულად იდეალური ადგილია ჩრდილოეთ კალიფორნია. იქ მთებიცაა, ვაზიც მოდის და ჰაერიც სუფთაა. ერთი ზღვა არ არის, სამაგიეროდ ოკეანეა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კალიფორნიაში ბევრი სომეხი ცხოვრობს, ჩვეული სამეზობლოს ნოსტალგიაც დიდად არ შეგვაწუხებს, ძალიან მალე მვეჩვევით.


ჰოდა ამერიკის პრეზიდენტს რომ მოველაპარაკოთ და საქართველოს ტოლი ფართობი გამოგვიყოს იმ დალოცვილ მიწაზე, რა მოუვათ? კალიფორნია იმხელაა, ვერც გაიგებენ რამე თუ მოაკლდათ. ბოლო-ბოლო რა გახდა სულ რაღაც 69 700 კვადრატული მეტრი 423 970-დან? თან მუქთაზე კი არ ვითხოვთ - სანაცვლოდ მთელ აქაურ ტერიტორიას გადავცემთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც მოეწყობა ერთი დიდი ამერიკული სამხედრო ბაზა .

ხომ წარმოგიდგენათ, რამხელა სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ამ ბაზას ამერიკისთვის? ზედ რუსეთის საზღვარზე! თან ირანიც აქვეა, ყურისძირში. აბა მაშინ ნახეთ რუსების გაგიჟება, მაგრამ რას იზამენ რო? მესამე მსოფლიო ომს ხომ ვერ დაიწყებენ? ჩვენ კი ამასობაში შორს ვიქნებით, “ველქამ თუ ზი ოტელ კალიფორნია!..”

ცხადია, ასეთი გრანდიოზული პროექტი დიდ ფინანსებს მოითხოვს, მაგრამ არც იმდენს. გზები კალიფორნიაში დაგებულია, დენი და წყალი არის, მარტო ერთი-ორი ქალაქის აშენება იქნება საჭირო (ახალი თბილისი, ნიუ-ფოთი, თელავი-სიტი და რამე) მშენებლობები კი ჩვენს პრეზიდენტს ისედაც უყვარს და აქ თუ ვიღაც სიძველეების დამცველები უშლიან ხელს, იქ რომ მისცემს გასაქანს თავის არქიტექტურულ ფანტაზიას, იმისთანა უნდა. რას შეშუშავს და რას შეღებავს? სულ წითელ-ყვითელ-ალისფერის უნახავს გახდის ძირძველ კალიფორნიელებს. თანაც, ამხელა ბაზას რომ ვუთმობთ ამერიკელებს, დავიჯერო ინვესტიციების მოზიდვაში არ მოგვეხმარებიან? ასე, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა სულ რაღაც ორ-სამ წელიწადში დასრულდება.

მოკლედ, პოლიტიკური ნება იყოს და ფინანსები პრობლემა არ იქნება. ისევე როგორც სტატუსის აღიარება. თუკი ამერიკის შეერთებული შტატები ცნობს საქართველოს ახალ გეოგრაფიულ არეალში, როგორც სახელმწიფოს, მას აჰყვება მთელი დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც არ დაგვჭირდება არავის გამოხმობა. ერთი ევროსაბჭოში წარმომადგენლობის გაუქმება მოგვიწევს ალბათ (რაღა ჯანდაბა გვინდა იქ?) მაგრამ ჭიაბერაშვილსაც დავასაქმებთ სადმე. ბოლო-ბოლო ოკლაჰომაში გავუშვებთ რწმუნებულად...

რაც შეეხება გადასახლებას, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი აქტი, როგორც ჭეშმარიტი ლიბერტარიანული მრწამსი მოითხოვს. გადაადგილების თავისუფლება ადამიანის წმინდათა წმინდა უფლებაა და სახელმწიფო არავის არ ატანს ძალას - ვისაც უნდა დარჩეს და მოემსახუროს ამერიკის სამხედრო ბაზას. ხოლო ვისაც არც გადასახლება უნდა და არც ბაზაში მუშაობა, იმათ ბედზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. კისერიც უტეხიათ... ასევე არავინ აიძულებს გასახლებას საპატრარქოს და სამღვდელოებას. მხოლოდ ერთი ეპარქიის გახსნა მოუწევთ კალიფორმიაში, უფრო სწორად ახალ საქართველოში. 

