დაიბეჭდა ჟურნალში "დრო მშვიდობისა" №2. 2011წ.
ფრაზა “წარმატებაზე ორიენტირებული” პირველად ამ ხუთი წლის წინ გავიგე და მაშინვე მეხამუშა. თითქოსდა ამაში ცუდი რა არის, მაგრამ ინგლისური success oriented -დან გადმოკოპირებულ ამ დახასიათებაში მაინც იყო რაღაც უჩვეულო. არა მარტო უცხო, არამედ ერთგვარად უსიამოვნოც.
მაშინ ძალიანაც არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს და მხოლოდ ამ ბოლო დროს გამახსენდა. ისიც იმიტომ, რომ საკმაოდ ხშირად მესმის სხვადასხვა მისამართით: ”ლუზერი”, “წარუმატებელი”, “არაადექვატური”.. თითქოს თავისთავად იგულისხმება, რომ თუკი ვინმემ წარმატებას ვერ მიაღწია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. ესე იგი ვერ ივარგა, ვერ გამოიყენა ის შესაძლებლობები, რაც, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველას აქვს, ვერ შედგა, ვერ “გაქაჩა.” და აქ ასევე ავტომატურად იგულისხმება, რომ წარმატებულობა აბსოლუტური ღირებულებაა, თავისთავადი სიკეთე.
ისე საინტერესოა, რა არის წარმატება? ან, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, რა ითვლება ჩვენს ქვეყანაში წარმატებად? ხელოვანს და სპორტსმენს არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ასე თუ ისე გასაგებია რაც არის, მაგრამ სხვა მხრივ როდის გქვია წარმატებული? როცა ბევრი ფული გაქვს, მაღალი თანამდებობა გიკავია, ე. წ. “ცნობილი სახე” ხარ, რაიმე პრემიის ლაურეატი, პრიზის მფლობელი თუ რა?
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, რომ თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი არა ხარ, მაშინ დიდი შანსი გაქვს “ლუზერის” დამღა მოგეწებოს. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დაყოფა წარმატებულებად და წარუმატებლებად, ცოტა უფრო დაბალ დონეზე კი ”ადექვატურებად” და “არაადექვატურებად”, საკმაოდ გავრცელებული დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. ამგვარ შეფასებებს იმდენად ხშირად ვაწყდები ყოველდღიურ ურთიერთობებში, მასმედიასა თუ სოციალურ ქსელებში, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ მოდურ ტენდენციასთანაც კი გვაქვს საქმე.

არ ვიცი, ვიღაცას ეს შეიძლება ბუნებრივად ეჩვენება. მიაჩნია რომ სწორია, ან სულაც თანამედროვე ყოფასთან შესაბამის, მოდერნიზებული საზოგადოების ატრიბუტად თვლის, “ამერიკაში ასეა”-ს პრინციპით. ვიღაცას პირიქით, ქართველობის შელახვა და მასონების და იეღოველების შემოგდებული ჰგონია, მაგრამ ეს სხვა თემაა. მორალურობისა და წარმატებულობის ურთიერთმიმართება უხსოვარი დროიდან აქტუალური საკითხია. ამაზე ჯერ კიდევ პლატონი წერდა და ბუდა საუბრობდა. ძნელია აქ რაიმე ისეთი თქვა, რაც მანამდე მრავალჯერ არ თქმულა.
უბრალოდ, მე ვფიქრობ, ბევრ სხვა ობიექტურ-სუბიექტურ მიზეზების გარდა, ამ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც მოქმედებს. ესაა წიგნიერების, უფრო ზუსტად, მხატვრული ლიტერატურის მოყვარულთა დეფიციტი.
ლიტერატურა რაღა შუაშიაო, გაგიკვირდებათ. მოგახსენებთ...