პირველი გადასახლდება, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელოვანი პოლიცია ვანოს ხელმღვანელობით, რათა მოწესრიგებული დაახვედროს ხალხს იქაურობა. ბუნებრივია ის წაიყოლებს მთელ მსხვილ ბიზნესს და ბანკებს, აბა უპატრონოდ ხომ არ დატოვებს? მას მიჰყვება საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და საჯარო სამსახურები თავიანთი მერიებით და საკრებულოებით, მათვე მიჰყვება ჟურნალი “ტაბულა”, ხოლო რუსთავი-2 და ტელეიმედი უკვე ადგილზე იქნებიან, რათა პრეზიდენტის ჩასვლის დროს პირდაპირი ჩართვა გააკეთონ.

ახლა დაფიქრდით, რამხელა მოგებაა: რუსეთს ვცილდებით, ირგვლივ სულ ინგლისურენოვანი გარემოა, ტერიტორიულ მთლიანობასაც არაფერი ემუქრება და ამერიკის გარდა არავისთან არა გაქვს საზღვარი! პატარა საქმეა? ბურების ჩამოსახლებაც აღარ დაგვჭირდება. რაა ამასთან შედარებით რაღაც მთა-ბარი და ისტორიული ადგილები? ის ადგილები ხომ არსად არ მიდის? მეგობარი სახელმწიფოს გამგებლობაში იქნება და თუ ვინმეს ძალიან მოენატრება, წავიდეს და მოინახულოს. შეიძლება სპეციალური ტურებიც მოეწყოს, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ერთადერთი დაბრკოლება ამ გრანდიოზული პროექტის განხორციელებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და კერძოდ პრეზიდენტი ობამა. ეგ ხომ სოციალისტია და ტროცკისტი! თორემ ჩვენის პრეზიდენტს რომ ჭკუაში დაუჯდება, ძნელი მისახვედრი არ არის.

ამიტომ სანამ ობამაა ამერიკის პრეზიდენტი, ჯობია თავი შევიკავოთ და მოვიცადოთ, იმედია, გაისად ამერიკელი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და რომელიმე ღირსეულ რესპუბლიკელ მიშისტს აირჩევს. ამის შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკის საქმეა.

P. S. მე კი ვხუმრობ ჩემი მოკლე ჭკუით, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას რომ არ ეხუმრება, ისიც ვიცი და სანამ თვითონ მოსვლიათ რამე მსგავსი იდეა თავში, სჯობს ისევ მე ვთქვა. ეს ერთგვარი გარანტია მაინცაა იმისა, რომ არ იზამენ. თუმცა, ვაითუ და ისე მოეწონოთ, ოპოზიციიდან წამოსულ საღ აზრს ვითვალიწინებთო თქვან, მერე სად მივდივარ?


Monday, May 2, 2011

წარუმატებელნი და არაადექვატურნი

დაიბეჭდა ჟურნალში "დრო მშვიდობისა" №2. 2011.  

ფრაზაწარმატებაზე ორიენტირებულიპირველად ამ ხუთი წლის წინ გავიგე და მაშინვე მეხამუშა. თითქოსდა ამაში ცუდი რა არის, მაგრამ  ინგლისური success oriented -დან გადმოკოპირებულ ამ დახასიათებაში მაინც იყო რაღაც უჩვეულო. არა მარტო უცხო, არამედ ერთგვარად უსიამოვნოც.

მაშინ ძალიანაც არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს და მხოლოდ ამ ბოლო დროს გამახსენდა. ისიც იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად მესმის სხვადასხვა მისამართით: ”ლუზერი”, “წარუმატებელი”, “არაადექვატური”.. თითქოს თავისთავად იგულისხმება, რომ თუკი ვინმემ წარმატებას ვერ მიაღწია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. ესე იგი ვერ ივარგა, ვერ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველას აქვს, ვერ შედგა, ვერგაქაჩა.”  და აქ ასევე ავტომატურად იგულისხმება, რომ წარმატებულობა აბსოლუტური ღირებულებაა, თავისთავადი სიკეთე.

ისე საინტერესოა, რა არის წარმატება? ან, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რა ითვლება ჩვენს ქვეყანაში წარმატებად? ხელოვანს და სპორტსმენს არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ასე თუ ისე გასაგებია რაც არის, მაგრამ სხვა მხრივ როდის გქვია წარმატებული? როცა ბევრი ფული გაქვს, მაღალი თანამდებობა გიკავია, . . “ცნობილი სახეხარ, რაიმე პრემიის ლაურეატი, პრიზის მფლობელი თუ რა?   

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი არა ხარ, მაშინ დიდი შანსი გაქვს  “ლუზერისდამღა მოგეწებოს. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დაყოფა წარმატებულებად და წარუმატებლებად, ცოტა უფრო დაბალ დონეზე კიადექვატურებადდაარაადექვატურებად”, საკმაოდ გავრცელებული დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ამგვარ შეფასებებს იმდენად ხშირად ვაწყდები ყოველდღიურ ურთიერთობებში, მასმედიასა თუ სოციალურ ქსელებში, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ მოდურ ტენდენციასთანაც კი გვაქვს საქმე.




არ ვიცი, ვიღაცას ეს შეიძლება ბუნებრივად ეჩვენება. მიაჩნია რომ სწორია, ან სულაც თანამედროვე ყოფასთან შესაბამის, მოდერნიზებული საზოგადოების ატრიბუტად თვლის, “ამერიკაში ასეა”- პრინციპით.  ვიღაცას პირიქით, ქართველობის შელახვა და  მასონების და იეღოველების შემოგდებული ჰგონია, მაგრამ ეს სხვა თემაა. მორალურობისა და წარმატებულობის  ურთიერთმიმართება  უხსოვარი დროიდან  აქტუალური საკითხია. ამაზე ჯერ კიდევ პლატონი წერდა და ბუდა საუბრობდა. ძნელია აქ რაიმე ისეთი თქვა, რაც მანამდე მრავალჯერ არ თქმულა.

უბრალოდ, მე ვფიქრობ,  ბევრ სხვა ობიექტურ-სუბიექტურ მიზეზების გარდა, ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც მოქმედებს. ესაა წიგნიერების, უფრო ზუსტად, მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა დეფიციტი.

ლიტერატურა  რაღა შუაშიაო, გაგიკვირდებათ. მოგახსენებთ...

საერთოდ ვერ ვიტან დიდაქტიკურ დამოძღვრებს და არც მხატვრული ლიტერატურას ვუყურებ ასეთი უტილიტარული თვალთახედვით, მაგრამ უდაო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც სისტემატურად კითხულობს, ლიტერატურის გავლენას ვერ აცდება. ლიტერატურული სამყარო და ლიტერატურული პერსონაჟები მისთვის არანაკლები სინამდვილეა, ვიდრე  ის გარემო და ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიურად ურთიერთობს, ზოგჯერ შეიძლება უფრო ნამდვილიც.   

და თუკი რაიმეს აჩვევს და ასწავლის ადამიანს მხატვრული ლიტერატურა, ეს სწორედ ცხოვრებისგან დაჩაგრული, წარუმატებელი ლუზერების თანაგრძნობას. მარტო ამას არა, ცხადია, მაგრამ ამასაც. თან უსათუოდ.

რადგან შეუძლებელია გაიცნო და ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს ისეთი ლუზერების მიმართ, როგორიცაა ყველასგან მიტოვებული ლირი, მწუხარე სახის რაინდი დონ-კიხოტი ლამანჩელი, ნოტრ-დამის მეზარე ქვაზიმოდო, სასამართლო სისტემის მსხვერპლი იოზეფ ., ჭვავის ყანაში უფსკრულისკენ გაქცეული ჰოლდენ კოლფილდი, ან კიდევ ფოლკნერის კვენტინ კომპსონი თუ ოლდოს ჰაქსლის ველური, შექსპირის ციტატებით რომ მეტყველებს...     

ძალიან განსხვავებული ნაწარმოებები, ძალიან განსხვავებული პერსონაჟები, მაგრამ მათ რაღაც საერთოც აქვთ: ისინი ყველანი ლუზერები არიან, არაადექვატურები, გარემომცველ რეალობასთან შეუთავსებლები. და არა მარტო ისინი. ასეთები ლიტერატურის სამყაროში ძალიან ბევრნი არიან. ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა...      



და ადამიანი, რომელიც მათ იცნობს, რომელსაც მათთან ერთად უცხოვრია, მათთან ერთად გაუტარებია ის საათები თუ დღეები, რა დროც წიგნის წაკითხვისთვის დასჭირვებია, ვერასდროს შეძლებს ცივად და აგდებულად შეხედოს წარუმატებელს, ცხოვრებისგან გარიყულს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხატვრული ლიტერატურის სიყვარული უკლებლივ ყველას აკეთილშობილებს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ძლიერ უყვარს მხატვრული ლიტერატურა, თუნდაც უკიდურეს ცინიკოსად ჩამოყალიბდეს, სადღაც, გულის სიღრმეში მაინც ვერ გაიმეტებს მას ბოლომდე, ვერ ჩაუვლის გვერდზე გულგრილად, ან თუ ჩაუვლის, ის მაინც ეცოდინება, რომ რაღაც მიჰქარა. წიგნის სამყარო, სადაც მან თითქოს ჩატოვა თავისი თანაგრძნობის უნარი, აუცილებლად შეეხმიანება, თუნდაც არაცნობიერში და არ მოასვენებს, არ აღირსებს მშვიდად ჩასეირნების ფუფუნებას.

ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ განუცდია, ვისთვისაც უცხოა ის ვნებები, წიგნთა სამყაროში რომ დუღს და გადმოდუღს. ვისაც არ უნერვიულია ამ სამყაროს გმირების ბედზე, არ განუცდია მათი მარცხი და არ უზეიმია მათთან ერთად გამარჯვება. მახსოვს, ერთმა არცთუ უნიჭო და უინტელექტო ახალგაზრდამ მითხრა: მე საერთოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვა აუცილებლობად არ მიმაჩნია, ხოლო რუსეთს და ყველაფერ რუსულს იმდენად ვერ ვიტან, რომ დოსტოევსკი და ტოლსტოი წაკითხული არა მაქვს და არც ვთვლი საჭიროდო.

მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ამით ტოლსტოის და დოსტოევსკის  არაფერი აკლდება, ხოლო რაც შეეხება მას... და აქ უცებ გავაცნობიერე, რომ აზრი არა აქვს რაიმეს თქმას. ადამიანის ძალად ცხონება და რკინის ხელით სამოთხეში შეთრევა რომ არ გამოდის, ეს წმინდა ცხოვრებისეული თუ არა, ლიტერატურულ-ცხოვრებისეული გამოცდილებით ნამდვილად ვიცი. თან, არაა გამორიცხული ოდესღაც მაინც  წაცდეს ხელი და მისდა მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ თურმე შეიძლება ისეთ წარუმატებელ ტიპაჟსაც კი უთანაგრძნო, რომელიც მოხუც ქალს ნაჯახით მოკლავს. ძალიან სერიოზული სიურპრიზი იქნება მისთვის, რომელსაც ვერც კი აღიქვამს სიურპრიზად, იმდენად ბუნებრივად მოეჩვენება საკუთარი ემოცია.

და ბოლო დროის ალბათ ყველაზე დიდი წიგნი, ჯოან როლინგისჰარი პოტერი” .ჩემის ღრმა რწმენით, იმიტომაც გახდა მილიონობით მკითხველის საყვარელი საკითხავი, რომ ამ წიგნში ძალიან ჭარბად (და მაღალმხატვრულად აღწერილი) არის ის, რაც ასე აკლია ჩვენს ცინიზმით სავსე დროებას - მეგობრობის, სიკეთის, სიყვარულის, უანგარობისა და თანაგრძნობის ძალმოსილება. ამ მარადიული ღირებულებების აღმატებულება და უპირატესობა ყოველგვარ ძალაუფლებასა და მაგიურ უნარებთან შედარებით. აბა როგორ გინდა არ ამჯობინო რემუს ლუპინის, სირიუს ბლეკის, ლუნა ლავგუდის და ნევილ ლონგბოტომის ლუზერული ტიპაჟები წარმატებაზე ორიენტირებულ პერსი უიზლის თუ რიტა სკიტერს?  არათუ ამჯობინო, ასი თავით მაღლა არ დააყენო?..


არ ვიცი, შეიძლება ნამეტნავად ვაიდეალებ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც ძლიერ უყვარს მხატვრული ლიტერატურა, არასდროს არ დაყოფს სხვა ადამიანებს წარმატება-წარუმატებლობის ნიშნით, ან  შეიძლება რაღაც მომენტში დაყოს კიდეც, მაგრამ  მისთვის მაინც სხვა მახასიათებლები, სხვა ღირებულებები იქნება უფრო მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი.
 
ადამიანი, კი ვისთვისაც მხატვრული ლიტერატურის სამყარო უცხოა ან რაღაც შორეული და მეორეხარისხოვანი, გაცილებით ადვილია აქციო დამთრგუნველი სისტემის მორჩილ იარაღად, დაუდგინო სიქველის კრიტერიუმები, აცდუნო წარმატებულობის კერპით. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის ალბათობა ბევრად უფრო მეტია. თანაგრძნობის და სამართლიანობის მძაფრი განცდა .ხომ ყველას დაბადებიდან არ დაჰყვება. მხატვრული ლიტერატურის სამყარო კი ის ადგილია, სადაც დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, წარუმატებელნი და არაადექვატურნი  ხშირად ხდებიან შენი საუკეთესო მეგობრები და ცხოვრების  მეგზურები. თუკი ისინი შენში შემოვლენ, იქიდან ვერ წაშლი...

დაფიქრებულხართ, რატომ კრძალავენ დიქტატორული რეჟიმები წიგნებს? ესმით საგანი და იმიტომ...