საერთოდ ვერ ვიტან დიდაქტიკურ დამოძღვრებს და არც მხატვრული ლიტერატურას ვუყურებ ასეთი უტილიტარული თვალთახედვით, მაგრამ უდაო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც სისტემატურად კითხულობს, ლიტერატურის გავლენას ვერ აცდება. ლიტერატურული სამყარო და ლიტერატურული პერსონაჟები მისთვის არანაკლები სინამდვილეა, ვიდრე ის გარემო და ის ადამიანები, ვისთანაც ყოველდღიურად ურთიერთობს, ზოგჯერ შეიძლება უფრო ნამდვილიც.
და თუკი რაიმეს აჩვევს და ასწავლის ადამიანს მხატვრული ლიტერატურა, ეს სწორედ ცხოვრებისგან დაჩაგრული, წარუმატებელი ლუზერების თანაგრძნობას. მარტო ამას არა, ცხადია, მაგრამ ამასაც. თან უსათუოდ.
რადგან შეუძლებელია გაიცნო და ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა არ გაგიჩნდეს ისეთი ლუზერების მიმართ, როგორიცაა ყველასგან მიტოვებული ლირი, მწუხარე სახის რაინდი დონ-კიხოტი ლამანჩელი, ნოტრ-დამის მეზარე ქვაზიმოდო, სასამართლო სისტემის მსხვერპლი იოზეფ კ., ჭვავის ყანაში უფსკრულისკენ გაქცეული ჰოლდენ კოლფილდი, ან კიდევ ფოლკნერის კვენტინ კომპსონი თუ ოლდოს ჰაქსლის ველური, შექსპირის ციტატებით რომ მეტყველებს...
ძალიან განსხვავებული ნაწარმოებები, ძალიან განსხვავებული პერსონაჟები, მაგრამ მათ რაღაც საერთოც აქვთ: ისინი ყველანი ლუზერები არიან, არაადექვატურები, გარემომცველ რეალობასთან შეუთავსებლები. და არა მარტო ისინი. ასეთები ლიტერატურის სამყაროში ძალიან ბევრნი არიან. ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა...

და ადამიანი, რომელიც მათ იცნობს, რომელსაც მათთან ერთად უცხოვრია, მათთან ერთად გაუტარებია ის საათები თუ დღეები, რა დროც წიგნის წაკითხვისთვის დასჭირვებია, ვერასდროს შეძლებს ცივად და აგდებულად შეხედოს წარუმატებელს, ცხოვრებისგან გარიყულს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხატვრული ლიტერატურის სიყვარული უკლებლივ ყველას აკეთილშობილებს, მაგრამ ადამიანი, რომელსაც ძლიერ უყვარს მხატვრული ლიტერატურა, თუნდაც უკიდურეს ცინიკოსად ჩამოყალიბდეს, სადღაც, გულის სიღრმეში მაინც ვერ გაიმეტებს მას ბოლომდე, ვერ ჩაუვლის გვერდზე გულგრილად, ან თუ ჩაუვლის, ის მაინც ეცოდინება, რომ რაღაც მიჰქარა. წიგნის სამყარო, სადაც მან თითქოს ჩატოვა თავისი თანაგრძნობის უნარი, აუცილებლად შეეხმიანება, თუნდაც არაცნობიერში და არ მოასვენებს, არ აღირსებს მშვიდად ჩასეირნების ფუფუნებას.
ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი არ განუცდია, ვისთვისაც უცხოა ის ვნებები, წიგნთა სამყაროში რომ დუღს და გადმოდუღს. ვისაც არ უნერვიულია ამ სამყაროს გმირების ბედზე, არ განუცდია მათი მარცხი და არ უზეიმია მათთან ერთად გამარჯვება. მახსოვს, ერთმა არცთუ უნიჭო და უინტელექტო ახალგაზრდამ მითხრა: მე საერთოდ მხატვრული ლიტერატურის კითხვა აუცილებლობად არ მიმაჩნია, ხოლო რუსეთს და ყველაფერ რუსულს იმდენად ვერ ვიტან, რომ დოსტოევსკი და ტოლსტოი წაკითხული არა მაქვს და არც ვთვლი საჭიროდო.
მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ამით ტოლსტოის და დოსტოევსკის არაფერი აკლდება, ხოლო რაც შეეხება მას... და აქ უცებ გავაცნობიერე, რომ აზრი არა აქვს რაიმეს თქმას. ადამიანის ძალად ცხონება და რკინის ხელით სამოთხეში შეთრევა რომ არ გამოდის, ეს წმინდა ცხოვრებისეული თუ არა, ლიტერატურულ-ცხოვრებისეული გამოცდილებით ნამდვილად ვიცი. თან, არაა გამორიცხული ოდესღაც მაინც წაცდეს ხელი და მისდა მოულოდნელად აღმოაჩინოს, რომ თურმე შეიძლება ისეთ წარუმატებელ ტიპაჟსაც კი უთანაგრძნო, რომელიც მოხუც ქალს ნაჯახით მოკლავს. ძალიან სერიოზული სიურპრიზი იქნება მისთვის, რომელსაც ვერც კი აღიქვამს სიურპრიზად, იმდენად ბუნებრივად მოეჩვენება საკუთარი ემოცია.
და ბოლო დროის ალბათ ყველაზე დიდი წიგნი, ჯოან როლინგის “ჰარი პოტერი” .ჩემის ღრმა რწმენით, იმიტომაც გახდა მილიონობით მკითხველის საყვარელი საკითხავი, რომ ამ წიგნში ძალიან ჭარბად (და მაღალმხატვრულად აღწერილი) არის ის, რაც ასე აკლია ჩვენს ცინიზმით სავსე დროებას - მეგობრობის, სიკეთის, სიყვარულის, უანგარობისა და თანაგრძნობის ძალმოსილება. ამ მარადიული ღირებულებების აღმატებულება და უპირატესობა ყოველგვარ ძალაუფლებასა და მაგიურ უნარებთან შედარებით. აბა როგორ გინდა არ ამჯობინო რემუს ლუპინის, სირიუს ბლეკის, ლუნა ლავგუდის და ნევილ ლონგბოტომის ლუზერული ტიპაჟები წარმატებაზე ორიენტირებულ პერსი უიზლის თუ რიტა სკიტერს? არათუ ამჯობინო, ასი თავით მაღლა არ დააყენო?..
არ ვიცი, შეიძლება ნამეტნავად ვაიდეალებ, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც ძლიერ უყვარს მხატვრული ლიტერატურა, არასდროს არ დაყოფს სხვა ადამიანებს წარმატება-წარუმატებლობის ნიშნით, ან შეიძლება რაღაც მომენტში დაყოს კიდეც, მაგრამ მისთვის მაინც სხვა მახასიათებლები, სხვა ღირებულებები იქნება უფრო მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი.
ადამიანი, კი ვისთვისაც მხატვრული ლიტერატურის სამყარო უცხოა ან რაღაც შორეული და მეორეხარისხოვანი, გაცილებით ადვილია აქციო დამთრგუნველი სისტემის მორჩილ იარაღად, დაუდგინო სიქველის კრიტერიუმები, აცდუნო წარმატებულობის კერპით. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის ალბათობა ბევრად უფრო მეტია. თანაგრძნობის და სამართლიანობის მძაფრი განცდა .ხომ ყველას დაბადებიდან არ დაჰყვება. მხატვრული ლიტერატურის სამყარო კი ის ადგილია, სადაც დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი, წარუმატებელნი და არაადექვატურნი ხშირად ხდებიან შენი საუკეთესო მეგობრები და ცხოვრების მეგზურები. თუკი ისინი შენში შემოვლენ, იქიდან ვერ წაშლი...
დაფიქრებულხართ, რატომ კრძალავენ დიქტატორული რეჟიმები წიგნებს? ესმით საგანი და იმიტომ...